ფეხბურთი

16:57 | 21.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშიას დაჯილდოვება “მსოფლიო სპორტში”

“მსოფლიო სპორტმა” გურამ კაშია დააჯილდოვა – როგორც 2013 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი ჩვენი საიტის მომხმარებელთა გამოკითხვით. ეს გამოკითხვა იანვრის ბოლოს დასრულდა, თუმცა რა თქმა უნდა, პრიზი უშუალოდ უნდა გადაგვეცა გურამისთვის. მარტში, ლიხტენშტაინთან მატჩის წინ ეს ვერ მოხერხდა, რადგან დროც არ იყო, გუნდი სათამაშოდ ემზადებოდა. ამჟამად კი კაშია თბილისშია, არდადეგები აქვს და დაჯილდოვებაც შედგა.

კაშია “მსოფლიო სპორტის” 2012 წლის საუკეთესო ფეხბურთელობასთანაც ახლოს იყო, თუმცა მაშინ თორნიკე ოქრიაშვილმა აჯობა. ამჯერად კი, არნემის “ვიტესისა” და საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა აჯობა ჯაბა კანკავასა (II ადგილი) და გიორგი ლორიას (III ადგილი).

ჩვენი რედაქცია რაც ამ გამოკითხვას ატარებს, გამარჯვებული ფეხბურთელის პირველ მწვრთნელს ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად ურიცხავს სტიპენდიას – 150 ლარს. ამ შემთხვევაში, წლეულს სტიპენდიას იღებს ლანჩხუთის “გურიას”, ქუთაისის “ტორპედოსა” და თბილისის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი, 69 წლის ზორბეგ ებრალიძე.

კაშიასთან ერთად, ჩვენთან ზორბეგ ებრალიძეც გახლდათ მოსული. სწორედ ებრალიძემ გაიტანა ერთადერთი გოლი ლონდონში, როცა თბილისის “დინამო” 1:5 დამარცხდა “ტოტენჰემთან”.

გურამმა პრიზის აღებისთანავე ისეთი რამ თქვა, რაც მის თავმდაბლობას ადასტურებს:  

“იცით, უკვე საკმაოდ მომიგროვდა ასეთი პრიზები, მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ: ვიმსახურებ? კაცი მე არ მომიტყუებია... უღრმეს მადლობას გიხდით თქვენც და იმ ადამიანებსაც, რომლებმაც დამაფასეს”.

ზორბეგ ებრალიძემ კაშიას ბავშვობა გაიხსენა:

“10 წლის იყო, როცა მისი მწვრთნელი გავხდი “ნორჩ დინამოელში”. თვალწინ მიდგას, როგორიც იყო. ალბათ, ერთადერთი გურამი გახლდათ გუნდში, რომელსაც აზროვნების და თამაშის წაკითხვის მხრივ მითითებები არ სჭირდებოდა. ჭკვიანურად თამაშობდა. იმ დროს ჯერ კიდევ არსებობდა ლიბეროს სისტემა და გურამი სწორედ ლიბერო იყო, მშვენივრად უძღვებოდა თამაშს. ცოტა მოქნილობა აკლდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ესეც გააუმჯობესა. ჩემი გამოცდილებით ვიცი და ისედაც ცნობილია, რომ მცველისთვის ოქროს ასაკი 27-33 წლამდეა. გურამს ოქროს წლები ახლა ეწყება. მადლობას გიხდით თქვენ, “მსოფლიო სპორტის” რედაქციას, კარგად ასრულებთ თქვენს საქმეს. ვიცით, რომ როგორც სხვა სფეროებში, არც თქვენ გილხინთ”.

გურამ კაშიასთან ვრცელი ინტერვიუ რამდენიმე დღის წინ შემოგთავაზეთ (http://worldsport.ge/ge/page/guram-kashia-guliani-kapitani), მის საკლუბო ამბებზე სიახლე არაა. 25 ივნისს გაფრინდება ჰოლანდიაში, 27-დან კი ვარჯიშები ეწყება “ვიტესში”, რომელიც გერმანიაში გაივლის შეკრებას.

კაშია საკმაოდ ხშირად ხვდება ჰოლანდიის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში და წლეულს (ისევე როგორც შარშან), ჰოლანდიის თითქმის ყველა ცნობილმა გამოცემამ შეიყვანა სეზონის სიმბოლურში. 2010 წელს, როცა თბილისის “დინამოს” კაპიტანი გახლდათ, “ვიტესში” გადავიდა და იქაც, ერთ წელიწადში კაპიტნის სამკლავური გადასცეს. 4 სეზონის განმავლობაში, გურამმა “ვიტესში” 125 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

ეროვნულ ნაკრებში გურამმა პირველად 2009 წელს ითამაშა, სტატისტიკა კი ასეთი აქვს: 27 მატჩი, 1 გოლი (ფინეთთან გასვლაზე). იმედია, ნაკრებში საუკეთესო თამაშები წინ აქვს.          

 

0.142572