ფეხბურთი

13:14 | 1.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშიას ბედნიერი კვირა: შვილი შეეძინა და დერბიც მოიგო

არნემის "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია მამა გახდა. მას რამდენიმე დღის წინ შეეძინა ქალიშვილი - "მსოფლიო სპორტი" ულოცავს ახალგაზრდა წყვილს, ახალშობილს კი ჯანმრთელობას, სიხარულსა და ბედნიერებას უსურვებს.

"ეს დიდი ბედნიერებაა. მამა გავხდი. თამაშის მერე, მაშინვე წავედი ბავშვის სანახავად" – ამბობს კაშია.

გურამისთვის იღბლიანი კვირა იყო: გარდა ამ მოვლენისა, "ვიტესმა" დერბი მოიგო "ნაიმეგენთან", თანაც, როგორ მოიგო – ბრაზილიელმა ლუკას პიაზონმა გადამწყვეტი გოლი 93-ე წუთზე გაიტანა. "ვიტესი" ჩემპიონატის პოტენციური ლიდერია, მხოლოდ ქულით ჩამორჩება ლიდერს და ერთი თამაში მარაგში აქვს.

"სიტყვებით ვერ აღვწერ, ისე გამიხარდა დერბის მოგება. 2:2 როცა გახდა, ბოლო წუთებში შტურმზე გადავედით, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ორჯერ ძელს მოვარტყით ბურთი, ბოლოს კი გავიტანეთ. დამსახურებულად ვიმარჯვეთ, რადგან მეტოქეს აშკარად ვაჯობეთ. ოთხშაბათს "დენ ჰააგს" ვხვდებით და შანსი გვაქვს, ლიდერები გავხდეთ. სამი წელია, რაც "ვიტესში" ვარ და ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე გვქონდა ლიდერობის შანსი, მაგრამ ვერ ვახერხებდით. ახლა გვეძლევა".

კაშიამ აღნიშნა, რომ ვილფრიდ ბონისა და მარკო ვან გინკელის შემცვლელები კარგად თამაშობენ:

"ლუკას პიაზონმა, ვაკო ყაზაიშვილმა და მიკე ჰავენაარმა მშვენივრად შეცვალეს ისინი. ჩვენ უკვე გათავისებული გვაქვს, რომ "დენ ჰააგის", ან "ნაიმეგენის" დონის გუნდებს უნდა მოვუგოთ. უკვე თამამად უნდა ითქვას, რომ ჰოლანდიაში ხუთეულის გუნდი ვართ და უფრო დიდი ამოცანების გადაჭრაც შეგვიძლია".

0.120463