საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მცველმა გურამ კაშიამ, “მსოფლიო სპორტთან” საუბრისას განაცხადა, რომ ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში, 7 სექტემბერს თბილისში ირლანდიის ნაკრებთან გასამართ მატჩში, მასპინძლებს უპირატესობა აქვთ.
გურამ კაშია: “კარგია, რომ შესარჩევი ჯგუფიდან სამი გუნდი გადის. ჩვენი მეტოქეების უმეტესობა იმ დონისაა, ვისთან მოგებაც შეიძლება. პირველ თამაშს სახლში ვატარებთ და უპირატესობა გვაქვს. კარგია, რომ გუნდი მატჩამდე ერთი კვირით ადრე შეიკრიბა, რადგან უკეთესად მოვემზადებით”.
- ჰოლანდიის ჩემპიონატში “ვიტესის” ცუდ სტარტს რით ახსნით?
- მართალია, ანგარიშები სხვას მეტყველებს, მაგრამ განვლილ მატჩებში ცუდად არ გვითამაშია. საერთოდ, ჩემპიონატის სტარტი ყოველთვის რთულია. მითუმეტეს, თამაში ისეთ გუნდებთან მოგვიწია, როგორიც “აიაქსი” და პსვ-ეა. თან, უიღბლობაც გვსდევდა. ზოგჯერ ისეთი გოლები გავუშვით, რომლებიც არ უნდა გასულიყო – “რიკოშეტები” და ა.შ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, მომდევნო თამაშებში იმდენ ქულებს დავაგროვებთ, რომ პირველ ექვსეულში ვიქნებით. კარგი გუნდი გვყავს.
- გულშემატკივრებმა გუნდზე გული ცოტა ხომ არ აიცრუეს?
- აიცრუეს და ამის საბაბი ჩვენ მივეცით. მედია გვაკრიტიკებს, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენი ბრალია. გამოსავალი უნდა ვიპოვოთ.
- როგორც “ვიტესის” კაპიტანს, არსებულ სიტუაციაში გამოსავლად რას მიიჩნევთ?
- კარგად ვთამაშობდით და ბევრ საგოლე მომენტებს ვქმნიდით. თუმცა, როგორც აღვნიშნე, იღბალი ჩვენს მხარს არ იყო. დარწმუნებული ვარ, ეს უიღბლობის პერიოდი ჩაივლის. გუნდში შესაცვლელი არაფერია. მე რეალისტი ვარ და ასე პოზიტიურად იმიტომ არ ვსაუბრობ, რომ “ვიტესში” ვთამაშობ.