ძიუდო

23:30 | 28.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

გუნდური უმედლობა

პარიზული მსოფლიოს ჩემპიონატი გუნდური პირველობით და მასპინძელთა ოქროს დუბლით დასრულდა. “ბერსის” დარბაზში შეკრებილმა ფრანგმა გულშემატკივრებმა ჯერ ქალთა ნაკრების გაჩემპიონებით გაიხარეს, შემდეგ კი მამაკაცების ტრიუმფით. საქართველოს ნაკრები კი შინ კინკილა ბრინჯაოთი ბრუნდება, რომელიც ინდივიდუალურ ჩემპიონატში ირაკლი ცირეკიძემ მოიპოვა.
გუნდურ პირველობაში პიტერ ზაიზენბახერის გაწვრთნილმა გუნდმა ოთხი შეხვედრიდან მხოლოდ ორი მოიგო. ძირითად ბადეში გერმანიის 3:2 ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში ასეთივე ანგარიშით წააგო სამხრეთ კორეასთან და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ჩინეთს უპრობლემოდ აჯობა - 5:0, “ბრინჯაოს ფინალში” კი იაპონიასთან 2:3 დამარცხდა და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.
გერმანიასთან და სამხრეთ კორეასთან ერთი და იგივე შემადგენლობა გავიდა ტატამზე. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზაიზენბახერმა ამირან პაპინაშვილი დააყენა, 73-ში – ნუგზარ ტატალაშვილი, 81-ში – ავთანდილ ჭრიკიშვილი, 90-ში – ვარლამ ლიპარტელიანი და +90-ში – ადამ ოქრუაშვილი.
პაპინაშვილმა და ტატალაშვილმა გერმანელ მეტოქეებთან იმარჯვეს, სამხრეთკორეელებთან კი დამარცხდნენ, ოქრუაშვილმა პირიქით, გერმანელთან დათმო შეხვედრა და სამხრეთკორეელს აჯობა, ჭრიკიშვილმა მოულოდნელად, ორივე ორთაბრძოლა წააგო და მხოლოდ ლიპარტელიანმა შეძლო ორჯერვე ქულის აღება, თან ერთმანეთზე უკეთესი წმინდა გდებებით.
ჩინეთთან დაპირისპირებისას წინა შეხვედრების ქართულ განაცხადს მხოლოდ ლიპარტელიანი და ოქრუაშვილი შემორჩნენ, პირველ სამ წონაში კი კიმონოები დავით ასუმბანმა, თენგიზ პაპოშვილმა და ლევან წიკლაურმა მოირგეს. ხუთივემ წარმატებულად იჭიდავა, თუმც რეპეშაჟის ფინალის წინ ზაიზენბახერმა ერთი ცვლილება მაინც განახორციელა, წიკლაური ისევ ჭრიკიშვილით ჩაანაცვლა. გაუმართლა კიდეც, მაშინ, როდესაც ანგარიში 2:0 იყო აზიელთა სასარგებლოდ, ჭრიკიშვილმა ტაკამაცუსთან გამარჯვებით გუნდს ბრინჯაოს მედლის შანსი შეუნარჩუნა. შემდეგ შეხვედრაში ლიპარტელიანი დაიკი ნიშიამას დაუპირისპირდა და ინდივიდუალურ პირველობაში განცდილი მარცხის გამო რევანშის აღება სცადა, მაგრამ მიზნის მიღწევაში ხელი ისევ გამძლეობის პრობლემამ შეუშალა. დამატებით დროში ნიშიამამ იმარჯვა და მესამე ადგილიც იაპონიას ერგო. ოქრუაშვილმა კი მხოლოდ პრესტიჟის ქულა აიღო გამოცდილ კეიჯი სუძუკისთან.
მეორე ბრინჯაოს მედალს სამხრეთ კორეა დაეუფლა, რუსეთის 4:1 ძლევით. ფინალში კი ფრანგებმა ბრაზილიელებს 3:2 სძლიეს.
ქალთა შორის, მასპინძლებმა გადამწყვეტ ბრძოლაში იაპონელებს აჯობეს, ხოლო კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე კუბელები და გერმანელები ავიდნენ.
 

ძიუდო
მსოფლიოს ჩემპიონატი
გუნდური ჩათვლა
პარიზი
28 აგვისტო


კაცები

1 საფრანგეთი
2 ბრაზილია
3 იაპონია
3 სამხრეთ კორეა
5 საქართველო

ქალები

1 საფრანგეთი
2 იაპონია
3 კუბა
3 გერმანია

ოთარ მაღლაკელიძე


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169699