სტატიები

16:25 | 4.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

გულშემატკივრობის კულტურა

გულშემატკივრობის თემა ფეხბურთში ძალიან აქტუალურია და ბავშვობიდან მოყოლებული, ფეხბურთის არაერთი მეტად ორიგინალური ფანი მინახავს. ამჯერად საუბარი კონკრეტულ პიროვნებებზეა არაა, არამედ ზოგადად ქომაგობის კულტურაზე, მათ დამოკიდებულებაზე საკუთარი ქვეყნის ნაკრების მიმართ და სტადიონსა თუ მის ფარგლებს გარეთ ქცევაზე. ევროპის ჩემპიონატზე უკრაინის სამ ქალაქში ვიყავი და ფინალის ჩათვლით, 7 მატჩზე მომიწია დასწრება. შესაბამისად, არაერთი ქვეყნის გულშემატკივარი ვნახე და შედარების საშუალებაც მქონდა.

ხარკოვში 10000-მდე ჰოლანდიელი ფანი იყო ჩამოსული, რომელთა უმრავლესობა ჟურავლიოვის სახელობის სკვერში გაშლილ კარვებში ცხოვრობდა. მასპინძლებმა ფანების განთავსებისთვის წინასწარ იზრუნეს. ჰოლანდიელ ქომაგებზე დადებითის გარდა, ვერაფერს ვიტყვი. მათი მხრიდან ქალაქში ადგილი არცერთ ინციდენტს ჰქონია. პირიქით, უკრაინელები ჯგუფ-ჯგუფად ქალაქში მოსიარულე ჰოლანდიელებთან, რომლებიც ლუდით გრილდებოდნენ, ფოტოებს სიამოვნებით იღებდნენ. “ნარინჯისფერთა” ფანები სტადიონზე მისვლას თამაშამდე ორი საათით ადრე იწყებდნენ და ერთ რამედ ღირდა, როგორ ასრულებნენ სპეციალურად მათთვის დაწერილ ჰიმნს. ჩემი აზრით, ჰოლანდიელი ფანების ჰიმნი საუკეთესოა სხვა ქვეყნების ნაკრებთა ქომაგების ჰიმნებთან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიამ ჯგუფში თამაში ვერ მოიგო, ფანების მხრიდან ობსტრუქციას ადგილი არ ჰქონია. პირიქით, ფეხბურთელებს უფრო ამხნევებდნენ და ცდილობდნენ მხარში ამოდგომოდნენ. არც ისეთ ვითარებას შევსწრებივარ, რომ ჰოლანდიის კარში გოლის გასვლის შემდეგ ფანებს ხმა არ ამოეღოთ. მეტიც, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან წაგების შემდეგ. როდესაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ გულშემატკივრების აზრით, პასუხი ასეთი იყო: “არა უშავს, წინ ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატი გველისო”. საგულისხმო ფაქტია, რომ უკრაინის ნაკრების მატჩების დროს, ხარკოვის ფანზონაში ბევრი ჰოლანდიელი უკრაინის ეროვნული გუნდის მაისურით მოდიოდა. მეტიც, ვიდრე ხარკოვს დატოვებდნენ, ჰოლანდიელბმა პლაკატი დაამზადეს და მადლობა გადაუხადეს ქალაქს ასეთი გულთბილი მასპინძლობისთვის.

გერმანელი ქომაგები ხარკოვში თამაშის წინა დღეს ჩამოვიდნენ და თავდაპირველად თითქოს ბევრნი არ ჩანდნენ, მაგრამ სტადიონზე საკმაოდ მრავლად აღმოჩნდნენ. გერმანელები ცივსისხლიანებად კი მიიჩნევიან, მაგრამ ჰოლანდიასთან თამაშის დროს მათ ფანებზე ამას ნამდვილად ვერ იტყოდი. “ნარინჯისფერთა” მხარდამჭერები კი ჭარბობდნენ, მაგრამ გერმანელებს ტოლი ნამდვილად არაფერში დაუდიათ. საგულისხმოა, რომ არაერთი ლიტრი ლუდის შესმის მიუხედავად, ჰოლანდიელების მსგავსად არც გერმანელების მხრიდან ყოფილა რაიმე გამოხდომები.

ინგლისელ ფანებზე ბევრი რამ მსმენია და 1996 წელს, თბილისში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში მათი ქომაგობა პირადად ვნახე, როდესაც დაახლოებით 1500-მა ბრიტანელმა ჩემდა სამწუხაროდ მასპინძელთა ხმა გადაფარა. მაშინ, საქართველომ 0:2 წააგო და ტრიბუნებიდან ქართველ ფეხბურთელებს გარდა იმისა, რომ ბევრი აგინეს, “ფანტასა” და “კოკა კოლას” ბოთლებიც სროლაც არ დააკლეს. “დონბას არენაზე” უკრაინა-ინგლისის მატჩის დროს, ინგლისელებმა რომლებიც ერთ სექტორში ისხნდნე აშკარად აჯობეს დიდ რიცხობრივ უპირატესობაში მყოფ უკრაინელებს. მართალია, “უკრაინა, უკრაინა” გაცილებით ომახიანად ისმოდა, მაგრამ დრო და დრო, როდესაც ბრიტანელები ორი ტაიმის განმავლობაში არ გაჩუმებულან. სხვათა შორის, ადგილობრივებს როდესაც ვესაუბრებოდი, ისინი თავად აღნიშნავდნენ, რომ უკრაინელ ფეხბურთის მოყვარულებს გულშემატკივრობის კულტურა ჯერ კიდევ სასწავლი აქვთ. მათი თქმით, როდესაც ნაკრები აგებს, მხარდაჭერის ნაცვლად ფეხბურთელებს მრავალფეროვანი გინება არ აკლიათ.

ესპანელი ქომაგების ცხელსისხლიანობა ყველასთვის არის ცნობილი. თუმცა, პირადად რასაც შევესწარი არც დონეცკში და არც კიევში მათ საზოგადოებრივი წესრიგი არ დაურღვევიათ. პირიქით, ადგილობრივების მიმართ კეთილგანწყობას არ მალავდნენ და მათთან ერთად ფოტოებსაც ხალისით იღებდნენ. თავად ვნახე სამი წელსზემოთ შიშველი ფანი, რომელთაც სხეული სვირინგებით ჰქონდათ სავსე, ტრავმაის მძღოლ ქალ როგორ ომახიანად მიესალმნენ. უკრაინაში, ტრავმაის ან ტროლეიბუსის მძღოლად სუსტი სქესის წარმომადგენლის ნახვა იშვიათობა ნამდვილად არ არის. მატჩების წინ ესპანელი ფეხბურთელები ქვეყნის ჰიმნს არ მღეროდნენ. ბუნებრივია, ამ ფაქტმა დამაინტერესა და შევეცადე გამერკვია მიზეზი. თურმე, გამომდინარე იქიდან, რომ ესპანეთის ეროვნულ გუნდში ზოგი კატალონიელია და ზოგი ბასკი, შეთანხმებულან რომ ჰიმნი არ ემღერათ. სამაგიეროდ, ეს მისია გულშემატკივრებმა იტვირთეს. ფინალის წინ, საგანგებოდ ჰყავდათ მიწვეული უკრაინელ მომღერალთა გუნდი ორივე ქვეყნის ჰიმნების შესასრულებლად. თუმცა, ხსენებულ გუნდს ესპანეთის ნაკრების ჰიმნი არ შეუსრულებია და მას ფანები მღეროდნენ გულმხურვალედ.

ირლანდიელების ქომაგობას პირადად არ შევსწრებივარ, მაგრამ ტელევიზორში ნანახმა მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ევროპის ჩემპიონატზე სხვადასხვა ქვეყნების ფანების შემხედვარე ვისურვე, რომ საქართველოს ნაკრების მხარდაჭერაც ასეთი იყოს და ეროვნულ სტადიონზე თუ “მიხეილ მესხზე” ისეთი სიჩუმე არ იყოს, როდესაც ბუზის გაფრენას გაიგებ. არადა, მსგავს ფაქტს არაერთხელ შევსწრებივარ. თუმცა, ბოლო პერიოდში ამ მხრივ დადებითი ძვრები შეინიშნება და კარგია, რომ ნაკრების მატჩების დროს ქომაგები ცდილობენ ორგანიზებულად მივიდნენ სტადიონზე, სადაც შეძლებისდაგვარად გუნდს მხარს უჭერენ. უკეთესი იქნება თუ მათი რაოდენობა გაიზრდება და სტადიონზე მისული გულშემატკივარი ორ ტაიმს მზესუმზირის ჭამაში ან მარტო თავისი გუნდის გინებაში არ გაატარებს. ბუნებრივია, ჩემი მიზანი ვინმესთვის აღმზრდელობითი სამუშაოს ჩატარება ან მენტორული ტონით საუბარი არაა. უბრალოდ, სურვილია რომ ქომაგობის კულტურა კიდევ უფრო უკეთესი იყოს.

დაბოლოს, ფინალზე ესპანეთის, იტალიის, უკრაინისა და პოლონეთის ნაკრებების ფანები, საკუთარი ქვეყნების სახელებს სკანდირებდნენ. უცებ, ერთმა რუსმა დასძახა: “როსია, როსია”, მაგრამ წინა მატჩებისგან განსხვავებით შეძახილი არავის აუტაცია და ფინალმაც პერმანენტული “როსია, როსიას” გარეშე ჩაიარა.
 

 

ლაშა თაბაგარი
 

0.134854