გულშემატკივრის სვეტი

11:02 | 2.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

გულდარდიანი მამა

 

-       დილა მშვიდობისა მუსიე ჟაკ. რაღაც ვერ ხართ გუნებაზე. თქვენი შვილი  - ალანი, კვლავ მოგზაურობაში რომ არ გაემგზავრა თქვენს დაუკითხავად?

-       არა, ამჯერად ჩემმა მეორე შვილმა – ლილიანმა გამანაწყენა. როგორ ჩანს, თქვენ ალბათ არ იცით, რომ ჩემმა ლილიანმა უეფაში დაიწყო მუშაობა...

-       ოოო... თქვენ ალბათ ხუმრობთ მუსიე... უეფაში სამსახური არ არის უბრალო ამბავი. იქ ხომ მთელი ევროპის საფეხბურთო გულისცემა ისმის. თან ხელფასებიც არ უნდა იყოს ურიგო.

-       სახუმაროდ ნამდვილად არ მაქვს საქმე არტურ. უეფაში მუშაობა სულაც არ არის სასიხარულო ამბავი. იქ ხომ ჭეშმარიტად საზარელი ბიუროკრატია სუფევს. განა თქვენ ისურვებდით შვილის გაბიუროკრატებას?!

-       ასე მკვეთრად რატომ ემიჯნებით უეფას ჩემო მეგობარო? განა ასეთი რა წყენა გახსოვთ ამ ორგანიზაციისაგან?

-       ალბათ გახსოვთ, შარშან ინგლისში რომ ვიმოგზაურე ორი თვით. იქაურმა მეგობრებმა ამიხილეს თვალი და მიმახვედრეს, რასაც წარმოადგენს ჩვენი თანამემამულეებით გადავსებული ეს ორგანიზაცია. უეფასადმი ეჭვებს თითქმის მთელი ევროპა გამოთქვამს და მხოლოდ ფრანგები ვართ ჩუმად. ასე არ შეიძლება მუსიე...

-       მაინც რა ეჭვებზე საუბრობთ?

-       ინგლისელები ამბობენ, რომ ფიფა და უეფა სავაჭრო კანტორებად იქცნენ და მსოფლიო და განსაკუთრებით კი ევროპულ ფეხბურთში კორუფციის გაზრდაც სწორედ მათი “დამსახურებაა.” ესეც არ იყოს, ინგლისელები უეფას შეუვალობასა და პრობლემებისადმი წაყრუებაშიც ადანაშაულებენ. გაიხსენებთ შემთხვევას, როდესაც უეფამ ბოლო პერიოდში ჩაწყობილი მატჩების საკითხი ბოლომდე გამოიძია?! ან, კორუფციაში გახვეული მსაჯების დასჯაზე რას მეტყვით?! აი სწორედ ამიტომ მატკინა გული ჩემმა უმცროსმა ვაჟიშვილმა, როდესაც უეფაში გადაწყვიტა მუშაობის დაწყება...

-       თავად ლილიანი რას ამბობს? მას გაუზიარეთ თქვენი შეხედულებები?

-       რასაკვირველია. ყველაფერი პირდაპირ მივახალე. ჩვენ ღირსეული გვარის წარმომადგენლები ვართ და არ მსურს, ჩემი შვილი მთელი ევროპის საგინებელი გახდეს. მაგრამ თანამედროვე ახალგაზრდების ამბავი ხომ იცით? წესიერად არც კი მომისმინა, დაჰკრა ფეხი და შვეიცარიაში გაქუსლა. ზეგ დიდი თათბირი აქვთ. ფეხბურთში კიდევ უფრო მეტი ფინანსების მიზიდვის საკითხი უნდა განიხილონ.

-       მერე რას ხედავთ ცუდს ფინანსების მოზიდვაში? ახლა არ თქვათ, ესეც უგვანო საქმეაო...

-       ბატონო არტურ, ფული ყველაფერში რომ საჭირო რამაა, ეს ჩემგან ნამდვილად არ გესწავლებათ, მაგრამ ერთი ასაკის ხალხი ვართ და ალბათ თქვენც გახსოვთ ძველი, ნამდვილი ფეხბურთი. მაშინ არავისზე ნაკლები ფეხბურთელები თამაშობდნენ და ფეხბურთიდან შემოსავალიც გვარიანი იყო, მაგრამ ასე გამუდმებულად და მანიაკურად ვინ საუბრობდა ფულზე? ახლა, ყველაფერი ფულამდე დაიყვანეს. ზოგიერთი კლუბის პრეზიდენტი ფეხბურთელებს შესაძლებობებით კი არა, უკვე მხოლოდ მისი საბაზრო ღირებულებით აფასებს. მე თუ მკითხავთ, სწორედ დიდმა ფულმა გააფუჭა თანამედროვე ფეხბურთი. თან ამითაც არ კმაყოფილდებიან და კიდევ უნდთ შემოსავლების გაზრდა. ჭეშმარიტად დიდ უსინდისობასთან გვაქვს საქმე!

-       მე ასეთი მკაცრი მაინც არ ვიქნებოდი მუსიე. თანამედროვეობა ასეთია და ჩვენ მაინც ვერაფერს შევცვლით.

-       თანამედორვეობა არ ვიცი მე... მე იმაზე მტკივა გული, რომ ჩემმა შვილმა პატიოსანი ადვოკატის კარიერას უეფაში მუშაობა არჩია. როგორც ჩანს, საერთოდ არც გესმით ჩემი...

0.120692