საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები 3-6 ნოემბერს კეიპთაუნში ჩასატარებელ მსოფლიოს ჩემპიონატზე 15-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გუგავამ სამხრეთ აფრიკაში წამსვლელთა სია “მსოფლიო სპორტს” დღეს დუშეთში დაუსახელა.
დასკვნითი მოსამზადებელი შეკრების დასრულებამდე 4 დღით ადრე, ახალგაზრდებმა საკონტროლო შეხვედრები ჩაატარეს, ოღონდ ამ ჭიდაობების შედეგებს ნაკრების დასაკომპლექტებლად მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. მწვრთნელმა მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადი დღევანდელი საკონტროლოების ჩატარებამდე შეავსო.
ერთი თვის წინ გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ნაჭიდავები 16 შეგირდიდან გია გუგავამ მსოფლიოს შემადგენლობაში 11 შეიყვანა. რა თქმა უნდა, ამ 11-ში მოხვდნენ ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ), ვერცხლის პრიზიორები ლერი ჭელიძე (55 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100 კგ) და ბრინჯაოსანი მიხეილ ჩოხელი (73 კგ). 8 წონითი კატეგორიიდან 4-ში - 55, 73, 90 და +100 კილოგრამებში - მწვრთნელმა ევროპირველობაზე ნაჭიდავებ შეგირდებს გამოუცხადა ნდობა. 100 კილოგრამი კი მთლიანად თავიდან დააკომპლექტა.
ახალწვეულთა შორის კი ჭაბუკთა ნაკრების წევრები ბექა ღვინიაშვილი (81 კგ) და გურამ თუშიშვილი (100 კგ) მოხვდნენ. შეგახსენებთ, ღვინიაშვილმა წლეულს ჭაბუკთა შორის რაც კი იჭიდავა, ყველაფერი მოიგო. გახდა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონი. თუშიშვილმა ევროპირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა, ოღონდ ორივეჯერ 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში.
“გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის კარგად მოემზადა. ბიჭები ოპტიმალურ ფორმაში არიან და შედეგიანობასაც ველით”, – უთხრა გუგავამ “მსოფლიო სპორტს”.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები
55 კგ - ლერი ჭელიძე და გიორგი მესაბლიშვილი
60 კგ - ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა გიუნაშვილი
66 კგ - ლაშა შავდათუაშვილი
73 კგ - მიხეილ ჩოხელი და ფრიდონ გიგანი
81 კგ - ბექა ღვინიაშვილი და შალვა ნინიძე
90 კგ - გიორგი მერმანიშვილი და გიორგი ქავთარაძე
100 კგ – გურამ თუშიშვილი და დავით მერაბიშვილი
+100 კგ - უშანგი კოკაური და ლევან მატიაშვილი
ოთარ მაღლაკელიძე







