სტატიები

20:05 | 22.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

გუჯა კახაძე: “მინდა, რომ ეს ქეცბაიამ იცოდეს...”

“ეს არის ფიზმომზადება დატვირთვების გარეშე, რომელიც მოკლე დროში ეფექტურ შედეგს იძლევა და ის, რისი გაკეთებაც წლების განმავლობაში ვერ ხერხდება, საკმაოდ მალე მოხდება ჩემთან სპეციალური კურსის მეშვეობით. მინდა, რომ ამის შესახებ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ იცოდეს, ვისთვისაც ჯერ ხმა არ მიმიწვდენია”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” გუჯა კახაძემ, რომლის სპეციალური კურსების შესახებ, ამ საიტის ბანერზეც წერია (მარჯვენა ქვედა მხარეს).
კახაძის თქმით, მან ამ მეთოდის შესწავლას 30 წელი მოანდომა და 8 წლის წინ მიიღო შედეგი, კერძოდ, მსუბუქი ვარჯიშით 35 დღეშიც  კი შეიძლება ისეთი ფიზმომზადების კურსების ჩატარება და შედეგის მიღება, როგორსაც მძიმე ვარჯიში იძლევა ერთი წლის განმავლობაში.  
გუჯა კახაძე: “არავისთვისაა ახალი, რომ ქართველი სპორტსმენები, ფიზმომზადების მხრივ საერთაშორისო ნორმებს ჩამორჩებიან, რის გარეშეც ძნელია წარმატებების მიღწევა. ეს, თემურ ქეცბაიასაც არაერთხელ აღუნიშნავს, არადა, ძალიან იოლად შეგვიძლია ამ პრობლემის მოგვარება. კერძოდ, ესაა მეთოდი, რომელიც 8 წლის წინ ვიცოდი, მაგრამ ისე ხდება, რომ არ სჯერათ ამ კურსის.
... ყოფილა შემთხვევები, როცა მეუბნებიან, შედეგს მშვენივრად ვხედავ, მაგრამ მაინც დაუჯერებელიაო. აი, მაგალითად, წლეულს ხორვატიასთან 1:0 გამარჯვებიდან სამ დღეში, ნაკრებს ისრაელში ჰქონდა მატჩი და დამარცხდა. ითქვა, გადაღლის ბრალი იყოო. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, ჩემი მეთოდი რომ ამემუშავებინა, არავითარი გადაღლა არ მოხდებოდა.
... შარშან აგვისტოში, კახა კალაძეს სისწრაფის მოსამატებელი კურის ჩავუტარე. მართალია, კახა თავიდან ეჭვით უყურებდა ამ მეთოდს, მაგრამ ფაქტი გამოჩნდა: კურსი 8 აგვისტოს შედგა და ერთ საათს გასტანა. ასევე აღმოჩნდა, რომ მუხლის ოპერაციის შემდეგ, ტკივილი ისევ აწუხებდა, საზარდული და აქილევსიც დაზიანებული ჰქონდა. მსუბუქად სირბილი უცებ აითვისა და ტრავმირებული ადგილებიც მოურჩა. კალაძემ 9 აგვისტოსაც ივარჯიშა ჩემთან, ორ დღეში კი, მოლდოვასთან ამხანაგურ მატჩში ითამაშა და მხნედაც გამოიყურებოდა.  
... ჰკითხეთ დავით მუჯირს. სანამ იაპონიაში წავიდოდა, მანამდე ვიმუშავე მასთან და შედეგიც სწრაფად მიიღო. ალბათ, გეხსომებათ, როგორ კარგად ათამაშდა თბილისის “დინამოში” გასული წლის ბოლო თვეებში. ის ჩემთან იმდენად კარგად გრძნობდა თავს, რომ ორჯერად ვარჯიშებზე გადავიდა და იაპონიაში წასვლის დღესაც მოვიდა. მუჯირს განსაკუთრებით წელი აწუხებდა. ორდღიანმა კურსმა ეს პრობლემა მოუხსნა და დღემდე აღარ გახსენებია. ერთხელ, აქილევსის მყესი დაიზიანა და კოჭლობდა, თუმცა ჩემთან მუშაობისას პირველივე ვარჯიშზე თავისუფლად სიარული შეძლო და 5 დღეში უკვე დარბოდა.  
... ეს უნიკალური მეთოდი მარტო ფიზიკურ კი არა, სწრაფი აზროვნების განვითარებასაც ხელს უწყობს. 90 პროცენტი, სწორედ ფსიქოლოგიურ მომზადებას ეთმობა, დანარჩენი კი მსუბუქ ფიზმომზადების ვარჯიშებს. ფეხბურთელებს ასევე ვასწავლი სწორად სუნთქვას, სითხის შევსებას, დანამატის გარეშე კვებას, სწორად დასვენებას, ძილის რეჟიმის მოწესრიგებას, სპეციალურ გაწელვებს, წონის კორექციას, სირბილისას მასაჟს, ტრავმის სწრაფ რეაბილიტაციას და ფსიქოლოგიურ კონტროლს.   
... მინდა ვთქვა ლევან ყენიას მდგომარეობაზეც. ხომ ყველას გული გვტკივა მის ასეთ გაუთავებელ ტრავმებზე... ლევანის პირველ ოპერაციამდე ორი წლით ადრე ვამბობდი, რომ სირბილის ის ტექნიკა, რასაც ლევანი იყენებდა, სერიოზულ ტრავმას გამოიწვევდა. რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ პირველივე ოპერაცია სწორად ჩატარდა. ნაოპერაციევს განკურნება დაიწყო, მაგრამ მიზეზი, რამაც ტრავმა გამოიწვია, უცვლელი დარჩა – არასწორი სირბილი. სამწუხაროდ, სანამ მიზეზს არ მოვიშორებთ, იგივე შედეგს მივიღებთ. ამიტომაც გახდა საჭირო მეორე და მესამე ქირურგიული ჩარევა.
... ლევანი მძიმედ და არასწორად დარბის. ამის გამოსასწორებლად მაქვს 8 ელემენტი. წარმოვიდგინოთ: სირბილის დროს გრუნტზე ფეხის დადგამ არის იგივე დარტყმა, ამისგან კი წარმოიშვება ტრავმა. სწორად სირბილი ნიშნავს დარტყმის ძალის მინიმუმამდე დაყვანას და იწვევს ორგანიზმის გაჯანსაღებას. ლევანის ფორმაში ჩაყენება 47 გაკვეთილში შეიძლება. თანაც, ისეთ ფორმაში, ჯერ რომ არ ყოფილა. საერთოდ, მეთოდს თანდათან ვხვეწდი და დღეს, 2 წლის შედეგს 47 დღეში ვიღებთ.
... შედეგი ყველასთან ვაჩვენე. ყოფილა შემთხვევები, ექიმებს ვერაფერი უშველიათ და ფეხბურთის მიტოვება გადაუწყვეტიათ ბავშვებს, მაგრამ ისინი მომირჩენია, საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ჩამიყენებია. თუმცა იცით, როგორ ხდება? მწვრთნელები მაინც თავს იკავებენ თანამშრომლობაზე. ის კი არა, ბავშვი ფეხბურთზე თუ დადის და ჩემთან კურსებს გადის, უცებ უმატებს. ამას უშლიან მწვრთნელები. ეტყობა, კონკურენტს ხედავენ ჩემში. არადა, კონკურენცია აქ არაფერ შუაშია.
... ჩემი მოსწავლეები მძიმე დატვირთვით შესასრულებელი მოძრაობების მსუბუქად შესრულებას სწავლობენ. ამიტომაცაა, არ იღლებიან.   
... საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას თანამშრომლობა შევთავაზე. მომისმინეს, განვიხილავთ და გაცნობებთო, მაგრამ პასუხი არ მომსვლია. ამიტომაც მინდა იცოდეს ამ მეთოდის შესახებ თემურ ქეცბაიამ.
... აქვე ვიტყვი, ფეხბურთის ფედერაციას ეროვნულ ნაკრებთან უხელფასოდ მუშაობა შევთავაზე. ახლაც ამ აზრზე ვარ და თუ შედეგი არ ექნებათ ფეხბურთელებს, იქით გადავიხდი ფულს”.     
ვნახოთ... იმედია, ამ ყველაფერს გამოხმაურება ექნება.
    

0.145146