გდანსკის ჯგუფური ტურნირის ბოლო თამაშის შემდეგ დავემშვიდობე ამ ზღვისპირა ქალაქს, უთენია გამოვფრინდით ვარშავაში და მეოთხედფინალისთვის მზადება დავიწყეთ. ჩემპიონატის დაწყებიდან პირველად მოხდა, რომ თავისუფალი დრო მქონდა და შემეძლო ქალაქი დამეთვალიერებინა, მაგრამ ვამჯობინე, "საძილე ბალანსი" შემევსო და პირველად ვიძინე 8 საათი! მართლაც ძნელი იყო, გაგეძლო 12 დღის განმავლობაში 8 გადაფრენისთვის, 12 ვარჯიშის, 12 პრესკონფერენციისა და 6 თამაშის მომსახურებისთვის, თანაც 3-4-საათიანი ძილის პირობებში.
ძილის შემდეგ, საღამომდე დრო კიდევ მქონდა, მაგრამ გულმა მაინც არ მომითმინა და სტადიონისკენ გავეშურე. ჩვენი სასტუმროდან იქამდე სულ კილომეტრნახევარია, ვინაიდან სამუშაო დღე არ იყო, ჯინსები მოვიცვი და ფეხით გავუყევი გზას. მაინტერესებდა, ვარშავული ცხოვრება ჩემპიონატის დღეებში. პოლონეთი ფეხბურთით ცხოვრობს-მეთქი, ვერ ვიტყვი, ისეთი განწყობა მქონდა, თითქოს ეროვნული ნაკრები ატარებდა საერთაშორისო თამაშს. წარმომიდგენია, საქართველოში ოდესმე თუ ჩატარდა მსგავსი დონის პირველობა, ალბათ, მთელი საქართველო ფეხბურთით ისუნთქებს. ჩვენ უფრო ემოციური და არტისტული ხალხი ვართ, უფრო დიდ დღესასწაულს შევქნიდით...
ვარშავაში, ხვალ, ჩეხეთისა და პორტუგალიის დაპირისპირებაა... პორტუგალიის არტისტულ გუნდს (რონალდუს თამადობით) თავდადებული ჩეხები დაუპირისპირდებიან. ჩემი არ იყოს, ორივე გუნდი ახლა გზაშია – ჩეხები ვროცლავიდან, პორტუგალელები კი პოზნანიდან მოემართებიან. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო თამაში იქნება, რადგან ორივე სხვადასხვა სტილის მიმდევარი გუნდია და თავისი კოზირები აქვთ. ჩეხებს უკვე ჩამოაკითხა პრაღიდან ტრავმამორჩენილმა როსიცკიმ და თუ ფორმაში იქნა, შეიძლება, ტოლიც არ დაუდოს რონალდუს. ჩემს გარდა, აქ კიდევ ერთი ქართველი - დავით ქლიბაძეც იქნება, მისი გვარი ვნახე სააკრედიტაციო სიაში.
ქალაქის ცენტრიდან იერუსალიმის ქუჩით წამოვედი და პრინც პონიატოვსკის ხიდზე გადმოვედი თუ არა, სტადიონიც წამოიმართა. კარგი ამინდია და მდინარე ვისლას ნაპირზე ზოგი თევზაობს, ზოგი ირუჯება... სკურპულოზური გაჩხრეკის შემდეგ, სტადიონზევე მდებარე პრესის სამუშაო ვეება სათავსოში შევედი. სულ 4-5 ჟურნალისტი იჯდა და კომპიუტერს ჩაჰკირკიტებდა. დარბაზში ისეთი სიჩუმე სუფევდა, კომუნისტებისდროინდელ თბილისის საჯარო ბიბლიოთეკაში გეგონებოდა თავი. ამ საფეხბურთო გარემოში ეს სიჩუმე რაღაცნაირად მიუღებელი იყო ჩემთვის და გადავწყვიტე იდილია დამერღვია – იუთუბში შევედი და ჩემი საყვარელი სიმღერა, მამაო თავმას ჩოხელის ბრწყინვალე ლექსზე შექმნილი "გუდამაყრელი" ჩავრთე, რომელსაც ჩემი მეგობარი კახა მანგოშვილი და ფანდურზე უზადო მკვრელი, "ფანდურა" ასრულებენ. რეაქცია შოკისმაგვარი იყო, წერა ყველამ შეაჩერა და ჩემსკენ მოიხედა. განსაკუთრებით ერთი შავგვრემანი ჟურნალისტი დაინტერესდა – სადაური სიმღერააო?
- ქართულია, მე გურჯი ვარ-მეთქი.…
- აა, გურჯი ხარო? მე ალჟირიდან ვარ, ფარიდი მქვია და ორენოვან გაზეთ “ლაბიტაღის” (მეგოლის) კორესპონდენტი ვარ, გურჯების ამბავი კი ვიცი, ჩვენთან ისტორიულად ბევრი გურჯი მამლუქი ცხოვრობდა, მათი საფლავები ახლაც გამოირჩევა გრანდიოზულობით, მე-19 საუკუნეში ქართველი მამლუქი მართავდა ალჟირს და ეგვიპტელი და ჩვენი ხალხი ესპანელებისა და ფრანგების წინააღმდეგ გურჯი ფაშას წინამძღოლობით იბრძოდნენო!
მართალი იყო ფარიდი, 300 წელი აფრიკის ჩრდილოეთს ხომ სწორედ ქართველები განაგებდნენ – ეგვიპტე თურქებისგან სამეგრელოდან მოტაცებულმა მამლუქმა ალი ბეი გურჯმა გაათავისუფლა, იბრეიმ ბეი შინჯიკაშვილით კი, არა მატო ეგვიპტელებმა და ალჟირელებმა, ქართველებმაც უნდა ვიამაყოთ – აფრიკის ჩრდილოეთის მფლობელი ცხენზე ამხედებული ხმლით ხელში ებრძოდა ნაპოლეონის უზადოდ გაწვრთნილ ჯარებს და დიდ კორსიკელს ათქმევინა – მომეცით ეს ერთი მუჭა ხალხი და მსოფლიოს დავიპყრობო! იბრეიმ ბეიმ საკუთარ სოფელში (მარტყოფიდან მოუტაცებიათ ბავშვობაში) ეკლესიის ასაშენებელი ფულიც კი გამოუგზავნა თავის ძმას...
უეფას მედია-ოფიცერი მამუკა კვარაცხელია, სპეციალურად worldsport.ge-სთვის, გდანსკიდან
ავტორის ფოტო