რაფა ნადალი გრუნტის საფარიან კორტზე ძალიან ძლიერად რომ ასპარეზობს, ამას მშრალი სტატისტიკაც ღაღადებს. მოგეხსენებათ, ამჟამად რაფა მონტე კარლოს “მასტერს1000”-ზე გამოდის და დღევანდელ მერვეფინალში იტალიელ ანდრეას სეპის 6:1, 6:3 “გაუსწორდა”. ნადალმა 321-ე მატჩი ჩაატარა გრუნტის საფარიან კორტზე და საიუბილეო, მესამასე შეხვედრა მოიგო. მართლაც შთამბეჭდავი შედეგია!
სეპისთან დაპირისპირებას რაც შეეხება, აპენინელის წინააღმდეგობის დაძლევას მალიორკელმა საათი და 14 წუთი მოანდომა, 5 ბრეიკი, 2 ეისი განახორციელა და ანდრეასთან პირადი შეხვედრების ანგარიში 5:1 გახადა.
მეოთხედფინალში ნადალი თანამემამულე დავიდ ფერერს დაუპირისპირდება. ვალენსიელმა მერვედფინალში ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს 6:4, 6:2 მოუგო.