რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის 31-ე ტურში, გიორგი დარასელიას მიერ გაწვრთნილმა ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ” შინ “ხიმკის” 4:1 სძლია და მასპინძელთა შემადგენლობაში ორი გოლი ქართველებმა გაიტანეს.
სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა შოთა გრიგალაშვილმა 52-ე წუთზე ანგარიში 3:0 გახადა, ხოლო 65-ეზე საბოლოო წერტილი გოჩა ხოჯავამ დასვა. პირველი მათგანი 75-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორე – 68-ეზე. აქვე გეტყვით, რომ ამ ტურამდე მიმდონარე სეზონში რუსეთის პირველ დივიზიონში გოლი არცერთს გაეტანა.
გიორგი ნავალოვსკიმ 90 წუთი ითამაშა, ხოლო ლაშა სალუქვაძე და ოთარ მარცვალაძე განაცხადში არ იყვნენ. “სკა-ენერგიას” 49 ქულა აქვს და 17 გუნდში მე-3 ადგილზეა, რაც პრემიერლიგაში გადავსლისთვის პლეი ოფში ბრძოლის საშუალებას აძლევს.
უზბეკეთის უმაღლესი ლიგის მე-7 ტურში, ტაშკენტის “ფახთაქორმა” ჯიზახში “სოგდიანას” ვერ აჯობა – 0:0. ტაშკენტელებს შეუცვლელად უკაპიტნა კახა მახარაძემ. მოქმედ ჩემპიონ “ფახთაქორს” 10 ქულა აქვს და 14 გუნდში მე-6 ადგილზეა.
“ბუხარამ” ტაშკენტში “ბუნიოდკორთან” 0:4 წააგო. სტუმართა რიგებში გიორგი კვესიეშვილმა პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა. “ბუხარა” 9 ქულით მეცხრეა.
ბელარუსის პრემიერლიგის მე-7 ტურში, ბრესტის “დინამომ” “მინსკთან” სტუმრად ქულა ვერ აიღო – 0:3.
ბრესტელთა შორის დათა სიჭინავა მოედანზე პირველი წუთიდან იყო და 45-ე წუთზე შეცვალეს. უჩა გოგოლაძე სათადარიგოთა სკამზე ჯდომით შემოიფარგლა, ხოლო ოთარ ჩაფიძე სამატჩო განაცხადში არ იყო. “დინამოს” 4 ქულა აქვს და 12 გუნდში, ბოლოსწინა ადგილზეა.
პორტუგალიის ლიგა დე ონრას (პირველი ლიგა) 39-ე ტურში, “ოლივეირენსემ” , რომელშიც ავთო ებრალიძე გამოდის, საკუთარ მოედანზე “ავეშთან” 1:2 წააგო.
ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს. “ოლივეირენსეს” 57 ქულა აქვს და 22 გუნდში მე-7 ადგილზეა.
შვეიცარიის ჩელენჯლიგის 30-ე ტურში, “ბელინცონამ” “კიასო” მიიღო და 1:3 წააგო. მასპინძელთა სასტარტოში იყო გიორგი ივანიშვილი, რომელიც 78-ე წუთზე შეცვალეს. “ბელინცონას” 59 ქულა აქვს და 10 გუნდში მეორეა.
გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის 32-ე ტურში, “ზანქტ პაულიმ” გასვლაზე “დუისბურგთან” 0:0 ითამაშა. სტუმართა 18-კაციან განაცხადში იყო აკაკი გოგია, მაგრამ თამაში არ მოუწია. “ზანქტ პაულის” 37 ქულა აქვს და 18 გუნდში მეთოთხმეტეა.
ყაზახეთის პრემიერლიგის მე-9 ტურში, “ატირაუმ”, სადაც გიორგი ფეიქრიშვილი ირჯება, გასვლაზე ომარ თეთრაძის მიერ გაწვრთნილ “ჟეტისუს” 1:0 სძლია. სტუმართა სასტარტოში თამაშობდა გიორგი ფეიქრიშვილი, რომელიც 71-ე წუთზე შეცვალეს. “ატირაუს” 13 ქულა აქვს და 12 გუნდში მეოთხეა, ხოლო “ჟეტისუ” 8 ქულით მეთერთმეტეა.
“ორდაბასი”, რომლის რიგებშიც დავით ჩაგელიშვილი ირიცხება, “ვოსტოკთან” სტუმრად 1:2 დამარცხდა. ქართველი თავდამსხმელი 18-კაციან განაცხადში არ იყო. “ორდაბასი” 10 ქულით მე-9 პოზიციაზეა.
ფინეთის იუკონენლიგის მე-2 ტურში, “კაიაანიმ”, სადაც კახა სამსონია ირჯება, თავის მოედანზე “ჰაკასთან” 2:2 ითამაშა. ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე შეცვალეს.
ამავე ტურში, “კოოტეეპეემ”, რომელშიც გიორგი ოსიტაშვილი თამაშობს, შინაურ კედლებში იპპო-ს 3:0 აჯობა.
ესტონეთის მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) მე-9 ტურში, “პაიდემ” ტალინში ადგილობრივ “კალევთან” 0:4 წააგო. დამარცხებულთა სამატჩო განაცხადში თენგიზ ეთერია არ იმყოფებოდა. “პაიდეს” 9 ქულა აქვს და 10 გუნდში მე-5 ადგილზეა.