ფეხბურთი

23:16 | 26.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალაშვილის დუბლი აელ-თან, ხუმარაშვილის გოლი ლატვიაში

შოთა გრიგალაშვილმა დუბლი მიითვალა აელ-“ანორთოსისის” მატჩში (4:3) და კვიპროსის ჩემპიონატში 6 გოლი მოუგროვდა. შოთამ აელ-თან 22-ე წუთზე გაიტანა პირველი გოლი, რითაც თავისიანები 2:1 დააწინაურა, ხოლო მე-60-ზე 3:3 გახადა ანგარიში, თუმცა “ანორთოსისი” მარცხს მაინც ვერ გადაურჩა. გრიგალაშვილის გუნდი მეექვსე ადგილზეა, აელ-ი კი ლიდერია.

ლატვიაში “დაუგავამ” გასვლაზე 1:0 აჯობა “დაუგავპილსს” და ეს ერთადერთი გოლი ქართველმა მცველმა გიორგი ხუმარაშვილმა გაიტანა 77-ე წუთზე. “დაუგავაში”, ხუმარაშვილის გარდა, ბიძინა ცინცაძემ და გიორგი ჩიხრაძემაც ითამაშეს.

იტალიის სერია ბ-ში “ემპოლიმ” შინ 2:0 სძლია “სპეციას” და მეორე ადგილზეა. ირაკლი შეყილაძე სათადარიგო გახლდათ, ხოლო ლევან მჭედლიძე განაცხადში არ იყო, რადგან 3 დღის წინ დაიწყო გუნდთან ერთად ვარჯიში.

მეორე ბუნდესლიგაში “ფორტუნამ” შინ 4:0 სძლია აუე-ს და მეშვიდე საფეხურზეა. ლევან ყენია, რომელსაც კარგა ხანი საერთოდ არ ჰქონდა ნათამაშები, 86-ე წუთზე შევიდა მინდორზე. როგორც უკვე ვწერდით, ზაფხულში ყენიას სხვა გუნდში გადასვლა გადაწყვეტილია.

პოლონეთში “იაგელონიამ” შინ 4:3 სძლია “პიასტს” და მეცხრე ადგილზეა. “იაგელონია” საუკეთესო 8 გუნდს შორის ვერ მოხვდა, ქვედა ზონაში კი გავარდნა არ ემუქრება. გიორგი ფოფხაძემ შეუცვლელად ითამაშა და ერთი საგოლე პასიც გააკეთა – ეს მისი მეხუთე საგოლე პასია სეზონში, რაც მარცხენა მცველებს შორის, პოლონეთში სეზონის საუკეთესო შედეგია.  რაც შეეხება ნიკა ძალამიძეს, ის სასტარტოში გახლდათ და 66-ე წუთზე შეცვალეს.

0.115473