ძიუდო

21:10 | 17.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრან პრის ქართული სამზადისი ბაზალეთში სრულდება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები თბილისის გრან პრისთვის მოსამზადებელ დასკვნით შეკრებას ბაზალეთის ტბაზე მდებარე კომპლექსში გადის. მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ სპორტის სასახლის ტატამზე გასაყვანი 28-კაციანი შემადგენლობა ახლახან დაასახელა. შეკრებაზე კი განაცხადში შეყვანილი სპორტსმენების გარდა, ნაკრების სხვა კანდიდატებიც იახლა.

ეროვნული გუნდის დღევანდელ ვარჯიშს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი დაესწრო. მან ძიუდოისტებს მომავალ ტურნირზე წარმატება უსურვა და ოფიციალური კომენტარიც გააკეთა.

"ძიუდოში ამ რანგის ტურნირს პირველად ვატარებთ და ცხადია, კარგად ვგრძნობთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ დაგვაკისრა. გრან პრისთვის ინტენსიურად ვემზადებით და ვფიქრობ, როგორც სპორტული, ისე საორგანიზაციო კუთხით თავს წარმატებულად გავართმევთ. საქართველოს ნაკრები სპორტის სასახლის ტატამზე უძლიერესი შემადგენლობით გავა და იმედია, ფავორიტიც იქნება” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ლევან ყიფიანმა.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ კი აღნიშნა, რომ გუნდი მომავალ ტურნირს საუკეთესო ფორმაში ვერ ხვდება, რაც სრულიად კანონზომიერია:

“მთავარ გათვლას ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ვაკეთებთ. ფორმის პიკს ძიუდოისტებმა სწორედ ამ ორ შეჯიბრებაზე უნდა მიაღწიონ, თუმცა ეს არ ნიშნავს, თითქოს თბილისის გრან პრის მოუმზადებლები ვხვდებოდეთ. ბაზალეთამდე ოთხი შეკრება გავიარეთ, საერთაშორისო ტურნირებზეც გამოვედით და გუნდი საკმაოდ კარგად გამოიყურება. რაც მთავარია, ბიჭები ძალიან მოტივირებულები არიან და იმედია ეს შედეგიანობაზეც აისახება. ბაზალეთის შეკრებას ოთხშაბათს დავასრულებთ. ხუთშაბათს კი თბილისში, სასტუმრო “ბატესტაში” დავბინავდებით” – განაცხადა უზნაძემ.

ნაკრების ექიმმა გიორგი მგელაძემ გრან პრის სიაში შეყვანილ ძიუდოისტთა ტრავმების შესახებ მოგვაწოდა ამომწურავი ინფორმაცია.

“ლევან მატიაშვილს (+100 კგ) დიუსელდორფის გრან პრიზე ნატკენი ფეხი ჯერ ბოლომდე არ მოუშუშებია და მაქსიმალურად არ ვტვირთავთ. ამიტომ, დღეს არ ვავარჯიშეთ. ლიპარტელიანს კი პარიზის გრანდ სლემზე მიღებულმა ტრავმამ ორიოდ დღის წინ, ვარჯიშისას შეახსენა თავი და ჯერ ძნელი სათქმელია, გამაყუჩებლის გარეშე შეძლებს თუ ვერა ჭიდაობას. იმედია პრობლემა არ შეექმნება” – გუნდის ექიმმა.

თავად ლიპარტელიანმა აღნიშნა, რომ ქართველი მაყურებლის თვალწინ ჭიდაობის დიდი სურვილი აქვს და მთავარია, ხელი ტრავმამ არ შეუშალოს. მოკლე კომენტარი ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმაც (66 კგ) გააკეთა, რომელიც თბილისურ ტურნირზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში იჭიდავებს.

“ამ რანგის შეჯიბრებას საქართველო პირველად მასპინძლობს და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული შემართებით ვემზადებით. მე კი მოგეხსენებათ, ახალ წონაში გადავედი და ვცდილობ ნელ-ნელა შევეჩვიო. იმედია თბილისის გრან პრიზე კარგად ვიჭიდავებ” – უთხრა შავდათუაშვილმა “მსოფლიო სპორტს”.

ხვალ ლიპარტელიანი და შავდათუაშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნით, დამწყები ძიუდოისტებისთვის მასტერ კლასს ჩაატარებენ.

საერთაშორისო ფედერაციის პირველი დელეგაცია თბილისში ამაღამ ჩამოფრინდება. უცხოური ნაკრებები კი საქართველოს 19 მარტიდან ესტუმრებიან. ბაზალეთის სპორტკომპლექსში ქართველ ძიუდოისტებთან ერთად ვარჯიშებში მონაწილეობას ფრანგები და რუსებიც იღებენ დაახლოებით ათ-ათკაციანი გუნდებით, მაგრამ როგორც შევიტყვეთ, მომავალ ტურნირზე გამოსვლა მათ გეგმაში არ შედის.

შეგახსენებთ, გრან პრი თბილისის სპორტის სასახლეში 21-23 მარტს გაიმართება.

0.115863