ძიუდო

22:12 | 21.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრან პრი არაქართულად დაიწყო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, დიუსელდორფის გრან პრიზე საჭიდაოდ 10 სპორტსმენით ჩავიდა და ორმა მათგანმა უკვე დაასრულა ტურნირზე გამოსვლა. დღეს მედლები 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდა. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდის წევრთაგან, ტატამზე ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) და შალვა ქარდავა (66 კგ) გავიდნენ და ორივე საწყის ეტაპზევე დამარცხდა.

ლუხუმ ჩხვიმიანი წილისყრამ პირველ წრეში დაასვენა. მეორეში, ასევე დასვენებულ ყაზახ იელდოს სმეტოვს დაეჭიდა და ოთხ წუთში ორჯერ დავარდა ვაზარზე. მეორე გდებამდე ორიოდ წამით ადრე, სმეტოვმა წესების დარღვევით ილეთის წამოწყება სცადა, რაც შეიძლებოდა შეხვედრიდან მოხსნად დაჯდომოდა, მაგრამ ტატამის მსაჯმა დარღვევა არ დააფიქსირა. მისი პოზიცია, ვიდეოჩანაწერის ნახვის შემდეგ, მსაჯთა მაგიდამაც მოიწონა და ქართველი ძიუდოისტი მერვედფინალს მიღმა დარჩა.

შალვა ქარდავამ გრან პრი ბელარუსი დიმიტრი შერშანის იუკოთი ძლევით გახსნა, მაგრამ ებრაელ ტალ ფლიკერთან დაჭიდებისას, საფინალო სირენამდე 11 წამით ადრე ბეჭებზე დავარდა. იმ მომენტში, ქარდავა ერთი გაფრთხილებით აგებდა და რისკი წამგებიან კონტრ-ილეთად დაუჯდა.

60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში, პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე იაპონელი ძიუდოისტები ტორუ შიშიმე და მასაში ებინუმა ავიდნენ.

მედლების დარჩენილი 5 კომპლექტი შაბათ-კვირას გათამაშდება. ხვალ, საქმეში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ჩაერთვება, რომელმაც ლონდონში 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში იმარჯვა. ამჯერად კი ახალ წონაში, 73 კილოგრამში დასამკვიდრებლად იწყებს ბრძოლას. გრან პრიზე მისი პირველი მეტოქე ამერიკელი ნიკოლას დელპოპოლო იქნება.

დიუსელდორფში საქართველოს დროშის ქვეშ ასევე იჭიდავებენ: უშანგი მარგიანი (81 კგ), ზვიად გოგოჭური, ბექა ღვინიაშვილი (ორივე 90 კგ), ალექსანდრე მსხალაძე, ნოდარ მეტრეველი (100 კგ), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ).

უშანგი მარგიანი ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთვება. იქამდე კი, მასთან დასაჭიდებლად ერთმანეთს კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესი და გაბერძენებული ქართველი რომან მასტოპულოსი დაუპირისპირდებიან. გოგოჭურის პირველ მეტოქეს უზბეკი კამოლოდინ ხოლმამატოვისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების მოლდოველი წევრის, მიხაილ მარკიტანის შეხვედრა გამოავლენს. ღვინიაშვილი გრან პრის გერმანელ აარონ ჰილდებრანდთან დაჭიდებით გახსნის, მსხალაძე - იაპონელ ტაცუკი მასუბუჩის შეხვდება, მეტრეველი - გერმანელ დინო პფაიფერს, მატიაშვილი - კუბელ ოსკარ ბრისონს, ოქრუაშვილი კი, გერმანელ პიერ ბორკოვსკისა და სლოვენიელ მატიას სერაჟს შორის საუკეთესოს.

გრან პრის ჩემპიონები, ოქროს მედალთან ერთად, 300 სარეიტინგო ქულას მიიღებენ, ვერცხლის პრიზიორები – 180-ს, ბრინჯაოსნები – 120-ს, ხოლო რეპეშაჟის ფინალში წაგებულები – 60-ს.

 

ძიუდო

დიუსელდორფის გრან პრი

21 თებერვალი

 

60 კგ

1 ტორუ შიშიმე (იაპონია)

2 იუმე ოშიმა (იაპონია)

3 არსენ გალსტიანი (რუსეთი)

3 ვინსენტ ლიმარე (საფრანგეთი)

 

66 კგ

1 მასაში ებინუმა (იაპონია)

2 რენე შნაიდერი (გერმანია)

3 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღოლეთი)

3 ალიმ გადანოვი (რუსეთი)

0.154173