ფეხბურთი

12:30 | 9.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

გორს სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დომენტი სიჭინავა სტუმრობდნენ

 

 ოთხშაბათს გორში ცენტრალურ სტადიონზე საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი შეიკრიბა გორის „დილას“ მხარდასაჭერად. უნდა აღინიშნოს, რომ აქ გახლდნენ სპორტის მინისტრი ბატონი ლევან ყიფიანი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი დომენტი სიჭინავა, ვიცე-პრეზიდენტი ბატონი რევაზ არველაძე.

ასევე იმყოფებოდნენ მაჟორიტარი-დეპუტატი ბატონი სოსო ვახტანგაშვილი, ქალაქის გამგებელი ბატონი პაპუნა კობერიძე და სხვა საპატიო სტუმრები. ისინი შეხვდნენ კლუბის ხელმძღვანელობას და ფეხბურთელებს, შემდეგ გადმოინაცვლეს საპრესკონფერენციო დარბაზში.

პრესკონფერენცია ძალიან საინტერესოდ წარიმართა, ჟურნალისტების მხრიდან დასმული იქნა ყველა ის შეკითხვა, რაც კლუბის მომავალთან იყო დაკავშირებული. აღსანიშნავია ისიც, რომ გუნდთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სპორტის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც, რომლებმაც გამოხატეს საკუთარი თანადგომა კლუბის მიმართ.

შეხვედრის დამთავრების შემდეგ, ყველა იმედით ტოვებდა ცენტრალურ სტადიონს, რაც ჩვენც ოპტიმიზმით აღგვავსებს, რომ ყველაფერი მალე თავის კალაპოტში ჩადგება და ეს პრობლემები უკან იქნება მოტოვებული.

გთავაზობთ პრესკონფერენციაზე გაცემულ პასუხებს:

 ლევან ყიფიანი (სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი): “გამარჯობათ, მოგილოცავთ განვლილ დღესასწაულებს. ჩვენ დღეს პრობლემების გარშემო შევიკრიბეთ და ვფიქრობ ერთობლივად ამის გადაჭრა შეგვიძლია. ვესაუბრეთ როგორც მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს, ასევე გუნდის ხელმძღვანელებს. უახლოეს ხანში, უკვე ხვალ ჩვენ ადგილობრივი ხელმძღვანელები, მუნიციპალიტეტი, ფეხბურთის ფედერაცია და სპორტის სამინისტრო, რომლებმაც ერთობლივად შევქმენით კომისია განიხილავს გორის “დილას“ საკითხს. ეს პირველ რიგში ეხება დავალიანებას და მომავალში გუნდის ფუნქციონირებას. ასე რომ, ყველანაირად შევეცდებით ის პრობლემები, რომლებიც გამოჩნდა დადებითად გადაწყდეს უახლოეს ხანში, რათა ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს ხელი არ შეეშალოთ თავიანთ საქმიანობაში.

მე ვფიქრობ, ეს გუნდი არის და უცილებლად უნდა იყოს, ამიტომ შექმნილი სიტუაცია უნდა აღმოვფხვრათ ყველანაირი ძალებით და დღევანდელი დღიდან დავიწყეთ ამაზე მუშაობა. ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ხვალ ყველაფერი მზად იქნება იმისთვის რომ ჩვენ რეალური სურათი ვნახოთ იმისა, თუ რა იქნება მომავალში გასაკეთებელი.”

კონკრეტულად რა მიმართულებით იმუშავებს კომისია?

“პირველ რიგში მთავარი პრობლემა ფინასნსებია, რომელიც შეიქმნა და შესაბამისად ამის მოგვარებას შევეცდებით უახლოეს მომავალში.”

კლუბს აქვს დავალიანება ფეხბურთელებთან და საერთოდ შტაბთან. ეს საკითხი როგორ იქნება, როცა წინ ევროტურნირია?

დომენტი სიჭინავა (ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): “ამაზე პასუხს მე გაგცემთ. მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვამბობ გორის „დილა“ არის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი საქართველოში, ამიტომ ეს გუნდი უნდა იყოს და უნდა გამოვიდეს ღირსეულად, როგორც გამოვიდა შარშან. გახსოვთ გორის „დილამ“ ოთხი ეტაპი იბრძოლა და სარეიტინგო ქულები მოუტანა ჩვენს ქვეყანას.

რაც შეეხება დავალიანებას რომლის შესახებაც დასვით კითხვა. მე დღესვე შემიძლია ბატონ მინისტრთან ერთად გითხრათ, რომ ეს დავალიანება რომელიც არსებობს, გადაწყვეტილების მიღება ფედერაციას შეუძლია მაისის ბოლოს. იმიტომ ჩამოვედით გორში, რომ ლაპარაკი იყოს გორის „დილა“ 2013-14 წლების სეზონზე და არა გორის “დილა“ 2012-13 წლების პირველ ივნისამდე. ჩვენთვის არის ამ გორის „დილას“ მომავალი გადასაწყვეტი და ამიტომაც ვართ აქ. ჩვენთან არიან ადგილობრივი ხელმძღვანელობა, რომლებთანაც გვქონდა ჩვენ საუბარი, ბატონმა მინისტრმაც აიღო ინიციატივა, მისი აზრი იყო ერთობლივი კომისიის ჩამოყალიბება.

ჩვენ ხვალიდან უკვე ვიმუშავებთ გორში, ჩამოვალთ და შევისწავლით ყველაფერს. იმედია მენეჯმენტი მოგვაწვდის სრულ ინფორმაციას დავალიანებასთან დაკავშირებით. გუნდი საუკეთესო იყო და არის დღესაც. ჩვენი მიზანი არის ერთი, რა გზები მოვძებნოთ იმისთვის რომ გორის „დილა“ 2013-14 წლებში იყოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი საქართველოში. კლუბის ტრადიცია იყო, როცა გუნდი ლიგიდან-ლიგაში გადადიოდა. ახლა კი ფანკლუბი ჰყავს, სახელი აქვს, ევროპაშიც ცნობილია. დაივიწყეთ დავალიანებები, მაგას ჩვენ მოვაგვარებთ. ჩვენ ვესაუბრეთ ფეხბურთელებს და არცერთ მათგანს არ უთქვამს, რომ გაგვისტუმრე ვალი და წავალთ. ყველა იმას იძახის რა ვქნათ? როგორ გამოვიდეთ უეფაზე? როგორ მოვემზადოთ შემდეგი სეზონისთვის? ანუ მზად არის გუნდი რომ ახაროს თავისი გულშემატკივარი.”

სოსო ვახტანგაშვილი (მაჟორიტარი-დეპუტატი): “პირველ რიგში მადლობა მინდა მოვახსენო ბატონ ლევანს, ბატონ ზვიადის ჩამობრძანებისთვის. გორის „დილას“ისტორიაში ასეთი დიდი წარმატება არ ყოფილა. ვიცე-ჩემპიონები გახდნენ და ბუნებრივია ამ წარმატებას უნდა შენარჩუნება. ეს კი უნდა მოხერხდეს საერთო ძალებით. მარტო ვერც სპორტის სამინისტრო, ვერც ფედერაცია და ვერც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ვერ შეძლებს გუნდის ევროტურნირზე ასპარეზობა სრულად უზრუნველყოს, მაგრამ ჩვენ უნდა შევქმნათ სტაბილური სიტუაცია, რომელიც ითვალისწინებს საბიუჯეტო დახმარებას ამ კლუბისთვის და მომავლში, რათმაუნდა, უკეთესი მდგომარეობით იქნება წარმოდგენილი.

გუნდს სტაბილურობის განცდა ექნება. ისეთი სტრუქტურები არიან ჩაბმული რომ სხვანაირად არც შეიძლება რომ იყოს. 2-3 წელიწადში, რათქმაუნდა თუ გამოჩნდება ადამიანი რომელსაც შეეძლება საკუთარი ბიზნესის წყაროდ აქციოს, ხელი მოკიდოს და განავითაროს გორში ფეხბურთი, ბუნებრივია ჩვენ ხელს შევუწყობთ. სახელმწიფო არ იქნება ამის წინააღმდეგი პირიქით, რაც უფრე მეტი კერძო დაფინანსება ექნებათ კლუბებს, ჩვენთვის სასიხარულო იქნება.”

გია ისიანი („დილას“ მენეჯერი): “მოგესალმებით პირველ რიგში. კარგია რომ ყველანი აქ ხართ, ამით ვისარგებლებ და მოკლედ ვიტყვი ჩემი პროექტის შესახებ, რომელიც არ არის ერთწლიანი, არის სამწლიანი და ეს პროექტი აქვს როგორც ბატონ ზვიად სიჭინავას, ასევე მინისტრსაც და ბატონი სოსო ვახტანგაშვილიც გარკვეულია ამ თემაში. კარგია თუ სამწლიან პროექტზე გადავალთ და აღარ იქნება ერთი და ორწლიანი გაურკვეველი პროექტები.

რაც შეეხება სტადიონის შემოღობვას მე მხოლოდ იმას ვიტყვი, არის იმის იმედი, რომ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდეს გორში და ამაზე ზრუნვა დაწყებულია.”

თომას კლიმეკი (ფიზმომზადების მწვრთნელი): „ვფიქრომ, ამ დროისთვის კარგია რომ „დილას“ მომავალი გაირკვევა. კარგი გუნდი ვართ და ძალიან ცუდია იმაზე ფიქრი, რომ ფინანსურად ხელი გვეშლება კარგი გუნდის შექმნისთვის. ჩემპიონატი დამთავრებულია და ფეხბურთელები არ უნდა იყვნენ გაურკვევლობაში, პირიქით უნდა შევუქმათ მომავალი, რათა არ დაიკარგოს შექმნილი.“

გიორგი ტუღუში (მთავარი მწვრთნელის თანაშემწე): “ძალიან კარგია რომ ინტერესი ასეთი დიდია. უახლოეს მთავრობის სხდომაზე გადის ჩვენი გუნდის საკითხი და კარგია, რომ მინისტრი შეგვპირდა რომ დადებითად გადაწყდება ყველაფერი. სასიამოვნოა, რომ ფედერაციის პრეზიდენტი ამ საქმეში არის აქტიურად ჩართული. მოგეხსენებათ, რომ წინა წელს ევროპის ლიგაზე ორი საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლამ ჩვენს ქვეყანას მოუტანა სარეიტინგო ქულები, როგორც სპორტის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს ეს არის დასაფასებელი და შეგვპირდნენ, რომ გუნდის მომავალი ნათელი იქნება.”

 „დილას“ პრესსამსახური

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.088111