რაგბი

10:50 | 4.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძის სეზონის პირველი ლელო

 

სანაკრებო ტესტ-მატჩებზე გამომგზავრების წინ, საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ top 14-ში მე-11 ტურის თამაშები გაიმართა და საქართველოს ეროვნული გუნდისა და “მონპელიეს” მესამეხაზელმა მამუკა გორგოძემ მიმდინარე სეზონის პირველი ლელო გაიტანა.

29 წლის მორაგბეს წინასასეზონო შეკრებისას მიღებული ტრავმის გამო თითქმის ორი თვე გაუცდა და მოედანს ოქტომბრის შუა რიცხვებში, “ჰაინეკენის თასის” მატჩში დაუბრუნდა. ამ ტურნირზე ჩატარებული ორი თამაშის შემდეგ, მან top 14-შიც მეორე მატჩი გამართა და შეიძლება ითქვას, მისმა გუნდმა კერკეტი “გრენობლი” სწორედ ქართველის ლელოს წყალობით დაამარცხა.

“გულივერასა” და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიე” საკუთარ მოედანზე თამაშობდა და მე-8 წუთისთვის ორი ჯარიმით მარცხდებოდა. მე-15 წუთზე მასპინძლები სტუმართა ჩათვლის მოედანს მიეძალნენ, პირველ ჯერზე გორგოძე შეაჩერეს, მომდევნო ორი დარტყმის შემდეგ, როდესაც ჩათვლის მოედნამდე სანტიმეტრებიღა რჩებოდა, მამუკა რაქთან მივდა, იქიდან ბურთი ჩვეულ სტილში აიტაცა და მცველების მცდელობის მიუხედავად ლელოში გადაწვა. ამას ზუსტი გარდასახვა მოყვა და “მონპელიე” 7:6 დაწინაურდა.

“გრენობლი” შესვენებამდე ჯარიმით კიდევ ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ “მონპელიემ” პირველ ჯერზე ჯარიმითვე, ხოლო მეორეზე არეკნით უპასუხა და ტაიმი 13:12 მოიგო. მეორე ტაიმის დებიუტში ტრინ-დუკმა თავისი მეორე არეკნი გაიტანა, რასაც მალევე ჯარიმა მოჰყვა და უპირატესობა 7 ქულამდე გაიზარდა. მასპინძლებმა ასეთი ფორა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს და საბოლოოდ 25:18 იმარჯვეს, რის შემდეგაც 32 ქულა მოაგროვეს და “ტულონთან” პირველ-მეორე ადგილს იყოფენ. ორივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და გორგოძემ სრულად ითამაშა, ხოლო ნარიაშვილი 64-ე წუთზე შეცვალეს.

კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას “ტულონმა” ზაზა ნავროზაშვილის “ბორდო” 37:17 დაამარცხა, მაგრამ პრემიალური ქულა ვერ ჩაიწერა. ბორდოელებმა სახელოვან მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და ტაიმი 12:12 დაასრულეს, მაგრამ მერე მასპინძლებმა იმძლავრეს. მათ ორ ლელოს სტუმრებმა ერთით უპასუხეს და ბოლო წუთზე გაშვებულმა მესამე ლელომ “ტულონს” პრემიალური ქულა ვეღარ მოუტანა. ქართველ ლეგიონერებს არცერთ გუნდში არ უთამაშიათ, “ტულონი” “მონპელიეს” დამატებითი მაჩვენებლებით სჯობნის, ხოლო “ბორდოს” 21 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა, ოღონდ, ორ მდევარს ისიც მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს.

ტურის ცენტრალური მატჩი ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრსა” და დავით ზირაქაშვილის “კლერმონს” შორის ფრედ 22:22 დასრულდა. ზირაქაშვილი ტრავმირებულია, ხოლო ფეიქრიშვილმა შეცვლაზე მხოლოდ დასკვნითი 4 წუთი ითამაშა. თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა, გადამწყვეტი უპირატესობა ვერცერთმა გუნდმა ვერ მოიპოვა, “კასტრმა” მეორე ტაიმში 6-ქულიანი ჩამორჩენა “ამოქაჩა” და ჯარიმით წინაც გავიდა, მაგრამ დამატებით წუთებზე ბროკ ჯეიმსმა არეკნი დაჰკრა და ფრე დააფიქსირა. ამრიგად, “კლერმონი” 31 ქულით მე-3 ადგილზეა, ხოლო “კასტრი” 27 ქულით მე-10 პოზიციაზეა.

გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის “ბრივმა” ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზა” 25:13 დაამარცხა. შველიძე, კაკოვინი და ბრეგვაძე ტრავმირებულები არიან და განაცხადში არ იყვნენ. ასეიშვილი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ მალევე დაშავდა და მე-18 წუთზე შესაცვლელი შეიქმნა. “ბრივმა” აქტიურად დაიწყო თამაში და მართალია მეტოქე პირველსავე წუთზე გაშვებულ ლელოს გადაურჩა, მაგრამ მე-2 წუთზე ლელო მაინც მიიღო და ტაიმი 0:16 დათმო. მეორე ნახევრის დასაწყისში უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა, მაგრამ მერე “ტულუზამ” ანგარიშის შელამაზება შეძლო. “ტულუზა” 31 ქულით მე-4 ადგილზეა, ხოლო “ბრივი” 27 ქულით მე-8 საფეხურს იკავებს.

31 ქულით მე-5 ადგილზეა დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსე”, რომელმაც “ბაიონს” ქართველი ლეგიონერების გარეშე უმასპინძლა და 13:9 დაამარცხა. სტუმრებმა სამი ჯარიმა საწყის ნახევარ საათში გაიტანეს, მაგრამ მერე სამჯერ დაისაჯნენ სინბინით და იმ ერთი პრემიალური ქულის აღებითაც კმაყოფილნი უნდა იყვნენ.

დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრო” “ბიარიცთან” 6:9 დამარცხდა და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა. არადა, 25-ე წუთისთვის სტუმრები 6:0 იგებდნენ, მაგრამ მერე სამი უპასუხო ჯარიმა მიიღეს, აქედან ბოლო 73-ე წუთზე. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. “რასინგ მეტრო” 27 ქულით მე-9 ნადგილზეა.

28 ქულა აქვს და მე-6 პოზიციაზეა გიორგი ჟღენტის “პერპინიანი”, რომელიც “უაიონთან” 9:22 დამარცხდა. ჟღენტი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს. ტაიმი 9:9 დასრულდა და 70-ე წუთამდე მასპინძლები მხოლოდ 6 ქულას აგებდნენ, მაგრამ მერე ლელო-გარდასახვა მიიღეს და პრემიალური ქულაც ვერ ჩაიწერეს.

ახლა top 14-ში სანაკრებო მატჩებით გამოუწვეული პაუზა გამოცხადდება და თამაშები 22 ნოემბრიდან განახლდება.

 

http://www.youtube.com/watch?v=JEpuSmhUDlQ

 

0.118838