რაგბი

17:37 | 23.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძის მორიგი ლელო და ზირაქაშვილის დაბრუნება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მესამეხაზელი მამუკა გორგოძე, ზაფხულში მიღებული ტრავმის შემდეგ მოედანს ოქტომბრის შუა რიცხვებში დაუბრუნდა, კლუბის მაისურით “ჰაინეკენის თასისა” და Top 14-ის 4-4 თამაშში მიმდინარე სეზონის მესამე ლელო გაიტანა.

29 წლის მორაგბისა და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიე” სტუმრად მამუკას მომავალ გუნდს, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონს” ეთამაშა და 10:43 დამარცხდა. მასპინძელთა განაცხადში იყო ჩილაჩავა და ის შეცვლაზე 70-ე წუთზე შევიდა, სტუმართა შორის შეუცვლელად ითამაშა გორგოძემ, ხოლო ნარიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს. “მონპელიემ” ტაიმი 3:19 დათმო, მეორე ტაიმის დებიუტში ორი ლელო და 12 ქულა მიიღო და “გულივერამ” თავისი ლელო 52-ე წუთზე გაიტანა, რის შემდეგაც ანგარიში 10:31 გახდა, მაგრამ “ტულონმა” მატჩის განახლებისთანავე სტატუსქვო აღადგინა, ხოლო ბოლოს მეხუთე ლელოც მიითვალა და პრემიაც ჩაიწერა. “ტულონი” 41 ქულით მე-3 ადგილამდე დაწინაურდა, ხოლო “მონპელიემ” ჩემპიონატში ბოლო ხუთი თამაშიდან ოთხი რომ წააგო პოზიციები დათმო და 34 ქულით მე-6 ადგილამდე დაეშვა.

მოედანს დაუბრუნდა დავით ზირაქაშვილის, რომელმაც ოქტომბრის შუა რიცხვებში მუხლი დაიზიანა და კლუბის გარდა ნოემბრის ტესტ-მატჩებშიც ნაკრებსაც დააკლდა. ის “ბიარიცთან” 35:6 მოგებულ მატჩში “კლერმონის” განაცხადში იყო და მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა. მასპინძლებმა ტაიმი მხოლოდ 6:3 მოიგეს და ქართველის მოედანზე გამოსვლისას სულ რაღაც 10 ქულას იგებდნენ (16:6), მაგრამ დასკვნით 20 წუთში სამი ლელო გაიტანეს, ორი გარდასახვა გამოიყენეს და პრემიალური ქულა ჩაიწერეს. ქართველმა პირველხაზელმა მესამე ლელოშიც მიიღო მონაწილეობა, მისი გუნდი კი, 45 ქულით პირველ ადგილზე რჩება.

41 ქულით მეორე ადგილზეა ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი”, რომელმაც გიორგი ჟღენტის “პერპინიანი” პრემიალური ქულით, 37:13 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში პირველიდან 54-ე წუთამდე ითამაშა ფეიქრიშვილმა, ხოლო ჟღენტი ტრავმირებულია. სანამ ფეიქრიშვილი მოედანზე იყო, “კასტრმა” სამი ლელო გაიტანა და 27:6 იგებდა, მერე ერთი ლელო თავად გაუშვა, მაგრამ საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე პრემიალური ლელო მაინც გაიტანა. “პერპინიანს” 30 ქულა დარჩა და მე-11 პოზიციამდე დაეშვა.

დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ” “გრენობლი” 21:6 დაამარცხა 39 ქულით მე-5 ადგილზეა. ჟვანია განაცხადში არ იყო, ხოლო ქუბრიაშვილი ბრძოლაში 62-ე წუთიდან ჩაერთო, როდესაც ანგარიში 14:6 იყო. ამის შემდეგ პარიზელებმა თავისი მეორე ლელო გაიტანეს, მაგრამ მესამე, პრემიალური ლელოს გატანა ვერ მოახერხეს.

ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზა” ქართველი პირველხაზელების გარეშე დაუხვდა ზაზა ნავროზაშვილის “ბორდოს” და მეტოქე 18:16 დაამარცხა. განაცხადში არ იყო ნავროზაშვილიც. “ტულუზა” 40 ქულით მე-4 ადგილზეა, ხოლო “ბორდო” 31 ქულით მე-9 პოზიციაზეა.

გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის “ბრივი” დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტროს” დაუზავდა - 9:9. მატჩში მონაწილეობა სამივე ქართველმა პირველხაზელმა მიიღო. შველიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და ის პირველი ტაიმის შემდეგ ასეიშვილმა შეცვალა, ხოლო ხინჩაგიშვილმა პირველიდან 70-ე წუთამდე ითამაშა. “რასინგ მეტრო” 33 ქულით მე-8 ადგჰილზეა, ხოლო “ბრივი” 30 ქულით მე-10 პოზიციას იკავებს. Top 14-ის მორიგი ტურის თამაშები 29 დეკემბერს ჩატარდება.  

0.127533