რაგბი

18:10 | 21.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძეს “ბარბაროსებში” მეორედ დაუძახეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “მონპელიეს” მეორე-მესამეხაზელი მამუკა გორგოძე “ბარბაროსებში” ზედიზედ მეორედ მიიწვიეს.

28 წლის მორაგბეს, რომელსაც “ჰაინეკენის თასსა” და Top 14-ის წლევანდელ გათამაშებაში წარმატებული თამაშისთვის სპეციალური პრიზი “ოსკარი” ახლახანს გადასცეს, “ბარბაროსებში” დებიუტი 2012 წელს ჰქონდა. პირველად შავ-თეთრზოლიანი მაისურით მან შარშან, 29 მაისს, ირლანდიასთან 29:28 მოგებულ მატჩში ითამაშა, ხოლო 2 ივნისს უელსს “მილენიუმზე” დაუპირისპირდა და მასპინძლებთან მამუკა და “ბარბაროსები” 21:30 დამარცხდნენ. მაშინ გორგოძეს პირველი ქართული “ბარბაროსული” ლელოს გატანამდე სულ ცოტა დააკლდა, უკვე ჩათვლის მოედანში შესულს ბურთი წინ დააგდებინეს.

წლეულს “ბარბაროსები” 26 მაისს ინგლისის ნაკრებს, ხოლო 1 ივნისს ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს ეთამაშება. მიუხედავად ასეთი დიდი პატივისა და მიწვევისა, ჯერ კიდევ უცნობია მოირგებს თუ არა მამუკა გორგოძე “ბარბაროსების” მაისურს ამ მატჩებში. საქმე ისაა, რომ 24-26 მაისს საფრანგეთის Top 14-ში ნახევარფინალები, ხოლო 1 ივნისს ფინალია დანიშნული. შეგახსენებთ, “მონპელიემ” რეგულარული პირველობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ექვსეულში ადგილი დაიბევა და 10-12 მაისს პლეი ოფის პირველ ეტაპზე ითამაშებს, იქ გამარჯვების შემთხვევაში კი, ნახევარფინალში გავა.

“ბარბაროსები” 1890 წელს დაარსდა და ამ გუნდს განსაკუთრებული სტატუსი აქვს. მის შემადგენლობაში, ან მის წინააღმდეგ თამაში კი, ყველა მორაგბისთვის უდიდესი პატივია. ეს კლუბი მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეებს პერიოდულად, წელიწადში ერთხელ, ან ორჯერ ჰკრებს და სანახაობრივ, ლაღ თამაშს აჩვენებს, მისი მოწინააღმდეგეები კი, მსოფლიოს წამყვანი სარაგბო ქვეყნების ნაკრებები არიან.

ქართველ მორაგბეთაგან “ბარბაროსების” შემადგენლობაში პირველად დავით ქუბრიაშვილმა ითამაშა, ხოლო 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ამ გუნდის მაისური დავით კაჭარავამ და გოდერძი შველიძემ მოირგეს. 2006 წელს “ბარბაროსები” საქართველოს ეწვივნენ და “მიხეილ მესხზე” “ბორჯღალოსნები” 28:19 დაამარცხეს.

0.131104