საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “მონპელიეს” მესამეხაზელი მამუკა გორგოძე 7 ივნისს მსოფლიოს ნაკრების (მსოფლიო XV) შემადგენლობაში სამხრეთ აფრიკის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.
მთავარმა მწვრთნელმა ნიკ მალეტმა იმ 23 მორაგბის ვინაობა დაასახელა, რომელთა იმედიც მომავალ დაპირისპირებაში ექნება და ზელანდიელი, ავსტრალიელი, სამხრეთ აფრიკელი, ფრანგი, ინგლისელი, ირლანდიელი, სამოელი და ტონგელი მორაგბეების გვერდით, არჩევანი ქართველზეც შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ მეორე დონის სარაგბო ქვეყნების წარმომადგენლებიდან, მალეტის რჩეულთა შორის მხოლოდ გორგოძე მოხვდა. 7 ივნისს ტესტ-მატჩების დღეა და პარალელურად რამდენიმე საერთაშორისო შეხვედრაც იმართება, რის გამოც მსოფლიო ნაკრებს სრულყოფილი არ ეთქმის, თუმცა, გამოძახებულთა ტესტების რაოდენობა ჯამში 713 თამაშია და გუნდი ნებისმიერ შემთხვევაში ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.
მალეტმა მორაგბეები მხოლოდ ევროპული კლუბებიდან გამოიძახა და ის მიიჩნევს, რომ ყველა მათგანი საუკეთესო ფორმაშია. ეს არაა “ბარბაროსები”, რომლის შემადგენლობაშიც მამუკას ორი თამაში აქვს ჩატარებული, ესაა მსოფლიო XV, რომლის შემადგენლობაშიც ერთ ქართველს - დავით ზირაქაშვილს უკვე უთამაშია. მაშინ მსოფლიო XV ახალი ზელანდიის ვეტერანთა ნაკრების წინაშე წარსდგა. მომავალი შეხვედრა კეიპტაუნში გაიმართება.
მსოფლიო XV
უკანა ხაზი: ჯეიმს ოკონორი (“ლონდონ აირიში”, ავსტრალია, 44 ტესტი), დრიუ მიჩელი (“ტულონი”, ავსტრალია, 63), ჰოსე გეარი (“ტულუზა”, ახალი ზელანდია, 14), სიტიტივენი სივივატუ (“კლერმონი”, ახალი ზელანდია, 45), ორელიენ რუჟრი ((“კლერმონი”, საფრანგეთი, 71), რენე რანჯერი (“მონპელიე”, ახალი ზელანდია, 6), მეტ გიტო (“ტულონი”, ავსტრალია, 92), ფრანკოს ტრინ-დუკი (“მონპელიე”, საფრანგეთი, 48), რორი კოკოტი (“კასტრი”, სამხრეთ აფრიკა), ჯიმი კოუენი (“გლოსტერი”, ახალი ზელანდია, 51);
შერკინება: სტეფონ ერმიტეიჯი (“ტულონი”, ინგლისი, 5), ალექსანდრე ლაპანდრი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 6), როჯერ უილსონი (“ოლსტერი”, ირლანდია, 1), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საქართველო, 57), ალისტარ ჰარგრეივსი (“სერასინსი”, სამხრეთ აფრიკა, 4), ჯოე ტეკორი (“ტულუზა”, სამოა, 26), ჟუანდრე კრუგერი (“რასინგ მეტრო”, სამხრეთ აფრიკა, 17), შალკ ბრიტცი (“სერასინსი”, სამხრეთ აფრიკა, 5), ენდრიუ ჰორი (ახალი ზელანდია, 83), შალკ ფერეირა (“ტულუზა”, სამხრეთ აფრიკა), სონა ტაუმოლოლო (“პერპინიანი”, ტონგა, 5), ბჯ ბოთა (“მანსტერი”, სამხრეთ აფრიკა, 25), კარლ ჰეიმანი (“ტულონი”, ახალი ზელანდია, 45).