საფრანგეთის ქალაქ მეცში დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბატუტზე ხტომაში წარმატებული სტარტი აიღო 20 წლის ლუბა გოლოვინამ. საკვალიფიკაციო ტურნირში ქართველმა სპორტსმენმა 68.100 ქულა მოაგროვა და მე-7 შედეგი აჩვენა, რისი წყალობითაც, ფინალში ასპარეზობის უფლება ერგო.
საკვალიფიკაციო შეჯიბრი ჩინელი გოგონების სრული ჰეგემონიით წარიმართა. საუკეთესო ხუთეულში ერთბაშად ოთხი ჩინელი მოხვდა, თუმცა, ვინაიდან ფინალურ ტურნირში ერთი ქვეყნიდან მხოლოდ ორი წარმომადგენლის გასვლა იყო შესაძლებელი, მე-3 პოზიციაზე გასული პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონი ვიენა ჰე (70.000) და მეხუთეადგილოსანი ქსინგპინგ ჟონგი ჩემპიონატს გამოეთიშნენ.
ტურნირის პირველ დღეს საუკეთესო შედეგი ოლიმპიური თამაშების პრიზიორ შანშან ჰუანგს (71.500) აღმოაჩნდა, დან ლი (70.800) კი მეორე გახლდათ. ჩინელთა გამოკლების შემდეგ, ისე გამოვიდა, რომ გოლოვინა, რომელსაც მე-7 საფეხური ერგო, ფინალში მე-5 შედეგით გავიდა. ხსენებულ სპორტსმენთა გარდა, ლუბაზე უკეთესი მაჩვენებლები ოლიმპიურ, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ რუს ირინა კარავაევასა (69.500) და ბელორუს ტატიანა პიატრენიას (68.800) აღმოაჩნდათ.
ფინალში, რომესაც მეცის “ლე არენა” 13 ნოემბერს უმასპინძლებს, გერმანიის სახელით მოასპარეზე ქართველი, ათენის ოლიომპიადის გამარჯვებული ანა დოღონაძე (67.600), დიდი ბრიტანელი ბრიონი პეიჯი (67.000) და კანადელი როსანა მაკლენანიც (67.000) გამოვლენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ გოლოვინამ პეკინის ოლიმპიურ თამაშებზეც საკმაოდ კარგად იასპარეზა და უძლიერეს მეტოქეებთან ჭიდილში მე-6 ადგილის დაკავება შეძლო.
ვაჟთა ტურნირზე საქართველოს ღირსებას თენგის კოშკაზე იცავდა, თუმცა, მან ერთ-ერთ ვარჯიშზე მცირე ტრავმა მიიღო და კარგის შედეგის ჩვენება ვერ შეძლო. 42.500 ქულით, კოშკაძე 87-ე მონაწილეს შორის 66-ე გახლდათ და ცხადია, ფინალს მიღმა დარჩა.







