ფეხბურთი

23:25 | 21.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

გოლების წვიმა სამტრედიაში

 

ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე სამტრედიის “სამტრედია” მარტვილის ”მერანს” დაუპირისპირდა.

თამაში სტუმრების მწვავე იერიშებით დაიწყო, რამაც შედეგი გამოიღო, მატჩის მე-7 წუთზე ფონიავას გამოზომილ გადაცემას შულაიამ თავური დარტყმით უპასუხა და ანგარიში 0:1 გახდა ”მერანის” სასარგებლოდ. მერანელებს სწრაფადვე, მე-14 წუთზე შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, თუმცა გელა ხუბუას გატანილი გოლი არ ჩაითვალა, მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა და ვადაჭკორია მართალიც იყო - ხუბუას არც გაუპროტესტებია არბიტრის გადაწყვეტილება.

“მერანის” სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ გოლის გატანის შემდეგ გუნდს კონტრიერიშებზე თამაში არ უცდია და მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში უტევდა, ერთ-ერთი ასეთი შეტევა კი გოლით დასრულდა - 35-ე წუთზე მელქაძემ კუთხური ჩამოაწოდა, საჯარიმოში ორთაბრძოლა კვანტალიანმა მოიგო და თავური დარტყმით სოლიდური გახადა ”მერანის” უპარატესობა - 0:2.

შესვენებაზე ჟვანიამ გამოცდილი მცველი ფარულავა დაასვენა და მის ნაცვლად ლაშა ღონღაძე შეიყვანა, თუმცა ღონღაძეს დიდხანს არ მოუწია თამაში, მწვრთნელის თქმით, მან შეცდომები დაუშვა და მისი მოედნიდან გაყვანის მიზეზი სწორედ ეს იყო.

თუ პირველ ტაიმში “სამტრედია” უნიათოდ გამოიყურებოდა, მეორე ტაიმზე ამას ვერ ვიტყვით, გუნდმა თამაში დაალაგა და შეტევებსაც მოუხშირა, ”მერანმაც” თითქოს ყურადღება მოადუნა, რასაც მარტვილელთა დაცვის შეცდომა მოჰყვა, მეკარესთან პირისპირ გასულ ბაგაშვილს გოლის გატანა არ გასჭირვებია - 1:2.

63-ე წუთზე კი დიდი ფეხბურთის ეპიზოდი იხილა სტადიონზე მისულმა მცირერიცხოვანმა გულშემატკივარმა. მატჩის საუკეთესო მოთამაშემ აკაკი შულაიამ შავ დღეში ჩააგდო სამტრედიელი მცველები, მან საჯარიმოში ერთი ცრუმოძრაობით ჩამოიშორა 2 მცველი, მარტო მყოფი კვანტალიანი მოძებნა და ამანაც მშვიდად შეაგორა ბურთი სამტრედიელთა კარში - 1:3.

66-ე წუთზე შულაია-ბაბუნაშვილი-კვანტალიანის კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დაგვირგვინდა (1:4) და კვანტალიანმა ჰეთ თრიქი შეასრულა.

მიუხედავად ანგარიშისა, “სამტრედიას” ფარ-ხმალი არ დაუყრია, გუნდი ცდილობდა კონტრიერიშებზე გამოეჭირა ”მერანი.”

69-ე წუთზე, მთავარი მსაჯის გიორგი ვადაჭკორიას გადაწყვეტილებამ ადგილობრივი გულშემატკივარის გაბრაზება გამოიწვია. ”მერანის” კარის მიმართულებით შერულებული ჯარიმა მეკარე ჯონი შეროზიამ ნახტომით კი მოიგერია, მაგრამ ზედ კარის ხაზზე ძლივს შესძლო ბურთის დაუფლება. გულშემატკივრების აზრით, ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა, თუმცა მთავარმა მსაჯმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

77-ე წუთზე ბოხუამ მაინც მოახერხა ბურთის გატანა - 2:4.

მატჩის 92-ე წუთზე კი ”მერანის” კარში პენალტი დაინიშნა, სამტრედიელებს შეეძლოთ ანგარიშის სხვაობა მინიმუმამდე დაეყვანათ, თუმცა ექსმერანელი ჩალაძის დარტყმა ”მერანის” კიპერმა ნახტომში მოიგერია და მატჩი მარტვილელების გამარჯვებით დასრულდა.

მატჩის შემდეგ:

ალხაზ ჟვანია: ”გუნდმა კარგად ითამაშა, წინა შეხვედრაში დაშვებული შეცდომები გამოვასწორეთ. მეორე ტაიმში ცოტა მოვდუნდით და ამის შედეგი იყო ის ორი გაშვებული გოლი. თუმცა მალე დავიბრუნეთ მატჩის სადავეები და საჭირო ანგარიშიც დავაფიქსირეთ.

ჩა სოსიაშვილი: ”რა უნდა ვთქვა, ”მერანის” ბიუჯეტის და ჩვენი ბიუჯეტის შედარებაც არ შეიძლება. ”მერანს” საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს. ყოველივე აქედან გამომდინარე შედეგიც გასაგებია. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია - “სამტრედია” თასისთვის ბრძოლას ვეღარ გააგრძელებს”.

 

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი. 1/16 ფინალი. პირველი მატჩი.

სამტრედია - მერანი (მარტვილი) 2:4 (0:2)  

21 აგვისტო. 17:00. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონი. 400 მაყურებელი

 

სამტრედია”: გურჯიაშვილი, გოგია, მემარნიშვილი, გამრეკლიძე, კაკუშაძე, ჟვანია, კიკაბიძე, ჩალაძე (ბოხუა), გედენიძე, ერისთავი, ბანძავა.

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

მერანი”: შეროზია, მელიავა, ქარქუზაშვილი, ფარულავა (ღონღაძე, ლობჟანიძე), ხუბუა, კერძევაძე, ბაბუნაშვილი, მელქაძე, ფონიავა, შულაია (კუჭუხიძე), კვანტალიანი.

მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია

გოლები: 0:1 შულაია (7), 0:2 კვანტალიანი (35), 1:2 ბაგაშვილი (58), 1:3 კვანტალიანი (58), 1:4 კვანტალიანი (67), 2:4 ბოხუა (78)

მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

სხვა მატჩები:

ზუგდიდი – კოლხეთი (ხობი) 1:1

გურია – საპოვნელა 5:1

შუქურა – სქური 1:0

ალგეთი – ლოკომოტივი 1:2

სიონი – სტუ 6:1

სპარტაკი – ჭიათურა 4:1

 

 

ედემი ელერჯია

 

0.118199