ევროპის ჩემპიონატის თანმხლები საზეიმო განწყობილება ფეხბურთის ქართველ ქომაგებს დიდი ფეხბურთელის - რამაზ შენგელიას 55 წლის ასაკში გარდაცვალებამ გაგვიუფერულა.
სამწუხაროდ, იმ თაობას განვეკუთვნები, რომელსაც არ ღირსებია და შესაბამისად, არ ახსოვს რამაზ შენგელიას და მისი თანაგუნდელების თამაშის ”ცოცხლად” ნახვა. ჩვენ, ძირითადად, მოყოლილი ამბებითა და ვიდეოჩანაწერებით ვსაზრდოობდით და გაჭაღარავებული ძველი დინამოელები ჩვენთვის ერთგვარ თვალშეუდგამ ლეგენდებად ითვლებოდნენ.
უკვე ვეტერანი რამაზ შენგელია სტადიონზეც არაერთხელ მინახავს და საწვრთნელ ბაზაზეც. ერთხელ, გასული საუკუნის 90-იან წლებში მე და ჩემს მეგობარს ბაზრობაზეც კი შეგვხვდა. მეგობარმა იცნო შენგელია და მერე მთელი ერთი თვე ყოფნიდა ეს ამბავი გასახსენებლად და იმის აღსანიშნად, ”ამ გაჭირვების ასე და ისე, თორემ რამაზ შენგელია ამ პაპანაქებაში ბაზრობაზე რატომ უნდა დადიოდესო“.
რამაზ შენგელია საქართველოში უყვარდათ ყველგან და ყველამ იცოდა ამ დიდებული თავდამსხმელის ღვაწლიცა და უნარიც. სამწუხაროა, რომ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ინფორმაციის ნაკლებობა დღემდე მწვავედ იგრძნობა. გუშინ, ყვარლის ერთ-ერთ სოფელში ყოფნისას, ადგილობრივებმა ჩვენგან გაიგეს რამაზ შენგელიას გარდაცვალების ამბავი. იქ თვალნათლივ დავინახე, რას ნიშნავს გულრწფელი დარდი და გულდაწყვეტა. ზოგმა ქუდი მოიხადა, ”გაანათლოს, კარგი ფეხბურთელი იყოო”... ზოგმა კი, რამაზის სულის სახსენებლად, საკუთარი ღვინოც შემოგვთავაზა. რამაზ შენგელია და თასების თასის ამღები დინამოელების თაობა საქართველოში დღემდე ძველებურად უყვართ და ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს დიდი ჯაფა და ოფლის დენა მოუწევთ, ქართველების ეს სიყვარიული მომავალში თავისკენ რომ მიმართონ. სიყვარულს დამსახურება უნდა, რამაზ შენგელია კი ამ სიყვარულს ყველაზე მეტად იმსახურებდა.
ჩემს ბავშვობაში, როდესაც რამაზ შენგელიას ფეხბურთისათვის თავი სულ ახალი დანებებული ჰქონდა, მეგობრებთან ერთად, მთიულეთში მომიწია წასვლა. ეს ის დროა, როდესაც თბილისიდან რეგიონებში და მით უმეტეს, მთიან რეგიონებში მხოლოდ ”პაზ“-ის მარკის მინჯღრეული ავტობუსები დადიოდნენ და იქ ჩასაჯდომადაც ადამიანს დიდი წვალება სჭირდებოდა. ვზივართ ამ ავტობუსში, რომელიც მთის ხეობებში საშინლად ნელა მიიზლაზნება და თავბედს ვიწყევლით, ასეთ შორ გზაზე მარტო წასვლა რომ მოვიწადინეთ.
ავტობუსში მგზავრების უმეტესებას ფშაველები და მთიულების შეადგენდნენ, რომლებიც კარტოფილის მოსავლიდან დაწყებული და ჟიპიტაურის გამოხდის ტექნოლოგიებით დამთავრებული, თითქმის ყველა სოფლურ პრობლემებს განიხილავდნენ. ამ დროს, ყველასთვის მოულოდნელად, მძღოლმა იკითხა: ”არ იცით გუშინ ”დინამომ” რა ქნა ბალღებო? ჩემს ძმას ტელევიზორ გაუფუჭდა და ვერ ვნახე”. მძღოლს პასუხი ერთმა თეთრულვაშა კაცმა გასცა, რომელიც მანამდე ამტკიცებდა, სულ მალე მთავრობა გზას გაგვიკეთებს და გვეშველებაო. ”რაის ”დინამო” ეგაა მინდიავ? კარგ გუნდი მაშინ გვყავდა, როცა ყიფიანი, შენგელია, გუცაევი და დარასელია გვყავდა. აბა ამათ ცქერის ნერვებ ვის აქვსა?!”... უპასუხა მძღოლს, და მუხლებს შორის ჩადებული ლამაზად გათლილი ჯოხი შეისწორა. ჩვენ – პატარა ბიჭებს ფეხბურთის ცქერა ახალი დაწყებული გვქონდა და შეძლებისდაგვარად ვცადეთ ახალგაზრდა ”დინამოელების” დაცვა, მაგრამ გლეხებმა ისევ ჟიპიტაურზე დაიწყეს ლაპარაკი და ჩვენთვის აღარ ეცალათ. ახლა, როდესაც ”დინამოს” ”ოქროს პლეადას” რამაზ შენგელიაც გამოაკლდა, უფრო კარგად და ნათლად ვხვდები, რატომაც ჰქონდა იმ მთიელ კაცს ქართულ ფეხბურთზე გული აცრუებული. მართლაც, ძალიან უხეირო სანახავია, რამაზ შენგელიას თამაშის ხილვის შემდეგ, მისი ნომრიანი მაისური ეცვათ თბილისელ ფეხბურთელებს, რომლებიც ევროპის საშუალო დონის გუნდებთან 0:5 მარცხდებიან და რამე რომ იყოს, აქეთ გულშემატკივარს მოსდებენ შარს: ”საქართველოში გულშემატკივრები რომ არ გვივარგა, იმიტომაც ვმარცხდებითო”... მაგრამ ეს სულ სხვა თემაა...
ღმერთმა გაანათლოს დიდებული ქართველი ფორვარდის - რამაზ შენგელიას სული. ჩვენ კი იმედი ვიქონიოთ, რომ მისი გაკეთებული დიდი საქმეები ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს მხოლოდ მაგალითად და ნიმუშად არ დარჩებათ!..
ლევან სეფისკვერაძე