კალათბურთი

11:05 | 3.05.2013 | ნანახია 0 - ჯერ

"გოლდენ სტეიტმა" "დენვერი" ასპარეზობას გამოთიშა

 

"გოლდენ სტეიტმა" საკუთარ ORACLE ARENA-ზე "დენვერს" პლეი ოფის პირველი რაუნდის რიგით მეექვსე მატჩში უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვებით (92:88) სერიაში საბოლოო წარმატებას მიაღწია 4:2 - "უორიორზმა" კონფერენციის ნახევარფინალში გააღწია, სადაც მისი მეტოქე "სან ანტონიო" იქნება. 

"ნაგეთსის" კალათბურთელებმა შეხვედრა საკმაოდ კარგად დაიწყეს და მეორე მეოთხედის მიმდინარეობისას ტაი ლოუსონის შეტევაში ბრწყინვალე გარჯის შედეგად 11 ქულიანი ჰანდიკაპითაც გახლდნენ წინ 34:23, თუმცა მარკ ჯექსონმა დროულად მოახერხა თავისი კალათბურთელების გამოცოცხლება და "გოლდენ სტეიტიც" დრულად  "დაბრუნდა" თამაშში. ავსტრალიელმა ცენტრმა ენდრიუ ბოგუტმა (14 ქულა, 21 მოხსნა) დაიპყრო მეტოქის სამწამიანი ზონა და პირად ორთაბრძოლებში აშკარად დაჩაგრა ჯავალ მაკგი და ბერძენი კოსტა კუფოსი. პერიმეტრიდან ტრადიციულად შედეგიანი გახლდათ სტეფ კარი (22 ქულა), ხოლო სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა ახალბედა დრამონდ გრინმა პლეი ოფში პირველი ორმაგი დუბლი გაახერხა 16 ქულა და 10 მოხსნა. ამ ფაქტორთა გათვალისწინებით მასპინძლებმა ნელ-ნელა ხელთ იგეს უპირატესობა და ჯერ გაათანაბრეს ანგარიში, ხოლო მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 8:20 წუთით ადრე კლეი ტომფსონის საშუალო დისტანციიდან განხორციელებული ზუსტი ტყორცნის შემდეგ სოლიდური 18 ქულიანი სხვაობითაც დაწინაურდნენ 80:62.

"გოლდენ სტეიტმა" მატჩი მოგებულად ჩათვალა და თავს მოდუნების საშუალება მისცა, რისთვისაც კინაღამ მწარედ დაისაჯა. ანდრე იგუდალამ და ჯაველ მაკგიმ "ნაგეთსის" მორიგ გაქცევას დაუდეს სათავე, რისი წყალობითაც საფინალო სირენამდე 20 წამით ადრე სტუმრებმა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს (88:90). გადამწყვეტი სროლის შესრულება  უილსონ ჩენდლერმა ითავა, რომელმაც ვერც პირველი მცდელობიდან ჩააგდო და ვეღარც დამატებაზე იმოქმედა წარმატებით, რის შემდეგაც სტუმრებს უკვე ტაქტიკური ფოლის აღება მოუწიათ ჯარეტ ჯეკზე, რომელმაც ორივე საჯარიმო ტყორცნა ქულებად გარდასახა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა 92:88 "უორიორზი" 6 წლიანი შესვენების შემდეგ დასავლეთ კონფერენციის პლეი ოფის მეორე რაუნდში გავიდა.

"ბრუკლინმა" სრული კონცენტრაცია მოახდინა და ბრწყინვალე გუნდური თამაშის წყალობით "ჩიკაგოს" მისსავე არენაზე 95:92 გაუსწორდა, რის შედეგადაც სერიაში ანგარიში გაათანაბრა (3:3) და გადამწყვეტ მეშვიდე მატჩს საკუთარ BARCLAYS ARENA-ზე გამართავს.

"ნეთსის" რიგებში გუნდის სამივე ლიდერმა: დერონ უილიამსმა, ჯო ჯონსონმა და ბრუკ ლოპესმა 17-17 ქულა დააგროვეს და საფუძველი დაუდეს საკუთარი გუნდის წარმატებას. შედეგიანი გახლდათ ჯერალდ ვოლესი, რომელმაც ტრადიციულად დაცვაშიც ბევრი იმუშავა და შეტევაშიც არ შეურცხვენია თავი (15 ქულა). "ბრუკლინის" მეორე ხუთეულის წევრებმაც აშკარად დაჩაგრეს მეტოქის სათადარიგო მოთამაშეები, მოუგეს რა უშუალო დაპირისპირება 27:7.

ტომ ტიბოდო მატჩის წინ მძიმე მდგომარეობაში გახლდათ, რადგან ტრავმის  გამო აკლდა კირკ ჰაინრიხი, მაღალი სიცხე ქონდა გუნდის კაპიტან ლუოლ დენგს, მათი სრულფასოვანი შეცვლა კი  "ბულზს" ძალიან გაუჭირდა.

 მასპინძლები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ჩამორჩებოდნენ ანგარიშში მეტოქეს ("ჩიკაგო ერთხელ გახლდათ წინ, ისიც 2 ქულიანი სხვაობით), თუმცა არც "ბრუკლინს" აძლევდა შანსს დიდი სხვაობით წინ გაქცევისა.

მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 19 წამით ადრე ანდრე ბლაჩმა ორივე საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა და "ნეთსის"  ჰანდიკაპი 3 ქულამდე გაზარდა 95:92. საპასუხო შეტევაში იტალიელმა მარკო ბელინელიმ ვეღარ ჩააგდო სამიანი, მოხსნაზე "ჩიკაგოს" ცენტრმა ჟოაკიმ ნოამ არ დაანება ბურთი დერონ უილიამსს და სადავო გდება დაინიშნა, რომელიც მოულოდნელად "ბრუკლინის" გამთამაშებელმა მოიგო და აქ დამთავრდა ყველაფერიც...

"ბრუკლინის" ახალგაზრდა ქართველ ფორვარდი თორნიკე შენგელია სამატჩო განახადში არ გახლდათ.

 

გოლდენ სტეიტი - დენვერი 92:88 (21:25, 19:17, 33:20, 19:26)

გოლდენ სტეიტი: ტომფსონი (7), კარი (22), ბოგუტი (14+21მ), ლენდრი (9), ბარნსი (11); გრინი (16), ლი, ჯეკი (13), ეზელი

დენვერი: ლოუსონი (17), იგუდალა (24), მაკგი (9), ფარიდი (11+11მ), ჩენდლერი (11); კუფოსი (17), ბრუერი (2), მილერი (8)

გოლდენ სტეიტმა სერია 4:2 მოიგო

 

ჩიკაგო - ბრუკლინი 92:95 (27:33, 27:27, 17:15, 21:20)

ჩიკაგო: რობინსონი (18), ბელინელი (22), ნოა (14+15მ), ბუზერი (14+13მ), ბატლერი (17); გიბსონი (3), ჰემილტონი, ტიგი (2), მოჰამედი (2)

ბრუკლინი: უილიამსი (17+11პ), ჯონსონი (17), ლოპესი (17), ევანსი (2), უოლესი (15); ბრუქსი (2), ბლაჩი (10), უოტსონი (9), ჰამფრიზი (6)

სერიის ანგარიში 3:3

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.177405
სარეკლამო ადგილი - 99
X x X