ფეხბურთი

20:19 | 30.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

გოგუა და ნავალოვსკი რუსეთის თასის 1/4-ფინალში

პირველ დივიზიონში მოასპარეზე ხაბაროვსკის “სკა-ენერგია”, რომელშიც გოგიტა გოგუა და გიორგი ნავალოვსკი გამოდიან, რუსეთის თასის 1/4-ფინალში გავიდა. ხაბაროვსკელებმა შინ, პრემიერლიგელი ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგა” დაამარცხეს – 2:0.

ორივე ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და არ შეუცვლიათ. მასპინძლებმა გოლები 28-ე და 77-ე წუთებზე გაიტანეს – ორივე შემთხვევაში თავი ვასილი კარმანიზენკომ გამოიჩინა.

თასისთვის ბრძოლას აგრძელებს “როსტოვი”, რომელშიც ჯანო ანანიძე ირჯება. როსტოველებმა სტუმრად, პირველი ლიგის ნაზრანის “ანგუშტს” 1:0 აჯობეს. ანანიძე 18-კაციან განაცხადში არ იყო.

თასის გათამაშებას გამოეთიშა ორენბურგის “გაზოვიკი”, რომლის ღირსებას ზურაბ არზიანი იცავს. ორნებურგელებმა თავის მოედანზე “ტომთან” 0:1 წააგეს. ქართველი ნახევარმცველი სათადარიგოებში იმყოფებოდა, მაგრამ თამაში არ მოუწია.

ყაზანის “რუბინი”, რომელშიც სოლომონ კვირკველია ირიცხება, 1/4-ფინალს მიღმა დარჩა. ყაზანელები გასვლაზე ვლადივოსტოკის “ლუჩ-ენერგიასთან” 2:4 დამარცხდნენ. კვირკველია “რუბინში” 90 წუთი გაისარჯა. ვლადივოსტოკელთა რიგებში გურამ თეთრაშვილს არ უთამაშია.

 

 

 

0.108075