გასულ კვირაში ქართული ძიუდოს ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერა. 21 ივნისს, იუნიორ გოგონათა ნაკრების წევრმა მზია ბებოშვილმა (48 კგ) ტალინში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ქართულ ქალთა ძიუდოს ამ რანგის შეჯიბრების პირველი მედალი – ბრინჯაო მოუტანა. 22 ივნისს კი ევროკვარცხლბეკზე უკვე მისი თანაგუნდელი მარიამ ჯანაშვილი (52 კგ) ავიდა, თან უმაღლეს საფეხურზე. უახლესი ისტორიის დამწერი სპორტსმენები თბილისში დაბრუნებიდან რამდენიმე საათში ერთ-ერთ ტელევიზიას ესტუმრნენ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად, კიდევ რამდენიმე საათის შემდეგ ძიუდოს ფედერაციაში გამართულ პრესკონფერენციას დაესწრნენ, რომელიც ევროპირველობის შესაჯამებლად დაიგეგმა. პრესკონფერენციის დასრულებისთანავე კი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილები იყვნენ, “მსოფლიო სპორტის” მკითხველისთვისაც მოიცალეს.
მარიამ ჯანაშვილი: 2008 წელს, პაპამ წამიყვანა “გრანდიოზულზე”. ასე ეძახდნენ ქართული ჭიდაობის ტურნირს, რომელიც სოფელში ძალიან პოპულარული იყო. სასწაულად მომეწონა და სახლში დაბრუნებულმა გამოვაცხადე, რომ ჭიდაობაზე სიარული მინდოდა. დედაჩემი სასტიკი წინააღმდეგი იყო. მაინც ჩემი გავიტანე და დარბაზში, ვაჟა მოსულიშვილთან მიმიყვანეს. დედამ ორჯერ დამანებებინა თავი, მაგრამ საბოლოოდ ვერაფრით გამომიყვანა.
- პირველ წარმატებას როდის მიაღწიე?
- 2009 წელს ლაგოდეხში საქართველოს ჩემპიონატზე ვიჭიდავე და უფროსებში ჩემპიონი გავხდი. არადა ჯერ 13 წლის ვიყავი.
- ასაკობრივ ნაკრებშიც საკმაოდ პატარა დამკვიდრდი...
- მონდომება არასოდეს მაკლდა, მაგრამ საქართველოს ჩემპიონობამ კიდევ უფრო მიზანსწრაფული გამხადა. ყოველი შემდეგი ტურნირი ჩემთვის უდიდესი გამოწვევა იყო.
- ბოლო დროს საერთაშორისო ტურნირებზეც სტაბილურად წარმატებით გამოდიოდი. ევროპის ჩემპიონატზე წასვლის წინ თუ ფიქრობდი, რომ უკვე დიდი გამარჯვებისთვისაც მზად იყავი?
- მედალზე წინასწარ ნამდვილად არ ვფიქრობდი. ჩემი მთავარი მიზანი იყო, კარგად მეჭიდავა. დანარჩენი კი ტატამზე გამოჩნდებოდა, მაგრამ ჭიდაობის წინა დღეს მზიკომ (მზია ბებოშვილმა) იმხელა მუხტი მომცა, მივხვდი, რომ ძალიან კარგად უნდა გამოვსულიყავი. საბედნიეროდ, ყველაფერი მშვენივრად დასრულდა.
- პირველიდან ბოლო შეხვედრამდე ძალიან მშვიდად აჯობე ყველა კონკურენტს. საერთოდ არ გინერვიულია?
- ასეთი რამ საერთოდ არ მჩვევია. სიმართლე გითხრათ, ტალინში ჩემი დის, ხატიას ჭიდაობისას უფრო ვინერვიულე.
- უკვე ევროპის ჩემპიონი ხარ. უახლოესი მიზანი თუ დაისახე?
- ევროპის ჩემპიონატმა დამანახა, რომ ძიუდო უკვე ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი საქმეა. სულით და გულით გავაგრძელებ ვარჯიშს და იმედია, ამ ოქროზე არ გავჩერდები.
...მარიამ ჯანაშვილმა ევროპული მწვერვალისკენ გზა საერთაშორისო ტურნირებზე სტაბილურად შედეგიანი ჭიდაობით გაიკვლია და ტალინში მას მედლის მოპოვების ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატად არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი სპეციალისტებიც კი მიიჩნევდნენ. მზია ბებოშვილის კვარცხლბეკზე ასვლა კი საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბისთვისაც კი დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა. იგი იმ ასაკობრივი გუნდის წევრია, თბილისის 2015 წლის ბავშვთა ოლიმპიურ ფესტივალში რომ უნდა ჩაერთოს. იუნიორთა ნაკრებისთვის კი ჯერ საკმაოდ პატარაა და ბრინჯაოს შედეგის გასაუმჯობესებლად ევროტატამზე კიდევ ორი შანსი მიეცემა.
- რატომ აირჩიე მაინც და მაინც ძიუდო?
მზია ბებოშვილი: 87-ე სკოლის დარბაზში ვნახე, ბიჭები ვარჯიშობდნენ. ძალიან დამაინტერესა. ვთხოვე, მეც დამჭიდებოდნენ და ყველას ვაჯობე. მაშინ ტანვარჯიშზე დავდიოდი, მაგრამ იმ დღიდან ჭიდაობის გარდა აღარაფრის გაგონება მინდოდა. მშობლებს რომ ვუთხარი, გადაირივნენ – ხომ არ გაგიჟდიო. ბოლოს მაინც ისე მოხდა, როგორც მე მსურდა. მამაჩემს ვიღაცამ ურჩია, დიღმის აკადემიაში მოვეყვანე. ტანვარჯიშიდან გამოვედი და ძიუდოზე ვარჯიში დავიწყე კახა მოცრაძესთან.
- მხოლოდ მესამე წელია, რაც ძიუდოში ვარჯიშობ და უკვე ევროპის პრიზიორი ხარ...
- ევროპის ჩემპიონატამდე საერთაშორისო ტურნირებზე მხოლოდ სამჯერ გამოვედი, მაგრამ ვერცერთ “ევროპის თასზე” საპრიზო სამეულში ვერ მოვხვდი. მწვრთნელების მცხვენოდა, ერთხელაც რომ ვერ გავუმართლე და მათ მაინც ამხელა ნდობა გამომიცხადეს – ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელ შემადგენლობაში შემიყვანეს. საბედნიეროდ, ბოლოს და ბოლოს გავახარე.
- დებიუტისთვის ბრინჯაოს მედალი მშვენიერი შედეგია, მაგრამ ალბათ, ნახევარფინალში განცდილ დასანან მარცხზე მაინც გწყდება გული...
- შეხვედრა მთავრდებოდა, ტაბლოს რომ გავხედე, რამდენი დარჩა-მეთქი და მოწინააღმდეგემ წამიერი მოდუნება არ მაპატია. მართლა დასანანი შეხვედრა წავაგე, მაგრამ არაუშავს. ამ წარუმატებლობამ კიდევ უფრო მეტად დამმუხტა. მასაც აუცილებლად მოვუგებ და უკეთეს შედეგსაც მივაღწევ.