ფეხბურთი

15:32 | 24.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

გოგია მომავალ სეზონშიც “ჰალეშერში” დარჩება

აკაკი გოგია დიდი ალბათობით მომავალ სეზონშიც გერმანიის მე-3 ლიგის საფეხბურთო კლუბ “ჰალეშერში” ითამაშებს.

“ენდი” (გოგიას მეტსახელი)  “ჰალეშერში” დარჩება თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა” – იუწყება გოგიას მენეჯერის მარტინ ვონტრას სიტყვებს გერმანული ინტერნეტპორტალი mz-web.de. ვონტრა სააგენტო SportsTotal-ს წარმოადგენს, რომლის კლიენტები მარიო გიოტცე, ტონი კროოსი (ორივე “ბაიერნი”) და მარკო როისი (“დორტმუნდი”) არიან.

მიმდინარე სეზონში გოგიამ 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა. ის სხვადასხვა გამოცემების ვერსიით მე-3 ლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში არაერთხელ მოხვდა და ტურის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. 22 წლის ქართველი ნახევარმცველის მენეჯერი არ მალავს, რომ ასეთი თამაშის ფონზე, მისი კლიენტით უფრო მაღალი ლიგის კლუბები დაინტერესდნენ. მან დაადასტურა, რომ გოგიას თამაშს ბერლინის “ჰერტასა” და “ბოხუმის” წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.

 “მისი შეძენით ბევრია დაინტერესებული, რა თქმა უნდა, “ენდის” მიზანი უფრო მაღალ დონეზე თამაშია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება თუ ის კიდევ ერთი წელიწადი “ჰალეშერში” დარჩება. “ენდი” იქ თავს როგორც საკუთარ სახლში ისე გრძნობს. ასეთ პირობებში მას უფრო მეტად მომატება შეუძლია. ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის საქმე მხოლოდ ფულში ხომ არაა” – თქვა ვონტრამ. 

ამჟამად, გოგიას სატრანსფერო ღირებულება 425000 ევროა. სხვათა შორის, მომავალ სეზონში მე-3 ლიგის “ჰალეშერის” ბიუჯეტი 5500000 ევრო იქნება.

0.136868