საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახეავერმცველმა გოგა გახოკიძემ, რომელიც ამჟამად ფიფას ლიცენზირებული აგენტია, ინტერნეტგამოცემა football.ua-სთან საუბარში აღნიშნა, რომ მის საქმიანობაში ყველა მთავარი პატიოსნებაა.
- შეგიძლიათ მოგვითხროთ თქვენი ამჟამინდელი ცხოვრების შესახებ? როგორც ვიცით, საფეხბურთო აგენტად მუშაობთ და საკმაოდ წარმატებითაც...
- ამჟამად, ჩემი ცხოვრება კვლავ ფეხბურთს უკავშირდება. მეგობრებთან, გიორგი ქინქლაძესა და დავით ყენიასთან ერთად, ფიფას ლიცენზირებული აგენტი ვარ. იმ მოთამაშეებს შორის, ვის ინტერესსაც ვიცავ, შემიძლია ჰოლანდიის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია დაგისახელოთ. ასევე, ჩემი კლიენტებია არიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი.
- როდესაც კარიერას იწყებდით საქართველო ომის შემდეგ ფეხზე დგებოდა. საფეხბურთო ჭაბუკობა როგორ გახსენდებათ? ომი ფეხბურთს შეეხო? მაშინ, ქართული ფეხბურთი რა მდგომარეობაში იყო?
- ჩემი კარიერის დასაწყისი საქართველოში სამოქალაქო ომს დაემთხვა. საერთო ვითარება ფეხბურთისთვის არახელსაყრელი იყო. თუმცა, რა უნდა გვექნა? ვთამაშობდით და გულს ვაყოლებდით.
- ბევრმა ქართველმა ფეხბურთელმა, მათ შორის თქვენც, შთამბეჭდავი კარიერა 90-იან წლებში გაიკეთეთ. თქვენი დებიუტი გახსოვთ?
- დებიუტი საქართველოს უმაღლესი ლიგის კლუბ რუსთავის “მეტალურგში” მქონდა. ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა პირველმა მწვრთნელმა რამაზ მუმლაძემ, ხოლო კარიერაში წინსვლაში ძალიან დამეხმარა ვლადიმერ გუცაევი. ისე მოხდა, რომ თბილისის “დინამოში” სწრაფად შემამჩნიეს, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი მარტივი არ არის.
- “დინამოში” ბევრი მატჩი ნამდვილად არ ჩაგიტარებიათ. სამაგიეროდ, ერთი სეზონის შემდეგ “კოლხეთში” ითამაშეთ. რა მოხდა?
- “დინამოში” დებიუტი უეფას თასზე მქონდა, მაგრამ შემდეგ ტრავმა მივიღე და ერთი წელი გამიცდა. იძულებითი შესვენების მერე, იჯარით ფოთის “კოლხეთში” გადავედი, სადაც სათამაშო პრაქტიკა მქონდა. იმ პერიოდში, “კოლხეთი” ევროთასებზე თამაშობდა და საქართველოში ერთ-ერთი ძლიერი გუნდი იყო.
- იმ დროს თბილისის “დინამოში” კალაძე, კობიაშვილი, ჯამარაული, იაშვილი და დემეტრაძე თამაშობდნენ. ასეთ ვარსკვლავურ კამპანიაში თავს როგორ გრძნობდით? ალბათ, კობიაშვილს ჯერ კიდევ მაშინ დაუმეგობრდით?
- მაშინდელ “დინამოში” ყველაზე ნიჭიერი თაობა დამხვდა. კობიაშვილს ჯერ კიდევ “მეტალურგიდან” ვიცნობდი, ხოლო დანარჩენები “დინამოში” გავიცანი. თუმცა, დამიჯერეთ “კოლხეთშიც” იყვნენ ნიჭიერი ფეხბურთელები. ჩვენ ინტერტოტოს თასზე ვთამაშობდით და მართალია, ყველა მატჩი წავაგეთ, მაგრამ უბრძოლველად არავის დავნებებივართ, მათ შორის ფრანგულ “გენგამს”.
- თუ არ ვცდები, თქვენს კარიერაში გადამწყვეტი “ალანიაში” გადასვლა აღმოჩნდა?
- გეთანხმებით. “ალანიაში” ვლადიმერ გუცაევმა მიმიყვანა. ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბებაში განსაკუთრებით მინდა ვალერი გაზაევის წვლილი აღვნიშნო. მას ფსიქოლოგიურად გუნდის გამარჯვებისთვის განწყობა საუცხოოდ გამოსდიოდა.
- იმ პერიოდში, “ალანია” ჩემპიონობისთვის იბრძოდა და ევროთასებზე თამაშობდა. გახსოვთ “დნიპროს” განადგურება? უკრაინულ კლუბთან ჩატარებული ასეთი დამაჯერებელი თამაშის შემდეგ, უნგრულ მტკ-სთან რატომ დამარცხდით?
- ის დღე როგორ დამავიწყდება?! ძალიან შთამბეჭდავი ფეხბურთი ვაჩვენეთ. უკრაინულ გუნდს ყველა კომპონენტში ვაჯობეთ. 4:1 მოვიგეთ და 2 გოლი გავიტანე. მტკ-სთან მარცხი საწყენი იყო. ჩვენ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ უნგრელები უფრო ძლიერნი აღმოჩნდნენ.
- “ალანიას” შემდეგ პსვ-ში მოხვდით. ჰოლანდიელებთან მოლაპარაკება როგორ მიმდინარეობდა? თქვენს სანაცვლოდ რამდენი გადაიხადეს? ჰოლანდიის შესახებ პირველი შთაბეჭდილება როგორი იყო? ალბათ, ფეხბურთის ორგანიზების მხრივ “სხვა პლანეტაზე” აღმოჩნდით?
- “ალანიადან” პსვ-ში გადასვლა იოლად მოხდა. ჩემი ტრანსფერი საფეხბურთო აგენტმა კონსტანტინე სარსანიამ განახორციელა და ჰოლანდიელებმა 3 მილიონი დოლარი გადაიხადეს. რაც შეეხება შთაბეჭდილებას, დღემდე დაუვიწყარია. მაშინდელ რუსეთსა და ჰოლანდიას შორის უდიდესი განსხვავება იყო. საქმიანობიდან გამომდინარე, ჰოლანდიაში ჩასვლა ახლაც ხშირად მიწევს.
- პსვ-ში რომელ პოზიციაზე თამაშობდით? თქვენი კონკურენტები ვინ იყვნენ?
- პსვ-ში მარცხენა ნახევარმცველად ვთამაშობდი. უდიდესი კონკურენცია იყო და ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი. კონკურენტი ბევრი მყავდა. განსაკუთრებით მინდა იონას კოლკა და არიენ რობენი აღვნიშნო.
- იმ გუნდში ვან ნისტელროი, დე ბილდე, ნილისი, ბრუკინგი, რომედალი, ოიერი, აბელ შავიერი, ვატერეუსი თამაშობდნენ. ასეთ ვარსკვლავებთან ნორმალური ურთიერთობა გქონდათ? პსვ-ში თავისუფალ დროს როგორ ატარებდნენ?
- დასაწყისში გუნდთან საერთო ენის მოძებნა გამიჭირდა. მაინც ადვილი არაა ახალ ქვეყანასა და კულტურასთან შეგუება. მოგვიანებით, ყველას დაუმეგობრდი. თავისუფალ დრის ხშირად რესტორნებში ვატარებდით. დასავლეთ ევროპაში ფეხბურთელები მკაცრ პირობებში არ ჰყავთ, ყველაფერი პროფესიონალიზმზეა დაფუძნებული.
- ალბათ, არ შევცდები თუ ვივარაუდებ, რომ უფრო ხშირად ურთიერთობა აღმოსავლეთ ევროპიდან გამოსულ მოთამაშეებთან – ნიკიფოროვთან, ტემრიუკოვთან, ივანთან, სტინგასთან გქონდათ?
- მართალი ხართ, ასე იყო.
- მაშინ, გუნდის მთავარი მწვრთნელი ბობი რობსონი იყო. ის ქართველებს და სხვა “საბჭოელებს” როგორ ეპყრობოდა?
- რობსონისთვის ეროვნებას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მას ყველასთან ერთნაირი ურთიერთობა ჰქონდა. მთავარი იყო, რომ კონკრეტულ მატჩს მომზადებული შეხვედროდი.
- თავდაპირველად პსვ-ში ფეხის მოკიდება რთული იყო. დებიუტი გახსოვთ? პირველი გოლი რომელი გუნდის კარში გაიტანეთ?
- პსვ-ში დებიუტი “ჰერენვენის” წინააღმდეგ მქონდა. “უტრეხტთან” მატჩში ჩემი პირველი “ჰოლანდიური” გოლი გავიტანე. სხვათა შორის, ის თამაში დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, რადგან ამ გამარჯვებით ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვეთ.
- შემდეგ ისრაელში გაგანათხოვრეს. ჰაიფას “მაკაბიში” როგორ მოხვდით?
- “მაკაბიში” იჯარით გამიშვეს. ჰაიფაში საინტერესო გუნდი იყო, რომელთან ერთად ისრაელის ჩემპიონატის ვერცხლის მედლები მოვიპოვე.
- ჰაიფაში თქვენი თანაგუნდელი იოსი ბენაიუნი იყო, რომელმაც ინგლისში კარგი კარიერა გაიკეთა. ის გამოირჩეოდა?
- რა თქმა უნდა. უკვე მაშინ იყო შესამჩნევი, რომ ბენაიუნი ძალიან ძლიერი და საჭირო ფეხბურთელია.
- პსვ-ში დაბრუნების შემდეგ, მთავარ მწვრთნელად ერიკ გერეტსი დაგხვდათ. ბელგიელის მუშაობის პერიოდში გუნდში რა შეიცვალა?
- გერეტსს ერთ-ერთ ყველაზე დიდ მწვრთნელად მივიჩნევ, ვისთანაც კი მიმუშავია. მისი ხელმძღვანელობით ვარჯიშები უფრო ნაყოფიერი გახდა. მუშაობა და თამაში ძალიან საინტერესო იყო. გერეტსის დროს ჰოლანდიის ჩემპიონები გავხდით და თასი მოვიგეთ. გუნდში ვან ბომელი, კეჟმანი, ჰაინცე და ბოუმა გამოჩნდნენ.
- გერეტსის მისვლამდე პსვ სიმპათიური გუნდი იყო, მაგრამ ჰოლანდიის ჩემპიონატში მე-2 ადგილზე მაღლა ვერ ავიდა. ამის მიზეზი მწვრთნელების ცვლა იყო თუ ძლიერი კონკურენტები გყავდათ?
- გუნდი როდესაც “მომწიფდა”, გამარჯვებები მაშინ მოვიდა. გერეტსის მისვლის შემდეგ, პსვ ჩემპიონი გახდა და თასი მოიგო. შეიძლება ითქვას, რომ მან ახალი ეპოქა შექმნა. ჰოლანდიის ჩემპიონატი არცთუ იოლი ტურნირია. იქ დუბლის გაკეთება ისტორიაში შესვლას ნიშნავს. ცხადია, გერეტსის შემცვლელმა გუს ჰიდინკმაც გუნდის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მისი მწვრთნელობის დროს გუნდი ასევე ჩემპიონი გახდა. მისი ხელმძღვანელობით ერთი წელი ვითამაშე. შემიძლია ვთქვა, რომ ახალი მწვრთნელის მოსვლასთან ერთად, პსვ რაღაც ახალს იძენდა და უფრო ძლიერდებოდა.
- “ტვენტეში” რატომ გადახვედით? თამაში გსურდათ? ახლა, უკრაინაში ბევრს ურჩევნია, რომ სათადარიგოთა სკამზე იჯდეს და ხელფასი მიიღოს. თუ ჰოლანდიაში მსგავსი რამ არ ხდება?
- თამაში ძალიან მინდოდა და “ტვენტეში” ამიტომ გადავედი. ჩემთვის თადარიგში ჯდომა და ხელფასის აღება მიუღებელი იყო. “ტვენტეში” გადასვლა არასოდეს მინანია.
- დონეცკის “მეტალურგში” გიორგი დემეტრაძე და გოჩა ჯამარაული თამაშობდნენ. იქ გადასვლა რომელიმე მათგანის რჩევით გადაწყვიტეთ?
- არა, დონეცკში დიმიტრი სელიუკმა მიმიწვია.
- უკრაინის ჩემპიონატი როგორ დაგამახსოვრდათ? იმ დროს “მეტალურგი” ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოდა. კარგი გუნდი იყო?
- გუნდში მხოლოდ 3 თვე გავატარე. დაკონკრეტება არ მსურს “მეტალურგიდან” რატომ წავედი, ყველაფერი იმდენად ცუდად მახსენდება. უკრაინის ჩემპიონატში დონეცკის “შახტარი” დამამახსოვრდა, რომელიც მაშინაც კარგ ფეხბურთს აჩვენებდა.
- მართალია, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ყველაზე რთული პირველი სამი თვეა? ისინი როგორ გადაიტანეთ? ახალი საქმიანობა როგორ დაიწყეთ?
- ვაღიარებ, რომ პირველი სამი თვე ყველაზე რთული იყო. თუმცა, ოჯახისა და მეგობრების დახმარებით, ჩემს ცხოვრებაში ეს ეტაპი გადავლახე. ფეხბურთს დავუბრუნდი, მაგრამ უკვე როგორც ფიფას ლიცენზირებული აგენტი.
- აგენტის მუშაობაში განსაკუთრებული რაა? ფეხბურთი უნდა იცოდე, კავშირები გქონდეს თუ კიდევ სხვა რამ?
- აგენტის მუშაობაში მთავარი კოზირებია – კონტაქტები, სახელოვანი კლიენტები, ხოლო ყველაზე მთავარი პატიოსნებაა.
- ქართული ფეხბურთის ამჟამინდელ დონეს როგორ შეაფასებდით? არიან ნიჭიერი ფეხბურთელები? მათ რა აკლიათ?
- ჩვენ ძალიან ნიჭიერი თაობა გვეზრდება, მაგრამ სამწუხაროდ ფეხბურთელების მოსამზადებლად ელემენტარული პირობები არაა, კლუბები ნორმალურად ვერ ფუნქციონირებენ. შარშან, ჩვენი 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა და ძლიერი გუნდები დაამარცხა. ეს თაობა იმსახურებს, რომ დიდ ფეხბურთში გზის გასაკვალად დაეხმარო.
- ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩებიდან თქვენთვის საუკეთესო რომელი იყო და ყველაზე ცუდად რომელი თამაში გახსენდებათ?
- ნაკრებში თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის საპატიოა. მე უძლიერესი მეტოქეების წინააღმდეგ თამაში მომიწია. სხვათა შორის, იტალიის ნაკრებს გოლი გავუტანე, რაც მთელი ცხოვრება მემახსოვრება. საქართველოს ნაკრებში ჩატარებული თამაშებიდან, ჩემთვის საუკეთესო უკრაინასთან დაპირისპირება იყო. 0:1 ვაგებდით და ბოლო წუთებზე ანგარიში გავათანაბრე. ყველაზე ცუდად დანიასთან დიდი ანგარიშით წაგება მახსენდება.
- ამჟამად, ჰოლანდიაში “ქართულ” გუნდად “ვიტესი” ითვლება. მას ვინ ხელმძღვანელობს და როგორი მომავალი აქვს?
- კლუბს მერაბ ჟორდანია ხელმძღვანელობს, რომელმაც მის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. “ვიტესს” ევროთასებზე მოხვედრის შანსი ჰქონდა, რომელიც ხელიდან არ გაუშვა. ეს კი, მისი ხელმძღვანელის პროფესიონალიზმზე მიუთითებს.
- კარიერაში გული რაზე გწყდებათ? ჯანმრთელობაზე? სასურველ გუნდში ვერგადასვლაზე?
- ერთადერთი გული იმაზე მწყდება, რომ ხშირი ტრავმების გამო, კარიერა ნაადრევად დავასრულე. სხვათა შორის, როდესაც “ალანიაში” ვთამაშობდი, კიევის “დინამოში” მიმიწვიეს. გაზაევმა პსვ-ში გადასვლა მირჩია და ამის შესახებ არ ვნანობ.
- ფეხბურთში თქვენი კერპი ვინაა?
- მარადონა. ამიტომ, ვითამაშე თბილისში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში, რომელშიც ის მონაწილეობდა. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო იყო.
- ფეხბურთში თქვენი საუკეთესო მეგობარი?
- გიორგი ქინქლაძე, გიორგი ღუდუშაური, დათო ჩალაძე.
- ყველაზე მხიარული თანაგუნდელი რომელიც ოდესმე გყოლიათ?
- ალბათ, დემეტრაძე.
- “სტანდარტულების” საუკეთესო შემსრულებელი, ვისთან ერთადაც გითამაშიათ?
- ლუკ ნილისი.
- ყველაზე ძლიერი დარტყმა ვის ჰქონდა?
- არნოლდ ბრუგინკს.
- ყველაზე სწრაფი ვინ იყო?
- დენის რომედალი და არიენ რობენი.