“ალანიას” ქართველმა ნახევარმცველმა გოჩა ხოჯავამ, კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვლადიკავკაზელთა რიგებში ოფიციალურ მატჩებში გატანილ პირველ გოლს, თავის ვაჟს მიუძღვნის.
- “ალანიაში” თქვენი გადასვლა როგორ მოხდა?
- ჩემპიონატის რომ დამთავრდა, 4-5 დღით მოსკოვში ვიყავი. ჩემმა აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ “ალანიას” პრეზიდენტს უნდა შევხვედროდი. ამ შეხვედრის დროს, კონტრაქტი მომაწოდეს, რომელიც წავიკითხე და ხელი მოვაწერე. ყველაფერი სწრაფად მოხდა. “ალანიასთან” ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმე.
- რას იტყვი შეკრებაზე? დატვირთვებს უძლებ?
- მართალი გითხრათ, პირველი სამი დღე ჩემთვის რთული იყო. შემდეგ მივეჩვიე და დატვირთვებსაც ვუძლებ. ეს აუცილებელია, რადგან ვიცი, რომ ჩემპიონატისთვის კარგ სათამაშო ფორმაში ვიქნები.
- ოთარ მარცვალაძეზე რის თქმა შეგიძლიათ?
- ოთარის შესახებ კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. ის პროფესიონალი და ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. ერთად დიდი ხანია ვთამაშობთ და მოედანზე ერთმანეთს უპრობლემოდ ვუგებთ. ჩემი აზრით, “ალანიასთავის” ის დიდი ძალაა. მიხარია, რომ კვლავ ერთ გუნდში მოვხდით.
- განვლილ სეზონში, მარცვალაძესთან ერთად ხაბაროვსკის “სკა-ენერგიაში” გამოდიოდით, რომელსაც პრემიერლიგაში მოხვედრამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. იმ გუნდში შენ თამაშს როგორ შეაფასებ?
- იქ თამაში ჩემთვის ძალიან ძნელი იყო, რადგან ჯერ ხაბაროვსკში ცხოვრებას უნდა მიეჩვიო და შემდეგ იფიქრო, როგორც ვარჯიშზე, ასევე თამაშზე. გამომდინარე იქიდან, რომ დროში სხვაობა 7 საათია, არ იცი, როდის დაიძინო, როდის ისადილო და ივახშმო. ამის გამო, თამაში არ გამომივიდა და ჩემი შესაძლებლობები ვერ ვაჩვენე.
- პირადად რომელ ქართველ ფეხბურთელს იცნობთ, ვისაც “ალანიაში” უთამაშია?
- ომარ თეთრაძეს, რომელიც ჩემი მწვრთნელი და ძალიან ძლიერი ფეხბურთელი იყო. კიდევ ვინ შეიძლება დავასახელო?
- პრაქტიკულად ყველა ასაკობრივ ნაკრებში გითამაშიათ და ეროვნულ გუნდში რატომ არ გიწვევენ?
- კვიპროსში რომელ გუნდშიც ვთამაშობდი, იქ თემურ ქეცბაია მოთამაშე-მწვრთნელი იყო და ჩვენი ურთიერთობა არ აეწყო. ამის შემდეგ, ქეცბაია ნაკრებში აღარ მიწვევს, იმის გამო, რომ კვიპროსში ჩვენ შორის რაღაც მოხდა. (ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებში ხოჯავას სლოვენიასთან ამხანაგურ მატჩში უთამაშია, რედ.)
- “ალანიაში” გატანილ პირველ გოლს ვის მიუძღვნით?
- ჩემს ვაჟს, რომელსაც ფეხბურთი უყვარს და მგულშემატკივრობს.