ფეხბურთი

14:37 | 10.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

გოჩა ჯამარაული: “ჩვენი ფეხბურთი არათუ „ქირურგიული ჩარევის“ , არამედ კარდინალური გარდაქმნის მოლოდინშია”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ტექნიკური და ლამაზი თამაშით გამორჩეულმა გოჩა ჯამარაულმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მდგომარეობაზე ისაუბრა. მოძრაობა “ჩვენი ფეხბურთის” წვერმა ჯამარაულმა აღნიშნა, რომ ნაკრებში პრაქტიკულად დაკარგულია ქართული ფეხბურთისთვის დამახასიათებელი შემტევი სტილი და კიდევ არაერთ უარყოფითზე თქვა.

“ქვეყანაში ნებისმიერი სპორტის სახეობის დონე ეროვნული ნაკრების თამაშის  ხარისხითა და შედეგით იზომება, ბუნებრივია ამ მხრივ გამონაკლისს არც ფეხბურთი წარმოადგენს. 2006 წლიდან მოყოლებული ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა  მსოფლიოსა და ევროპირველობის შესარჩევ ეტაპებზე 4–ჯერ ბოლოსწინა, ერთხელ კი ბოლო ადგილი დაიკავა. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში სულ  3 გოლი გაიტანა და აღნიშნული მაჩვენებლით ევროპის 53 ნაკრებს  შორის მხოლოდ ანდორასა და სან მარინოს გაუსწრო. 

 ეროვნული გუნდის წევრების  უაღრესად მწირი რესურსის ფონზე (ნაკრებში მიწვეული ფეხბურთელების კლუბთაგან საუკეთესო, პროვინციული ჰოლანდიური გუნდი არნემის „ვიტესია“ ) ბოლო არ უჩანს მწვრთნელებსა და მოთამაშეებს შორის კონფლიქტს, რომელიც უკვე პერმანენტულ ხასიათს იღებს და ჩვენი გუნდის მეტად არასახიერბიელო  მდგომარეობას კიდევ უფრო  ამძიმებს. ცალკე საუბრის თემაა თანამედროვე საფეხბურთო სტანდარტების გათვალისწინებით ეროვნული ნაკრების თამაშის სტილი და ხარისხი. ნაკრების თამაშის უაღრესად მდარე ხარისხს არასათანადო დატვირთვაც ახლავს.  წლებია, რაც ფედერაციის ხელმძღვანელობა სეზონის განმავლობაში,  ფიფას კალენდარში თუნდაც საშუალო კლასის სპარინგ–პარტნიორის მოძიებას ვერ ან არ ახერხებს .

 ეროვნულმა ნაკრებმა  პრაქტიკულად დაკარგა  ქართული ფეხბურთისთვის  დამახასიათებელი  შემტევი სტილი, იმპროვიზაცია, ინდივიდუალური ოსტატობა, ყველა ის თვისება, რამაც ჩვენს ფეხბურთს მსოფლიო საფეხბურთო  სამყაროში სახელი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 40–იანი წლებიდან გაუთქვა. ყველაზე სავალალო კი ის გახლავთ, რომ ქართული ფეხბურთის ქომაგთა რიცხვი დღითიდღე კატასტროფულად კლებულობს. ახალგაზრდა თაობის სოლიდურ ნაწილს კი ქართული ფეხბურთის გაგონებაც არ სურს. ქართული ფეხბურთის ცხოვრების ნორმად იქცა, როდესაც  ეროვნული ნაკრების თამაშებზე ფანების დიდი ნაწილი  საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგე გუნდების და მათი ფეხბურთელების სანახავად დადის.

 ეროვნული ნაკრების პრობლემებისგან დიდად არ განსხვავდება U21 გუნდის მდგომარეობა. ქართველი ახალგაზრდები მომზადების დონით ევროპელ თანატოლებს საგრძნობლად ჩამორჩებიან, რასაც როგორც თამაშის ხარისხი, ასევე ნაჩვენები შედეგიც ცხადად მოწმობს. ერთადერთი, რითაც ქართულმა ფეხბურთმა შეიძლება ასე თუ ისე თავი მოიწონოს,  U19  და  U17  ნაკრებთა ბოლოდროინდელი ეპიზოდური  წარმატებები გახლავთ.  თუმცა, ჩვენი ახალგაზრდა მოთამაშეების საფეხბურთო ნიჭის ფონზე ეს  საკმაოდ მწირია.  სათანადო ყურადღებისა და ზრუნვის, სწორად განვითარების შემთხვევაში ქართველ ახალგაზრდებს კონტინენტის  საფეხბურთო ორბიტაზე ანგარიშგასაწევ ძალად წარდგენა ძალუძთ. მთელ მსოფლიოში ასაკობრივ ნაკრებთა უპირველეს ამოცანას თითოეული ფეხბურთელის დაოსტატება და ქვეყნის მთავარი გუნდისთვის საიმედო ცვლის მომზადება წარმოადგენს. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება პრიორიტეტული შედეგზე ორიენტირება. ნათელი მაგალითისთვის ქართველი ჭაბუკების მიერ ბოლო წლებში ინგლისის, ჰოლანდიისა და ესპანეთის დამარცხება გამოდგება. მაგრამ, თუკი ხსენებული გუნდების მოთამაშეები  დღეს უკვე თავიანთი ქვეყნების უმაღლესი ლიგის დონეზე (არცთუ იშვიათად ტოპ–გუნდებშიც) ასპარეზობენ (პრემიერ ლიგა; ერედივიზიონი; პრიმერა დივიზიონი) , ჩვენი ახალგაზრდების უმეტესი ნაწილი საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში თამაშობს, სადაც ფეხბურთელის რაიმე ზრდასა და განვითარებაზე საუბარიც კი ზედმეტია. აღნიშნულ ვითარებას სხვა პრობლემებთან ერთად ქართულ ფეხბურთში ფესვგამდგარი კორუფციაც განაპირობებს.

  საქართველოს არცერთ ასაკობრივ ნაკრებში არ არსებობს წვრთნისა და თამაშის ერთიანი სისტემა, რომელიც ევროპის მოწინავე საფეხბურთო ქვეყნებში კარგა ხნის დანერგილი გახლავთ.  აღნიშნული პრობლემის გამო ქართველ ახალგაზრდებს უჭირთ როგორც ეროვნულ, ასევე ასაკობრივ ნაკრებებში თავის წარმოჩენა და სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში არსებულ, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ სათამაშო სტილთან და საფეხბურთო ფილოსოფიასთან შეგუება.

 ზემოთ აღწერილი პრობლემების შემდეგ გასაკვირიც კი იქნებოდა, რომ საქართველოში ფუტსალის, ქალთა ფეხბურთის, სამოყვარულო ფეხბურთის, ინვალიდთა ლიგისა და პლაჟის ფეხბურთის განვითარებაში რადიკალურად განსხვავებული და იმედისმომცემი სურათი დაგვხვედროდა. მცირე „გამონათება“ მხოლოდ ფუტზალს ჰქონდა, რის შემდეგ დღის წესრიგში აღნიშნული სახეობის ყოფნა–არყოფნაც კი დადგა. ფუტზალის გარდა არცერთ ხსენებულ სახეობაში დღემდე ეროვნული ჩემპიონატი არ გამართულა, მიუხედავად იმისა, რომ ფიფაც და უეფაც ეროვნულ ფედერაციებს ამ სეგმენტის განვითარებას ავალდებულებენ და ამისთვის სოლიდურ თანხებსაც გამოყოფენ. ქალთა ეროვნულ ნაკრებს ეკიპირებაც კი არ გააჩნია და სათამაშო ფორმას გოგონები ხშირად ვაჟებისგან თხოულობენ. სამოყვარულო, ინვალიდთა და პლაჟის ფეხბურთშიც  მსგავსი კატასტროფული მდგომარეობაა შექმნილი.

  ჩვენი ფეხბურთი არათუ „ქირურგიული ჩარევის“ , არამედ კარდინალური გარდაქმნის მოლოდინშია. საზოგადოება უკვე კარგა ხანია ქართული ფეხბურთის სათავეში ნდობის მანდატით აღჭურვილი  თანამედროვე საფეხბურთო ცნობიერებისა და განათლების, ნოვაციური იდეების მქონე პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდის მოსვლას ითხოვს. გუნდის, რომელიც რადიკალური რეფორმების გატარებასთან ერთად არა მერკანტილური, არამედ ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელებს  და ქვეყნის საფეხბურთო ცხოვრების განვითარების საქმეში დაშვრება”.

0.116926