ფეხბურთი

19:04 | 30.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

გმირების დახვედრა

საათნახევრის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან გულშემატკივრების არმია იყო. ისინი საათნახევრის განმავლობაში ელოდნენ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ჩამოსვლას. საათნახევრით გვიან ჩამოფრინდნენ, თუმცა ქომაგებს ფეხი არ მოუცვლიათ. გმირებს კარგი დახვედრა მოუწყვეს.

გია ცეცაძე: “რთული და დაძაბული მატჩები გამოვიარეთ. პირველ თამაშში ინგლისთან ძალიან დიდი შანსი გვქონდა, რომელიც ხელიდან გავუშვით. მეორე ტაიმში დავკარგეთ ეს შანსი, როდესაც ფრედ დავასრულეთ შეხვედრა. შოტლანდიას რაც შეეხება, იქვე გავაკეთე კომენტარი და ახლაც იგივე აზრზე ვარ, თუმცა ამ ქმედებაზე სათანადო პასუხი მიიღეს. მაშინვე ჩამოვიდნენ ფედერაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი და ბოლომდე გვერდში გვედგნენ. თავიდან ალბათ უპატრონოები ვეგონეთ, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გამოასწორეს და ბოდიშიც მოიხადეს. თუმცა იმ თამაშმა ძალიან დიდი დაღი დაასვა გუნდს. მოთამაშეები დაგვაკლდნენ. მეკარე გვყავდა მეთორმეტე ნომრად, რომ საგანგებო სიტუაციაში ეთამაშა. რაც შეეხება ჩვენ მოგებას, პირველ რიგში, ღვთის წყალობაა და ბიჭების სწორი თამაში. ასევე სწორი სტრატეგია შეტევაში. ინგლისი, ბელგია, შოტლანდია შეიძლება ჩვენზე ძლიერები არიან და კარგად გამოიყურებიან, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია. ბიჭებმა ამაღლებული განწყობით შეუტიეს და შედეგიც სახეზეა. შესარჩევი ეტაპის მერე ევროპაზეც კარგ შედეგებს ველოდები. ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ”.

ნიკა ჭანტურია: “ურთულესი შეხვედრები გამოვიარეთ. ყველა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ყველაში დიდი ძალისხმევა ჩავდეთ. სასიხარულოა, რომ ამდენი ქომაგი დაგვხვდა. ძალიან დიდი მადლობა მათ. გამოვყოფდი შოტლანდიასთან მატჩს, რადგან ეს თამაში იყო განსაკუთრებით დაძაბული. 9 კაცი დავრჩით, ორი დაგვაკლდა, მაგრამ საბედნიეროდ, მოვიგეთ. მოვაბრუნეთ ეს თამაში. ბოლო თამაშიც დაძაბული იყო ფსიქოლოგიურად. მინდა აღვნიშნო, რომ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ და ევროპაზეც საფინალო ადგილებს ვუმიზნებთ”.

გიორგი ფანცულაია: “პირველ რიგში, დიდი მადლობა გულშემატკივარს. სასიხარულოა, რომ ამდენი ხალხი დაგვხვდა აქ და ასეთი ბედნიერები არიან ჩვენი წარმატებით. ყველაზე დაძაბულად შოტლანდიასთან მატჩს დავასახელებდი, სადაც თამაში შედგა 11/9-ზე. ყველაფერი გავაკეთეთ, მაქსიმალურად დავიხარჯეთ და შედეგიც სახეზეა. ევროპაზეც მაქსიმალურ შედეგებს ველოდებით. რა თქმა უნდა, ჯანსაღი ამბიციებით მივდივართ”.

0.11669