ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიის დარბაზში მიმდინარე “საქართველოს ჩემპიონთა თასზე” დღეს საქმეში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთნენ და 59, 71, 80 და 98 კილოგრამ წონით კატეგორიებში ჩემპიონ-პრიზიორები გამოავლინეს. შეგახსენებთ 71 და 80 კილოგრამები ოლიმპიური პროგრამის მიღმა დარჩენილი წონებია, თუმცა ამ ეტაპზე ოლიმპიური თამაშები ნაკლებად აქტუალურია და ქართული ტურნირი მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელი შემადგენლობის დასაკომპლექტებლად ტარდება.
შიდა კონკურენციაში ყველა უძლიერესი მოჭიდავე ჩაერთო, მანუჩარ ცხადაიას გარდა. 71 კილოგრამში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ამჯერად ერთი წონით მაღლა – 75 კილოგრამში მოსინჯავს ძალას.
ცხადაიას არყოფნაში ყველას საქართველოს 2013 წლის პირველობის ბრინჯაოს პრიზიორმა გიორგი ჯავახიამ აჯობა. თბილისელმა სპორტსმენმა ფინალის გზაზე ოთხი მეტოქე ჩამოიცილა: გარდაბნელი სულხან ნიკოლიშვილი (1:0 1:0), რუსთაველი თამაზ მულაძე (11:3), ოზურგეთელი გიორგი ხუჭუა (9:0) და აჭარელი მერაბ ქაჯაია (8:0). ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს, აჭარის გუნდის წევრ მინდია წულუკიძეს დაძაბულ შეხვედრაში სძლია – 2:1.
წულუკიძე შიდა ტურნირის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა და ამჯერადაც ვერცხლს დასჯერდა. თუმცა მაყურებელთა დიდი ნაწილის აზრით, მის დღევანდელ წარუმატებლობაში ჯავახიას კარგი ჭიდაობის გარდა წვლილი მსაჯსაც მიუძღვოდა. პრეტენზიას საფუძველი მართლაც ჰქონდა – ხალიჩის არბიტრი მთელი შეხვედრის განმავლობაში გადაწყვეტილებებს არადამაჯერებლად იღებდა და ყოველ მის ქულას თუ გაფრთხილებას ხმაურიანი პროტესტები ახლდა თან. ფინალის დასრულების შემდეგ კი დარბაზში შეჭრილი მაყურებლების დაშოშმინებას დაახლოებით ათი წუთი დასჭირდა.
71 კილოგრამის პოდიუმის მესამე საფეხურზე მერაბ ქაჯაია და ოზურგეთელი გიორგი ჯაში ავიდნენ.
მეორე არაოლიმპიურ წონაში ოქროს მედალს მთავარი ფავორიტი – ქუთაისელი გიორგი ცირეკიძე დაეუფლა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი და ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი საქმეში მეორე წრიდან – მეოთხედფინალიდან ჩაერთო, სადაც თბილისელ რუდოლფ ოგანეზოვს პირველსავე პერიოდში მოუმთავრა საქმე (8:0). ბევრისთვის მოულოდნელად, საქართველოს ბრინჯაოს პრიზიორ თორნიკე ძამაშვილსაც ძალიან ადვილად აჯობა. ერთადერთი, რაც ძამაშვილმა შეძლო, პირველი ქულა აიღო, შემდეგ კი ინიციატივას ცირეკიძე დაეუფლა და მეორე პერიოდის შუაწელს რვაქულიან უპირატესობამდე (5:1 4:0) ავიდა, რაც ავტომატურად გამარჯვებას ნიშნავდა.
ევროპის წლევანდელი პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი ფინალში ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონს, თბილისელ ნიკოლოზ კელასოვს დაუპირისპირდა. ეს უკანასკნელი გადამწყვეტ ბრძოლამდე ისე იყო მისული, ერთი ქულაც კი არ დაეკარგა.
ფინალში ორი აბსოლუტურად განსხვავებული პერიოდი ვიხილეთ. პირველში კელასოვმა გამოცდილ მეტოქეს განძრევის საშუალება არ მისცა და 2:0 სძლია, ნახევარწუთიანი შესვენების შემდეგ კი ცირეკიძის მძლავრ შეტევებს ვეღარაფერი მოუხერხა და გაფრთხილებისა და ხალიჩის მიღმა გასვლის გამო ზედიზედ ხუთი ქულა დაკარგა. წერტილი მომავალმა ჩემპიონმა ოთხქულიანი გდებით დასვა. ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ: ძამაშვილი და ოზურგეთელი ზურაბ ცინცაძე.
უმსუბუქესი წონითი კატეგორიის – 59 კილოგრამის შიდა კონკურენცია აჭარული ფინალით დაგვირგვინდა. საქართველოს ჩემპიონმა გოდერძი დავითაძემ ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის საქართველოს რამდენიმეგზის პრიზიორ მირზა ვანაძეს წუთსა და 43 წამში შვიდი ქულა აუღო, ისე, რომ თავად ერთიც არ დაუკარგავს და შიდა კონკურენციის ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა.
ამ შეხვედრამდე დავითაძემ ასევე აჭარის გუნდის წევრ თემურ შავაძის (6:0 2:0), წყალტუბოელ გენადი ქუთათელაძესა (8:0) და სენაკელ ხვიჩა ჭითავას სძლია (3:1). ყველაზე მეტად ნახევარფინალში რომ გაუჭირდა, ანგარიშიდანაც ჩანს. პირველი პერიოდში ჭითავამ მეტოქის საჭიდაო ხაზს მიღმა გაყვანით აღებული ქულით მოიგო, თუმცა მინიმალური ანგარიშის მიუხედავად, საწყის სამწუთეულში საკმაოდ გახსნილი და შემტევი ჭიდაობა ვიხილეთ, თავისი სადავო ეპიზოდებით და საქმეში მსაჯთა მაგიდის ჩარევით. მეორე პერიოდი კი ჯერ დასრულებული არ იყო, მსაჯებმა მორიგი ვიდეოგანხილვის შემდეგ ჭითავას მესამე გაფრთხილება რომ მისცეს და გამარჯვებულად დავითაძე გამოაცხადეს. ნიკოლოზ ჭითავამ მედალი მაინც აიღო, ოღონდ ბრინჯაოსი. მასთან ერთად მესამე ადგილი გარდაბნელმა გიორგი მამნიაშვილმა დაიკავა.
ყველაზე დაძაბული და ლამაზი ბრძოლები 98 კილოგრამში შედგა. მათგან ერთ-ერთი საუკეთესო წყალტუბოელი ირაკლი ქაჯაიასა და თბილისელი რევაზ ნადარეიშვილის დაპირისპირება იყო. პირველი პერიოდი ქაჯაიამ 7:2 მოიგო და თითქოს შეხვედრას ინტრიგაც დაუკარგა, მაგრამ ნადარეიშვილმა მცირე შესვენების შემდეგ გაცილებით აქტიურად შეუტია და ბოლო წუთზე ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა (7:8). ანგარიშის სათავისოდ შესატრიალებლად კი ძალა აღარ ეყო. ბოლო შეტევისას ვაბანკზე წავიდა, მაგრამ კიდევ ორი ქულა დაკარგა და 7:10 დამარცხდა.
მალე ნადარეიშვილს ბრინჯაოს მედლისკენ მიმავალი გზაც ჩაეკეტა, მას შემდეგ, რაც ქაჯაიას ნახევარფინალში თბილისელმა ვასილ იმერლიშვილმა არანაკლებ დრამატულ ბრძოლაში მოუგო (1:1 4:2).
მეორე ნახევარფინალი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გამოვიდა – ბაღდადელი იოსებ ჯაბიძე ოზურგეთელ ვლადიმერ ქარჩავასთან სამი წუთის შემდეგ 1:5 ჩამორჩა. მეორე პერიოდში ულამაზესი ოთხქულიანი გდებით გაათანაბრა ანგარიში, ზედ ორი ქულაც მიაყოლა და დარჩენილ ერთ წუთში მეტოქეს განძრევის საშუალება აღარ მისცა (7:5).
საჭიდაო დღე იმერლიშვილისა და ჯაბიძის დაპირისპირებით დაგვირგვინდა. ოქროს ბედი ერთადერთმა გაფრთხილებამ გადაწყვიტა, რომელიც მსაჯმა ჯაბიძეს მისცა, მისი მეტოქის ანგარიშზე კი ქულა ჩაწერა. ეს უპირატესობა იმერლიშვილმა საფინალო სირენამდე დარჩენილ ნახევარ წუთში გაჭირვებით შეინარჩუნა. მსაჯობით უკმაყოფილო მაყურებელთა აზრით, შეხვედრის მიწურულს გაფრთხილებას და საჯარიმო ქულით დასჯას ისიც იმსახურებდა, მაგრამ ამ შემთხვევას, 71 კილოგრამის ფინალისგან და მით უმეტეს, გუშინდელი დღისგან განსხვავებით, გაცილებით ნაკლები ხმაური და მხოლოდ თითოოროლა შეგინება მოჰყვა.
ხვალ მედლები დარჩენილ ოთხ წონაში: 66, 74, 85 და 130 კილოგრამებში გათამაშდება.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
“საქართველოს ჩემპიონთა თასი”
თბილისი
9 ივნისი
59 კგ
1 გოდერძი დავითაძე (აჭარა)
2 მირზა ვანაძე (აჭარა)
3 ხვიჩა ჩიტავა (სენაკი)
3 გიორგი მამნიაშვილი (გარდაბანი)
71 კგ
1 გიორგი ჯავახია (თბილისი)
2 მინდია წულუკიძე (აჭარა)
3 გიორგი ჯაში (ოზურგეთი)
3 მერაბ ქაჯაია (აჭარა)
80 კგ
1 გიორგი ცირეკიძე (ქუთაისი)
2 ნიკოლოზ კელასოვი (აჭარა. ოლიმპიური რეზერვების ცენტრი)
3 ზურაბ ცინცაძე (ოზურგეთი)
3 თორნიკე ძამაშვილი (გარდაბანი)
98 კგ
1 ვასილ იმერლიშვილი (რუსთავი)
2 იოსებ ჯაბიძე (ბაღდადი. ოლიმპიური რეზერვების ცენტრი)
3 ნიკოლოზ კახელაშვილი (თბილისი)
3 ამირან ზარნაძე (თერჯოლა)