ფეხბურთი

17:14 | 5.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

გივი იოსელიანი: “უნგრეთში აღზრდილი ქართველი უნგრელზე უკეთესი იქნებოდა”

ცხინვალის “სპარტაკმა” წლეულს გამართულ მატჩებში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. თუნდაც ბოლნისის “სიონთან” 5:1 მოგება გავიხსენოთ. კახა კაჭარავას გუნდი თურქეთის კურორტ ლარაშია და წლეულს პირველად წააგო: რუმინულ “ბრაშოვთან” 0:1. ამ მატჩის თაობაზე “მსოფლიო სპორტი” “სპარტაკის” ნახევარმცველ გივი იოსელიანს დაუკავშირდა. იოსელიანთან სხვა თემებზეც ვესაუბრეთ – როგორც იცით, ის უნგრეთის უმაღლესი ლიგის “კეჩკემეტიშიც” თამაშობდა:

-       ჯერ “ბრაშოვთან” მატჩზე გვითხარით.  

-       თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით. როგორც პირველ, ასევე მეორე ტაიმში ჩვენ უფრო მეტი მომენტი გვქონდა გოლის გასატანად. ორჯერ ძელს გავარტყით ბურთი. პენალტიც ვერ გამოვიყენეთ. მეორე ტაიმში კი რუმინელებმა სტანდარტული მდგომარეობა გამოიყენეს. საერთოდ, სტანდარტულებზე უფრო აგებდნენ თამაშს. თავის მხრივ, მათაც ჰქონდათ მომენტები და მეკარე გიორგი ნადირაძემ გადაგვარჩინა. ზოგადად, კარგი პირობებია როგორც სათამაშო, ასევე კვების კუთხით.

-       როგორ შეაფასებთ “სპარტაკის” უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსს?  

-       გუნდში ყველა მობილიზებულია: როგორც ფეხბურთელები, ასევე სამწვრთნელო შტაბი. მძიმე სეზონისთვის ვემზადებით. გათავისებული გვაქვს, რომ თითოეული მატჩი ფინალის ტოლფასი იქნება. სრული კონცენტრაციის შემთხვევაში, უმაღლესში დარჩენას შევძლებთ. მეტიც, მოწინავე გუნდებისთვის ანგარიშგასაწევი ძალაც შეგვიძლია გავხდეთ. “სპარტაკი” ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული და ჩვენში გაუმაძღრობა ვარჯიშებზეც იგრძნობა.

-       პირველ ეტაპზე “სიონში” იყავით. რატომ შეიცვალეთ კლუბი?

-       ტრავმები მქონდა და ამის გამო ფორმიდან ამოვვარდი. შემდეგ თამაშის საშუალება არ მომეცა და როცა ‘სპარტაკმა” შემომთავაზა გადმოსვლა, ბევრი არ მიფიქრია. პირიქით, კახა კაჭარავასთან მუშაობას სიამოვნებით დავთანხმდი. რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება: “სპარტაკი” უფრო ახალგაზრდული და სტაბილური გუნდია. კაჭარავას ფაქტორზე კი უკვე ვთქვი. 

-       კი მაგრამ, როდესმე გიმუშავიათ კაჭარავასთან?  

-       არა, მაგრამ კაჭარავას გუნდების წინააღმდეგ მითამაშია. მის საფეხბურთო მოთხოვნებსა და გემოვნებასაც ნელ-ნელა ვითვისებ.

-       უნგრეთში თამაშობდით და საინტერესო იქნება, შეადაროთ: რით სჯობს მათი ჩემპიონატი ჩვენსას და პირიქით, საქართველოს პირველობა თუ სჯობს რაიმე კუთხით?

-       უპირველესად, სათამაშო და სავარჯიშო პირობები უნგრეთში უკეთესია. იქ უფრო ძალისმიერი თამაშებია, დიდ ყურადღებას აქცევენ სათამაშო დისციპლინას. მთლიანობაში, გუნდები უფრო ორგანიზებულად მოქმედებენ. ნიჭით უნგრელები ვერ გვჯობნიან, მაგრამ მათ პატარაობიდანვე ჩამოყალიბებული აქვთ ორგანიზებულად თამაში და ავტომატიზმამდე აქვთ დაყვანილი. სწორად მოქმედებენ მინდორზე. რაც მთავარია, უნგრეთში ანაზღაურება იმდენია, რომ შეგიძლია, მხოლოდ ფეხბურთზე იფიქრო.  

-       ნიჭი ცოტა მატყუარა ხომ არაა? ხშირად ვამბობთ ქართველების ნიჭიერებაზე, მაგრამ...

-       გეთანხმებით. რთულია განსაზღვრა. ერთია, რომ ჩვენ ნიჭს მხოლოდ ბურთთან ლამაზად და რბილად მოპყრობას ვეძახით. თუმცა, ჩემი აზრი არ იცვლება: უნგრეთში აღზრდილი ქართველი თავად უნგრელზე უკეთესი იქნებოდა.  

0.134326