კალათბურთი

10:03 | 16.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

გივი ბაქრაძე: “ყოველი მატჩის შემდეგ თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ”

 სპორტის სასახლეში საკალათბურთო სუპერლიგის მეხუთე ტურის მატჩებს ფინეთის “კორიკობრატის” ქართველი ლეგიონერი გივი ბაქრაძეც დაესწრო. ტრიბუნაზე ბაქრაძის ხილვა გაგვიკვირდა და მასთან გასაუბრება გადავწყვიტეთ. “შვიდიდან 17 ნოემბრამდე ფინეთის ჩემპიონატში შესვენებაა, ამ პაუზით ვისარგებლე და თბილისში ჩამოვედი. გუნდი დროებით ჰელსინკელმა მოთამაშეებმაც დატოვეს, მე კი საქართველოში პირადი საქმეც მაქვს მოსაგვარებელი”, - გვითხრა გივიმ, რომელსაც რამდენიმე კითხვაც დავუსვით. 

- ფინეთის საკალათბურთო ჩემპიონატს როგორ დაახასიათებდით?

- ბოლო წლებთან შედარებით სუომელთა საკალათბურთო ჩემპიონატის დონემ საგრძნობლად მოიმატა. ამას დიდწილად ხელს ისიც უწყობს, რომ ფინეთის გუნდები რეგულარულად ასპარეზობენ ევროსარბიელზე. მაგალითისთვის, კონტინენტის მიმდინარე ტურნირებზე ფინელები 4 გუნდით არიან წარმოდგენილი. ერთი კლუბი ევროთასზე თამაშობს, 2 – ევროჩელენჯზე, ერთიც ბალტიის ლიგაში იცავს ქვეყნის ღირსებას. ევროჩელენჯზე ფინელთა წარმომადგენელმა იტალიის სერია A-ს გუნდს მოუგო. სამშობლოში დაბრუნდა გამოცდილი ვეტერანი ტეემო რანიკო. ფინური კლუბების რეიტინგი ბოლოხანს ამაღლდა. რადგან რეიტინგზე ჩამოვარდა სიტყვა, იმასაც გეტყვით, რომ კლასიფიკაციაში საკმაოდ მაღალი ადგილი უკავია ჩვენი ქვეყნის ორგზის ჩემპიონ “არმიას”. ფინელებს კი ძირითადი აქცენტი ზუსტ სამქულიან ტყორცნებსა და დაცვაზე აქვთ გაკეთებული. თუკი მეტოქე უყურადღებოდ დატოვე, საკუთარ კალათაში სამიანს მიიღებ. ჩემპიონატი დაძაბულად მიმდინარეობს. 12 გუნდი 4 წრედ თამაშობს, რის გამოც კალათბურთელები საბრძოლო ტონუსში არიან. ლეგიონერებს ძირითადად ამერიკელები შეადგენენ, რადგანაც მაღალი კლასის ევროპელის შეძენა საკმაოდ ძვირია.

- თქვენი გუნდის გამოსვლაზე რას გვეტყოდით?

- ლაპუას “კორიკობრატში” ვთამაშობ. როდესაც ლაპუაში ჩავედი, გუნდის მწვრთნელი ტერენს სტრანსბერი გვყავდა. თავის დროზე მას ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში უთამაშია, დამრიგებელი კი სუსტი გამოვიდა. სტარტზე ზედიზედ 5 მატჩი წავაგეთ, რის გამოც მთავარი მწვრთნელი შეგვიცვალეს. ამჟამად დერიკ კრეიტონი გვწვრთნის. საკალათბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მან ფინეთში დარჩენა ისურვა და მწვრთნელობა დაიწყო. შემადგენლობას რაც შეეხება, გუნდის ფინელი მოთამაშეები კარგი კალათბურთელები არიან, ამერიკელ ლეგიონერებში კი ცოტათი მოვიკოჭლებთ. სამიდან 2 ამერიკელი გაუშვეს, შემდეგ კიდევ 2 ოკეანესგაღმელი ჩამოიყვანეს. ერთმა გაამართლა, მეორე კი უწინდელ ლეგიონერებზე უარესი გამოდგა. “კორიკობრატის” მიზანი პლეი ოფში გასვლაა და მიუხედავად იმისა, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მოგება რომ გვაქვს, ვფიქრობ, ამ ამოცანას გადავჭრით.

- საკუთარი თამაშით კმაყოფილი ხართ?

- გუნდის მთავარი გამთამაშებელი ვარ. ჩემზე დიდწილადაა დამოკიდებული “კორიკობრატის” თამაში. ჩემით კმაყოფილები არიან, რასაც პირად საუბრებშიც მაგრძნობინებენ, ამასთან მეტსაც ელიან. პირველი მწვრთნელი ქულებს მთხოვდა, ახლანდელი დამრიგებელი კი უფრო გუნდზე თამაშს მთხოვს. ამის გამო უფრო მშვიდად ვარ და ყოველი მატჩის შემდეგ თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ. გაზეთებიც ჩემ პროგრესს უსვამენ ხაზს. ევროთასზე ფინეთის წარმომადგენლის წინააღმდეგ თამაშისას საუკეთესოდ დამასახელეს. მატჩის უძლიერეს კალათბურთელად ორჯერ მცნეს, ერთხელ მეტად დასანანი წაგების შემდეგ. იმ მატჩში მოგება ხელიდან ბოლოსკენ გავუშვით. გამთამაშებლის პოზიციაზე დუბლიორი პრაქტიკულად არ მყავს. “კორიკობრატის” მეორე პლეიმეიკერი 19 წლის გამოუცდელი მოთამაშეა.

0.115509