მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი მარიო გიოტცე იძულებულია, რომ ტრავმის გამო გარკვეული პერიოდი კვლავ ლაზარეთში გაატაროს.
21 წლის ფეხბურთელმა, რომელიც მიუნხენელებმა “დორტმუნდისგან” ზაფხულში 37 მილიონ ევროდ შეიძინეს, ტრავმა “ჩელსისთან” გამართულ ევროპის სუპერთასის მატჩში იმ დროს მიიღო, როდესაც მის წინააღმდეგ რამირესმა იუხეშა. შეჯახების შედეგად გიოტცეს ტერფი გადაუბრუნდა და სახსრის მყესი გაიწყვიტა.
კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, მარიოს ერთი კვირის განმავლობაში ფეხს თაბაშირში ჩაუსვამენ, რის შემდეგაც აღდგენით პროცესებს კიდევ 10-14 დღე დაჭირდება.
2013 წელი ჯანმრთელობის თვალსაზრისით გიოტცესთვის არცთუ წარმატებული აღმოჩნდა. ამა წლის აპრილის ბოლო, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მიღებული ტრავმის გამო, მან სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვა, მათ შორის უმთავრესი, ევროტურნირის ფინალური შეხვედრა და “ბაიერნის” წინასასეზონო შეკრების ნაწილიც გაუცდა.