ფეხბურთი

22:00 | 11.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ყიფიანი: “მე ჩემი თავის პროკურორი ვარ”

 

რუსთავის “მეტალურგი” საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდა – ეს ერთადერთი გზაა, საიდანაც გუნდს ევროტურნირებზე გასვლა შეუძლია. ქვემოქართლელები ქვედა ექვსეულში, სატურნირო თვალსაზრისით უმოტივაციოდ არიან, მაგრამ შეღავათებს არავის უწესებენ: გადიან, თამაშობენ და არ აგებენ. უდავოდ მისასალმებელია, საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე.

“მსოფლიო სპორტი” რუსთაველთა ახალგაზრდა მწვრთნელ გიორგი ყიფიანს დაუკავშირდა. ინტერვიუში ჩემპიონატის მანკიერ მხარესაც შევეხეთ, რაზეც ხშირი საუბრებია და რაც ალალ ქომაგს გულს წყვეტს.

-    უპირველესად, ცხინვალის “სპარტაკთან” გამართული მეოთხედფინალური მატჩები შევაფასოთ.

-    შინ 1:0 გვქონდა მოგებული და ვიცოდი, რომ ეს, კომფორტის საშუალებას არ გვაძლევდა. მიუხედავად პირველ ლიგაში გამოსვლისა, “სპარტაკი” კარგი გუნდია. თამაში შეცდომებით დავიწყეთ, რამაც მეტოქეს უპირატესობა მოაპოვებინა. გოლიც გავუშვით. შემდეგ თამაში გავათანაბრეთ, ხოლო მეორე ტაიმში ბურთს ვაკონტროლებდით. მიმაჩნია, რომ ლოგიკურიც იყო ჩვენი გოლი და ნახევარფინალში გავედით. საერთოდ, თასი სხვა სპეციფიკის გათამაშებაა, პირველლიგელიც გააფთრებით იბრძვის და სენსაციაც ხშირია. მიზანი გასაგებია: ევროპის ლიგაზე გასვლა, თუმცა ამასთან გვსურს, რომ გუნდის თამაში დაიხვეწოს, გამართული იყოს და ხელწერა ჰქონდეს. სწორად არ მიმაჩნია, როცა ევროთასზე თამაშამდე ერთი თვით ადრე ხდება თამაშის აწყობა. საამისოდ, უფრო დიდი დროა საჭირო.

-    ტექნიკური და შემტევი ფეხბურთი გიყვართ – “მეტალურგის” რამდენიმე მატჩი ვნახე და ეტყობოდა.

-    საერთოდ, ვცდილობთ, რომ გამართული და თანამედროვე ფეხბურთი ვითამაშოთ, რომელშიც იქნება ბურთის კონტროლი, მცველების ჩართვა შეტევაში და პირიქით, შემტევების დახმარება უკან, ფეხბურთელთა კონცენტრაცია. ფეხბურთელებს ეტყობათ, რომ ასეთი თამაში მოსწონთ და ყურადღებით არიან. ერთის მხრივ, უმაღლეს ლიგაში, შედეგზე მეტად თამაშის განვითარებაზე აქცენტირება, ძნელია, მაგრამ ორივე მსურს და თანაბრად ვუყურებ. ბიჭებსაც ვუთხარი, რომ ორივე შესაძლებელია.

-    რომელი რგოლით ხართ კმაყოფილი და რომელი ითხოვს განსაკუთრებით გაძლიერებას?

-    დაცვა იწყება თავდამსხმიდან და პირიქით. ასე რგოლების გამორჩევა არ მიყვარს, რადგან ვფიქრობ, ყველაზე კარგია, ბალანსი იყოს. საერთოდ, თითოეულ რგოლში თუნდაც ერთი კარგი ფეხბურთელის დამატება, სასურველია. ყველა მწვრთნელს სურს, რომ თავის გემოზე ჩაატაროს სელექცია. მაგალითად, საგოლე მომენტების გამოყენება გვიჭირს, ცოტა გოლი გაგვაქვს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს, მხოლოდ თავდასხმის ბრალი არაა. რგოლებს შორის ბალანსი უნდა იყოს.

-    ამ ზამთარს, სელექცია თქვენს გემოზე ვერ ჩაატარეთ?

-    როგორ არა. უბრალოდ, ჯერ ერთი, ფართო არჩევანი არ იყო და მეორეც, მიმაჩნია, რომ შემადგენლობის ცვლილება სეზონის დასრულების შემდეგ არის უპრიანი. არ მომწონს, როცა სეზონებს შორის შემადგენლობა ძირფესვიანად იცვლება. და კიდევ, ზაფხულში გაცილებით მეტი დროა სასელექციოდ. ისე, ზამთარში მოწვეული ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ.

-    ახლა “მეტალურგის” რომელი ფეხბურთელები არაინ დაშავებულნი?

-    ლევან კორღალიძე, რომელიც იმედია, ერთ კვირაში გუნდთან ერთად დაიწყებს ვარჯიშს. გიორგი მიქაბერიძე რამდენიმე დღის წინ გამოჯანმრთელდა და ჯერ ვერ ვრისკავთ, რომ ვათამაშოთ, დროა საჭირო. რევაზ გეწაძესაც ტრავმა აქვს, ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ჩვენი გუნდისთვის სამივე დიდ ძალას წარმოადგენს.

-    “მეტალურგი” ქვედა ექვსეულში, სატურნირო თვალსაზრისით, უმოტივაციოდაა, თუმცა სამართლიანი თამაშის პრინციპებს არ არღვევს. საქართველოს ჩემპიონატში ეს, სამწუხაროდ, არაპოპულარულ საქციელად ითვლება. გვსურს, რომ ამ თემაზე თქვენი აზრი გამოთქვათ.

-    სანამ ექვსეულის მატჩები დაიწყებოდა, კრება ჩავატარეთ და ამ საკითხზე ვისაუბრეთ. ყველა თამაშში უნდა ვიბრძოლოთ – ასეთი იყო შინაარსი. ყველა თამაშის წინ ვეუბნები ბიჭებს: მოდით, ქართულ ფეხბურთში სიახლე დავნერგოთ, სამართლიანად ვითამაშოთ-მეთქი. ყველამ თითო აგური უნდა დავდოთ ამ საქმეში. მეც მყავს სხვა გუნდებში მეგობრები, მაგრამ ამის გამო ვერანაირ შეღავათებს ვერ გავწევ. სადაც ვიმუშავებ, ყველგან იქნება სამართლიანი თამაშის პრინციპი. “ის გავაგდო, ეს გადავარჩინო” – მსგავსი რაღაც ჩემში არ ზის. გასაგებია, გავარდნა არ გვემუქრება და ამან, შესაძლოა, ბიჭების მოტივაციაზე იმოქმედოს, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ, ასე არ მოხდეს. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელებიც ასე ფიქრობენ.

...მე მწვრთნელი ვარ, ბევრის გაკეთება ამ საქმეში არ შემიძლია. არც გამომძიებელი ვარ და არც პროკურორი, მაგრამ ჩემი თავის პროკურორი მე ვარ. ხომ გაგიგიათ, გარიგებულ მატჩებზე საუბრისას ხშირად ამბობენ – ეს სხვა ქვეყნებშიც ხომ ხდებაო. სხვაგან რომ ხდება, იქ სჯიან. ამხელა “იუვენტუსი” სერია B-ში დააქვეითეს.

...აქ არ ისჯებიან. ამ დაუსჯელობამ მიგვიყვანა ცუდ სიტუაციამდე და დღეს რომ მიდის საუბარი, ქართული ფეხბურთი ვითარდება და წინ მიდისო, მე მსგავსს ვერაფერს ვატყობ. წარმოიდგინეთ, გუნდში 16-17 წლის ფეხბურთელი მიდის და თავიდანვე იცის, რომ გარიგებული მატჩი უნდა ჩაატაროს. როგორ უნდა განვითარდეს ეს ფეხბურთელი?     

 

ლაშა კუპრაშვილის ფოტოები

0.112691