ძიუდო

18:09 | 29.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ვაზაგაშვილი: “რომ არა უსამართლო კონკურენცია...”

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა 24-26 ივნისს, მალტის ქალაქ კოტონერაში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ასე შედეგიანად ქართული ჭაბუკთა გუნდი ევროპირველობაზე 11 წელია არ გამოსულა. წინ მსოფლიოს ჩემპიონატია, რომელსაც 11-14 აგვისტოს უკრაინის დედაქალაქი კიევი უმასპინძლებს. ევროპირველობის შესაჯამებლად და მსოფლიოს სამზადისზე სასაუბროდ “მსოფლიო სპორტი” ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი ვაზაგაშვილს შეხვდა.

- საერთო შედეგიანობით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ, მაგრამ გაცილებით მეტიც შეგვეძლო. გუნდურ პირველ ადგილსაც აუცილებლად დავიკავებდით, რომ არა საეჭვო კონკურენცია.
- რას გულისხმობთ?
- ჩვენი ბიჭები რამდენიმეჯერ ისეთ მეტოქეებთან დამარცხდნენ, რომლებსაც ჭაბუკებს ვერაფრით ვერ დავარქმევ. მაინც სასიხარულოა, რომ თავისზე ბევრით უფროსებთან ასეთ დონეზე იჭიდავეს.
- რომელი ძიუდოისტები დაზარალდნენ?
- 73 კილოგრამში მოჭიდავე ლევან გუგავა და ბექა დონღვანი ფინალს მიღმა დარჩნენ. თამაზ კირაკოზაშვილი (60 კგ) და გიორგი ლაზუაშვილი (+90 კგ) კი ფინალში დაიჩაგრნენ. ოთხივე რუს მეტოქესთან დამარცხდა.
- მსოფლიოს ჩემპიონატამდე თვენახევარიღა რჩება. სამზადისს როდიდან დაიწყებთ?
- გეგმაში ორი შეკრება გვაქვს, მაგრამ ჯერ არ დაზუსტებულა, სად მოვემზადებით. კონკრეტულ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში, ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად მივიღებთ.
- ტურნირზეც ხომ არ იჭიდავებთ?
- 24-26 ივლისს, ტრაბზონში, ბავშვთა ოლიმპიურ თამაშებში მივიღებთ მონაწილეობას. მაგრამ ჯერ არ ვიცით, მსოფლიოს ჩემპიონატზე დასაყენებელ შემადგენლობას წავიყვანთ თურქეთში თუ ნაკრების კანდიდატებს. დროის მცირე მონაკვეთში სამი ასეთი რანგის შეჯიბრების ჭიდაობა წარმოუდგენლად ძნელია.
 
 
 
ოთარ მაღლაკელიძე
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170434