კალათბურთი

16:37 | 24.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი: “სეზონის ბოლომდე “სარაგოსაში” ვრჩები

26 თებერვალი ის დღეა, როდესაც ევროლიგის მე-2 ეტაპზე გასულ გუნდებს მიმდინარე სეზონისთვის ახალი კალათბურთელების შემატების ბოლო ვადა აქვთ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ესპანური გამოცემა “ელ პერიოდიკო არაგონი” “სარაგოსას” ქართველ ცენტრს გიორგი შერმადინს “ვალენსიასთან” მატჩის შემდეგ შეეხმიანა. გასარკვევი ერთი გახლდათ – აპირებს თუ არა იგი ბერძნულ “ოლიმპიაკოსში” გადასვლას?

“ვალენსიასთან” ამ მაისურით უკანასკნელი შეხვედრა ხომ არ ჩავატარე? ეს ასე არ გახლავთ. სეზონის დასრულებას “სარაგოსაში” ვაპირებ და ბოლო მატჩიც მაშინ იქნება”, - ქართველი ცენტრის პასუხი მკაფიო გახლდათ, რაც გვაფიქრებინებს, რომ იგი გუნდის შეცვლას მართლაც არ გეგმავს.

ცნობისთვის, იგივე ინფორმაცია გამოდის ესპანური კლუბის რიგებიდანაც. როგორც ირკვევა, არაგონელებს “ოლიმპიაკისად” არანაირი ახალი შეთავაზება არ მიუღიათ. შეგახსენებთ, რომ პირეოსელებს გუნდის ძირითადი ცენტრის მირზა ბეგიჩის შეცვლა სწორედ შერმადინით სურდათ და ამის შესახებ ბევრი დაიწერა, მაგრამ საქმე წინ აღარ წასულა. ცხადია, ოთხშაბათამდე, შესაძლოა, ბერძნები ისევ გააქტიურდნენ, თუმცა, სადღეისოდ ქართველი ცენტრის ელადაში დაბრუნება ნაკლებად მოსალოდნელად სჩანს.

შერმადინის აღნიშნული გადაწყვეტილება “სარაგოსასთვის” შვების მომგვრელი უნდა იყოს. გიორგი გუნდში უდიდეს სამუშაოს ასრულებს და მისი ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ. ქართველი ცენტრის წასვლის შემთხვევაში, არაგონელთა თავკაც ხოსე ლუის აბოსს მისი შემცვლელის სწრაფად მოძიება ძალიან გაუჭირდება, გუნდის მე-2 ცენტრი – ჰოლანდიელი ჰენკ ნორელი კი მძიმე ტრავმის შემდეგ ცოტა ხნის წინ მომჯობინდა და ცხადია, ქართველის დარად პროდუქტიული ვერ იქნება.

როგორც თავში აღვნიშნეთ, ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში “სარაგოსამ” ფავორიტად შერაცხული “ვალენსია” დაამარცხა, შერმადინმა კი გუნდს 18 ქულა და 4 მოხსნა შეაწია. ქართველი ცენტრის სარგელიანობის კოეფიციენტი 19 გახლდათ და ეს გასაკვირი არ ყოფილა. აღნიშნულ კომპონენტში ხომ გიორგის მთელს ესპანურ ლიგაში მე-9 ადგილი უკავია.

“მას შემდეგ, რაც ევროთასს დასანან ვითარებაში გამოვეთიშეთ, სრულად ჩემპიონატზე გადმოვერთეთ და ვალენსიელებთან ბოლომდე დავიხარჯეთ. ცხადია, დარბაზში შექმნილი საოცარი ვითარებაც ძალიან დაგვეხმარა. გულშემატკივრები მაგრად გვეხმარებოდნენ, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი”.

0.117992