ფეხბურთი

15:39 | 18.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი პაპიაშვილი: “ვისოლი” არსად წასულა”

“ტორპედოს” ახალმა პრეზიდენტმა გიორგი პაპიაშვილმა დაადასტურა, რომ ქუთაისურ საფეხბურთო კლუბს კვლავ კომპანია “ვისოლი” დაასპოსნორებს. ამის შესახებ მან “ტორპედოს” ვებგვერდთან საუბარში განაცხადა.

- “ტორპედოს“ სპონსორად “ვისოლის” დაბრუნება რამ განაპირობა?

 - მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ლევან და სოსო ფხაკაძეებს ამხელა ნდობისთვის, რაც მათ მე გამომიცხადეს. შეიძლება, გასული 4 წლის განმავლობაში “ტორპედოში” შექმნილ ვითარებას უფრო მეტად მე ვუყურებდი და აღვიქვამდი, სწორედ ამიტომ ჩათვალეს საჭიროდ ჩემი პრეზიდენტად დანიშვნა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი ყოველი გადაწყვეტილება იქნება ერთპიროვნული. მე ყოველთვის გუნდურად ვიმუშავებ.

ნებისმიერ ადამიანს შევხვდები და საღ აზრს მოვისმენ. პრინციპში, ჩვენ იანვრის შემდეგაც არ მიგვიტოვებია კლუბი და როგორც სპორტული, ასევე ადმინისტრაციული სამუშაო კუთხით პრობლემები არ ყოფილა. შესაბამისად, გუნდმაც ღირსეულად ჩაამთავრა ჩემპიონატი.

ამჟამინდელი მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ ის ხარვეზები, რომლებზეც იყო საუბარი, აბსულუტურად აღმოფხვრილია და მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხს ისევე სათანადოდ მიექცევა ყურადღება, როგორც აქამდე ხდებოდა ჩვენი „ტორპედოში“ მოსვლის დღიდან. ისე, რომ არავინ უკმაყოფილო არ დარჩეს. უახლოეს პერიოდში ახალი ეკიპირებაც ექნება გუნდს. აქტიურად მუშაობენ ადმინისტრაციის თანამშრომლები, რომ ჩვენს ფეხბურთელებს არანაირი პრობლემა არ შეექმნას.

- გამოდის, რომ “ვისოლის” დამოკიდებულება “ტორპედოს” მიმართ არ შეცვლილა?

 - ნამდვილად ასეა. ასევე, დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებთან წინა წლებიდან მოყოლებული საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ბევრჯერ შევხვდით ერთმანეთს და შევხვდებით კიდეც. ჩვენ უერთიერთპატივისცემის გარდა ქუთაისის “ტორპედო” გვაერთიანებს. გულახდილად გეუბნებით, ამ ხალხს ქუთაისი ძალიან მაგრად უყვარს. მათთვის დომინანტი “ტორპედოა” და ვინც ამ კლუბში თავის საქმეს პატიოსნად გააკეთებს, ის ყოველთვის დაფასებული იქნება.

 - კლუბის განვითარებას როგორ აპირებთ?

 - შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი ახალი პროექტი მაქვს გეგმაში. ერთ-ერთია საერთაშორისო ურთიერთობები, რათა ჩვენ არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ ქართულ გუნდებთან ასპარეზობით, არამედ. ახლო მეზობელი ქვეყნების საფეხბურთო კლუბებთანაც გვქონდეს მეგობრული დამოკიდებულება. ამის საფუძველზე, გაიმართება ამხანაგური თამაშებიც. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელოთ და თანდათან უფრო მეტად განვავითაროთ კლუბი. ამის ხელშეწყობა ხდება სპორტული მხარის მიერ. თუ გუნდი კარგ შედეგებს აჩვენებს, მეტი მოტივაციაც გაგაჩნია და შედარებით უფრო მარტივია ამა თუ იმ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლური ურთიერთობების ჩამოყალიბება. გახსოვთ მგონი, ერთი პერიოდი ჩვენ საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვქონდა თურქულ “ტრაბზონსფორთან”. ეს ნელ-ნელა წინ გადადგმულმა ნაბიჯებმა გამოიწვია.

 - ახალ კონტრაქტებთან დაკავშირებით გკითხავთ. ისინი რა ვადითაა გაფორმებული?

 - მოქმედი კონტრაქტები გაფორმებულია ახალ წლამდე, შესაბამისად, მომავალი 4 თვე უფრო დაგვანახებს თუ როგორ შეიძლება განვითარდეთ და რაში შეიძლება უფრო მეტი თანხის ჩადება. გასულმა 4-მა წელმა ჩვენ ნათლად დაგვანახა, რომ ფეხბურთს სჭირდება ძალიან დიდი დახმარება, საკმაოდ სოლიდური ფინანსები, რომლის არქონის შემთხვევაში მივიღებთ იმას, რომ გუნდი არ იქნება, ამიტომ ყველაფრის საწყისი არის ურთიერთთანამშრომლობა.

 ჩვენ კლუბის თითოეულ წევრთან გავაფორმეთ კონტრაქტები, რომლებშიც გაწერილია დეტალურად თუ რა ვალდებულებას იღებს კლუბი მათ წინაშე და ვფიქრობთ, ერთი კითხვის ნიშანიც არ გაჩნდება მათი მხრიდან. ასე რომ, ამ ეტაპზე ის უპირველესი რამ, რაც გუნდისთვისაა საჭირო, ჩათვალეთ რომ წესრიგშია, დანარჩენი უკვე ფეხბურთელებზეა დამოკიდებული თუ როგორ მოახდენენ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას. ჩვენ ერთი ოჯახის წევრები ვართ და ქუთაისის “ტორპედო“ ყველასთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

- კლუბის ხელძღვანელობაში სხვა საკადრო ცვლილება ხომ არ მომხდარა?

 - ძირეული ცვლილებები არ მომხდარა კლუბში. აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციებსაც მე შევითავსებ. როგორც წინა სეზონში, დირექტორის მოადგილე იქნება დავით ფრუიძე, გუნდის უფროსი კი რამაზ ჩხიკვაძე. გვყავს სტადიონის ახალი დირექტორი გიგა ჩუბინიძე, რომელიც აქამდე ჩვენი ტექნიკური მენეჯერი გახლდათ. სპორტული მხარე კი უკვე ცნობილია.

 - „ტორპედოს“ საშინაო მატჩებზე დასწრება უფასო იქნება, ეს გადაწყვეტილებაც კეთილი ნების გამოვლინებად უნდა ჩაითვალოს?

 - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პირველ ყოვლისს, სტადიონზე ხალხი,მოვიდეს რეალურად ნახონ ქუთაისის “ტორპედო” რას წარმოადგენს. ამიტომ, აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ ამას ემსახურება. თუმცა ბილეთების გაყიდვაც არავინ არ უნდა გაიგოს ისე, რომ ეს არის თითქოს თანხის მოზიდვის საშუალება. უბრალოდ, ეს არის წესი, როდესაც უყურებ სანახაობას, განსაზღვრული თანხა უნდა გადაიხადო, თუნდაც მიზერული.

fctorpedo.ge

 

0.114827