საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ნოემბერში სამი უმნიშვნელოვანესი ტესტ-მატჩი ელის კანადის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სამოას ნაკრებთან.
ამ თამაშებმა უნდა დაგვანახოს, თუ სად ვიმყოფებით ახლა ჩვენ მსოფლიო მასშტაბით და სწორი გზით ვითარდება თუ არა საქართველოს ნაკრები. მომავალი შეხვედრების მნიშვნელობას სრულად აცნობიერებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე. სრკ-ს ოფიციალურ საიტს (http://site.rugby.ge/) მაინც მომავალ შეხვედრაზე, მოლოდინზე, სტადიონის პრობლემაზე და სხვა მრავალ საორგანიზაციო საკითხზე ინტერვიუ მისცა:
- ნოემბერში საქართველოს ნაკრებს სამი ურთულესი თამაში ელის. რას ფიქრობთ ჩვენი მეტოქეების შესახებ?
- ნოემბრის ტესტ-მატჩებზე უდაოდ ძალიან ძლიერი მეტოქეებთან გვიწევს თამაში. ყველამ კარგად იცის, კანადის ნაკრები სწრაფი ტემპებით პროგრესირებს. იცით, რომ რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ეგიდით წყნარი ოკეანის ქვეყნების თასი ტარდება, სადაც ჩვენ მომავალ მეტოქეებს - კანადასა და აშშ-ს ეძლევათ უნიკალური საშუალება, ეთამაშონ ისეთი ქვეყნების ნაკრებებს, როგორებიც სამოა, იაპონია, ფიჯი და ტონგა არიან. ამან კიდევ უფრო შეუწყო ხელი კანადური რაგბის განვითარებას. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ კანადის რაგბის კავშირი ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული და პროგრესირებადი კავშირია. ისინი ძალიან ბევრს აკეთებენ თავიანთი რაგბის განვითარებისთვის და ჩვენგან უდიდეს პატივისცემას იმსახურებენ. აშშ-ს ნაკრები კანადასთან შედარებით ოდნავ უფრო სუსტი გუნდია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აშშ არაა ძლიერი და აგრეთვე სერიოზულად პროგრესირებადი მეტოქე. რაც შეეხება სამოას, აქ კომენტარი ზედმეტია - სამოა მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, რომელიც ულამაზეს რაგბს თამაშობს და შემთხვევითი არაა, რომ დღესდღეობით მსოფლიო რეიტინგში მეშვიდე ადგილს იკავებს.
- რას მისცემს საქართველოს ნაკრებს მათთან თამაში?
- ჩვენთვის ნოემბრის ტესტ-მატჩები სერიოზული გამოცდა იქნება. ამ მატჩებმა უნდა დაგვანახოს, თუ სად ვართ რეალურად, რა პრობლემების წინაშე ვდგავართ და რაზე გვაქვს სამუშაო. რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვნახოთ, რა გზით განვაგრძოთ სვლა იმისათვის, რომ 2014 წლის თებერვალ-მარტში ჩვენი უმთავრესი ამოცანა შევასრულოთ - მოვიგოთ ევროპის ერთა თასი და შესაბამისად, 2015 წლის მსოფლიო თასზე მოვხვდეთ C ჯგუფში, სადაც მეტოქეებად ახალი ზელანდიის, არგენტინის, ტონგას და აფრიკის შესარჩევი ეტაპის გამარჯვებული გუნდი გვეყოლებიან.
ეს იქნება როგორც ეროვნული ნაკრების მწვრთნელებისა და მოთამაშეების, ასევე ზოგადად საქართველოს რაგბის კავშირის გამოცდა. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ამ უდიდეს პასუხისმგებლობას და ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ ქართული რაგბის გულშემატკივარმა გაიხაროს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამოცანას წარმოადგენს კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები გუნდების დამარცხება. რაც შეეხება სამოას, უნდა ვითამაშოთ ღირსეული და ლაღი თამაში, რათა ყველას დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ მსოფლიოს წამყვან გუნდთან ღირსეული პაექრობა შეგვიძლია.
მომავალი თამაშების შედეგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული რაგბის განვითარებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ჩვენ 2 წლის განმავლობაში ბევრი ექსპერიმენტი ჩავატარეთ. მწვრთნელები ეცადნენ, რომ რაღაც ახალი შემოეტანათ ჩვენ სათამაშო სტილში და დადგა დრო, რომ ყველამ ერთად მოვითხოვოთ შედეგი, როგორც გულშემატკივრებმა, ასევე რაგბის კავშირმა. ბიჭები ამისათვის მზად არიან და მწვრთნელებსაც სერიოზული განწყობა აქვთ.
სამწუხაროდ, წელს ტრავმების ეპიდემია გვაქვს. ამის გამო დაგვაკლდებიან დავით ზირაქაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, ვასილ კაკოვინი, იური ნატრიაშვილი, გიორგი ჟღენტი და ვახტანგ მაისურაძე. სერიოზული ტრავმის მიუხედავად, ჟღენტს კლუბში მაინც ათამაშებენ, მაგრამ 8 ნოემბერს ის მკურნალობის სპეციალურ კურსს ჩაიტარებს, რის შემდეგ ის ორი-სამი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს. მინდა აღვნიშნო, რომ გიორგი ჟღენტსაც და ნაკრების სამწვრთნელო შტაბსაც დიდი სურვილი ჰქონდათ მას ამ მატჩებში მონაწილეობა მიეღო. პრობლემაა ისიც, რომ რამდენიმე მოთამაშემ ტრავმა ახლახან მოიშუშა და სასურველ ფორმაში არაა. მიუხედავად ყველაფრისა, ყველას კარგად მოგეხსენება, რომ ნაკრებში გამოძახებული ბიჭები გავლენ მოედანზე და მაქსიმუმს გაიღებენ, რათა კვლავ გაახარონ გულშემატკივარი.
- სათამაშო მოედნების დაბევება წელსაც პრობლემა იყო...
- როგორც ყოველთვის, ახლაც პრობლემა შეგვექმნა. ნოემბერი საშეჯიბრო კალენდრით მუდამ დატვირთული პერიოდია ზოგადად ქართული სპორტისთვის. ორივე დიდი სპორტული არენა, რომელზეც საქართველოს ეროვნული ნაკრები თამაშობს, ნოემბერში საერთაშორისო საფეხბურთო მატჩებით იქნება დატვირთული. აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და “დინამოს” ხელმძღვანელობას, რომლებმაც თავიანთი დაძაბული საერთაშორისო კალენდრის მიუხედავად, გამონახეს საშუალება, რათა ჩვენთვის ამ მატჩების ჩატარების საშუალება მოეცათ. შესაბამისად, 9 ნოემბერს საქართველო - კანადის მატჩი “დინამო არენაზე” გაიმართება ( დასაწყისი 16:30 საათზე), ხოლო 23 ნოემბერს, საქართველოსა და სამოას მატჩი “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე ჩატარდება (16:30 საათზე).
რაც შეეხება 16 ნოემბერს აშშ-სთან გასამართ მატჩს – სამწუხაროდ, ამ დღეს ეს ორივე სტადიონი დაკავებულია. აქედან გამომდინარე, გვსურდა, რომ ეს თამაში ქუთაისში ჩაგვეტარებინა და ამისათვის ბევრი ვიშრომეთ. რამდენჯერმე ვიყავით ქუთაისში, უამრავი საორგანიზაციო პრობლემა მოვაგვარეთ, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სპორტის სამინისტროსა და კომპანია “ვისოლის” ხელმძღვანელობას. სამწუხაროდ, რაგბის საერთაშორისო საბჭომ ქუთაისში მატჩის გამართვაზე უარი გვითხრა, იმ მიზეზით, რომ ისედაც მოკლე ერთ-ერთი ჩასათვლელი მოედნის უკან, ვისოლის სტადიონზე არის ბეტონის კონსტრუქცია, რომელიც სერიოზულ პრობლემას უქმნის მოთამაშეთა უსაფრთხოებას. გულწრფელად ვამბობ, რომ ამის გამო გული ძალიან დაგვწყდა. ქუთაისი ნამდვილადაა ის სარაგბო ქალაქი, რომელიც ღირსია, რომ იქ ასეთი დონის საერთაშორისო მატჩები ჩატარდეს. ისღა დაგვრჩენია, რომ ქუთაისში ჩვენი სარაგბო ბაზის დასრულებას დაველოდოთ, სადაც ცენტრალური მოედანი 6 ათასამდე გულშემატკივარს დაიტევს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშშ-ს ნაკრებთან სათამაშოდ უნდა აგვერჩია ან ავჭალის სტადიონი, რომელიც 2000 გულშემატკივარს იტევს, ან რუსთავის სარაგბო სტადიონი, სადაც 3400 მაყურებლის განთავსებაა შესაძლებელი. შესაბამისად, გადაწყდა, რომ მატჩი რუსთავის ახლად აშენებულ სტადიონზე გაიმართება (16 ნოემბერს 14:00 საათზე). ის ყველანაირ საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს და დიდი იმედი გვაქვს, რომ სტადიონი გაივსება და ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ჩვენ სასარგებლოდ დასრულდება.
- მატჩზე დასასწრები ბილეთები რა ეღირება?
- პირველად ჩვენი რაგბის ისტორიაში, გულშემატკივარს ორიგინალურ ბილეთს შევთავაზებთ, რომელიც ერთდროულად იქნება ბილეთიც და საინფორმაციო ბუკლეტიც. პირველ გვერდზე დატანილი იქნება ბილეთისთვის დამახასიათებელი კონტროლის ნიშნები და ინფორმაცია. მეორე და მესამე გვერდები დაეთმობა გუნდების შემადგენლობებსა და ურთიერთშეხვედრების ბალანსსა და ისტორიას. ბოლო გვერდზე განთავსდება გულშემატკივართა ქცევის კოდექსი, ინფორმაცია იმ ძირითადი წესების შესახებ, რომელიც უნდა დაიცვას რაგბის გულშემატკივარმა.
სტადიონის სალაროების გარდა, ბილეთების გარკვეული რაოდენობის გაყიდვა ვებ-გვერდ Hotsales.ge-ს მეშვეობით იგეგმება. კანადისა და სამოას მატჩებზე ბილეთის ფასი 3 და 1 ლარი, ხოლო რუსთავში, აშშ-ს მატჩზე ბილეთის ფასი 3 ლარი იქნება. ბილეთები გაიყიდება როგორც თბილისში, ასევე თამაშის დღეს რუსთავში.
იმის გამო, რომ თავდაპირველად სამივე თამაში დანიშნული იყო დღის 2 საათზე, რაც იმ გულშემატკივრებს, რომლებიც შაბათს მუშაობენ დიდ უხერხულობას უქმნიდა, ჩვენ მივმართეთ თხოვნით საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას, რათა კანადისა და სამოას მატჩების ტელერეპორტაჟის დრო გადაეტანათ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ, მიუხედავად დიდი სირთულეებისა გაითვალისწინა გულშემატკივრების თხოვნა და შესაბამისად, კანადისა და სამოას მატჩები დაიწყება 16:30 საათზე, რისთვისაც საქართველოს რაგბის კავშირი მადლობას უხდის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას. რაც შეეხება აშშ-ს მატჩს, ის დაიწყება 14:00 საათზე, რაც გამოწვეულია რუსთავის სტადიონზე ტელერეპორტაჟის გასამართად საჭირო განათების არქონით.
ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისათვის, რომ გულშემატკივარი სტადიონზე მოვიზიდოთ, რადგანაც საქართველოს ნაკრებს ძალიან სჭირდება მათი მხარდაჭერა. გავიხსენოთ 2010 წლის საქართველოსა და ამერიკის შეხვედრა “დინამოზე”, როდესაც დამატებით დროში ჩვენმა ბიჭებმა გამარჯვების ლელო სტუმრებს დამატებულ წუთებზე დაუდეს და ამაში ჩვენ ბიჭებს უდაოდ დაეხმარა ის მუხტი, რომელიც გულშემატკივრებმა შექმნეს სტადიონზე.
ამ მიზნით ჩვენ შევცვალეთ ჩვეული სარეკლამო კამპანია და სიახლეები დავნერგეთ. ინტერნეტ სივრცეში, ვიდეო-პორტალ Myvideo.ge-ზე განვათავსეთ ნოემბრის ტესტ-მატჩების პრომო ბანერი, ვატარებთ სხვადასხვა ღონისძიებებს, დავდივართ უმაღლეს სასწავლებლებში, ვხვდებით სტუდენტებს, ვესაუბრებით მათ რაგბზე და რაგბის ფასეულობების შესახებ. გვინდა, რომ ყოველი ასეთი შეხვედრის შემდეგ, უნივერსიტეტებში გავაჩინოთ ჩვენი გულშემატკივრების კერები. პარალელურად, რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფის წევრები ეროვნული ნაკრების მოთამაშეებთან ერთად შეხვედრებს სკოლებში მართავენ. ვფიქრობთ, რომ ღონისძიებები საკმაოდ საინტერესოა სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის. შესაბამისად, სტუდენტებსაც და სკოლის მოსწავლეებსაც ჩვენ ლარიან ბილეთებს ვთავაზობთ.
მთელი საქართველოს მასშტაბით, საფესტივალო ასაკის მორაგბეებს ჩამოვიყვანთ და კანადისა და სამოას თამაშებს უფასოდ დავასწრებთ, ხოლო რაც შეეხება აშშ-სთან მატჩს, იქ რუსთაველ სკოლის მოსწავლეებს უფასოდ დავუთმობთ 400 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას, რათა ბავშვები ეზიარონ რაგბს და უგულშემატკივრონ საქართველოს ნაკრებს. გვქონდა იდეა, რომ ბილეთები გაგვეყიდა პრესის გავრცელების ჯიხურებში, მაგრამ, სამწუხაროდ, დიდი საკომისიო გადასახადის გამო ამ ეტაპზე ამისაგან თავი შევიკავეთ.
- კიდევ რა იდეები გაქვთ საქართველოში რაგბის პოპულარიზიიცსთვის?
- ვმუშაობთ ორი ტიპის ვიდეო რგოლზე. ერთი იქნება სტანდარტული პრომო-რგოლი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას თამაშების ჩატარების ადგილებისა და დროის შესახებ. ასევე, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიასთან, რომლის დახმარებით ვგეგმავთ სარაგბო სოციალური ვიდეო რგოლის გადაღებას. იმედია, სატელევიზიო ეთერის მეშვეობით მოხდება ამ რგოლის გაშუქება და ყველას ერთად მოგვეცემა ამ ახლებური ქართული სარაგბო რგოლის ნახვის საშუალება.
გარდა ამისა, მიმდინარეობს მოლაპარაკება კინოთეატრ “რუსთაველთან” და “ამირანთან”, რათა ყოველი ფილმის ჩვენების წინ, კინოჟურნალში მოხვდეს ნოემბრის ტესტ-მატჩების პრომო რგოლის გაშვება. საინფორმაციო რგოლების გაშვება მოხდება ჩვენს მედია-პარტნიორ რადიო-სადგურებში (“აფხაზეთის ხმა”, რადიო “კომერსანტი” და რადიო “პალიტრა”).
გვაქვს სხვა იდეებიც, რომელთა რეალიზაციას ამ თამაშებისთვის ვერ ვასწრებთ და იმედია, მათ განხორციელებას “ევროპის ერთა თასის” შეხვედრებისთვის მოვახერხებთ. გულშემატკივარს შევახსენებთ, რომ ჩვენი სლოგანია - “რაგბი ჩვენი თამაშია”. იმედია, ეს ნამდვილად ჩვენი თამაშია, ყველა ერთად ვუგულშემატკივრებთ ბიჭებს ნოემბრის ტესტ-მატჩებზე და დავეხმარებით მათ უმნიშვნელოვანესი გამარჯვებების მოპოვებაში.