ინტერვიუები

10:34 | 14.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლომაია: "ყოველ ჯერზე, მოედანზე გამოსულს, მეშინოდა, შეცდომა არ დამეშვა"

ბაქოს “ინტერის” მეკარე გიორგი ლომაიამ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველი მატჩი 1998 წელს, ესტონეთთან (3:1), ეროვნულ სტადიონზე ჩაატარა და საგულისხმოა, რომ ბოლო შეხვედრაც, 2010 წლის 3 მარტს, ასევე ესტონეთის ნაკრებთან (2:1), “ბორის პაიჭაძეზე” გამართა. იმ შეხვედრის შემდეგ, მან ყველათვის მოულოდნელად, პირველყოვლისა კი, მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასთვის, საერთაშორისო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ლომაიამ, მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, აზერბაიჯანულ გამოცემა extratime-თან გულახდილად ისაუბრა.   
- ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე, ბევრისთვის  მოულოდნელად, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშზე უარი თქვით. ამის თაობაზე, ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. უბრალოდ, თემურ ქეცბაიამ ფაქტის კონსტატაცია მოახდინა, რომ ეროვნულ გუნდში თქვენ აღარ იქნებით.
- ჩემი გადაწყვეტილების მიზეზების ახსნა გამიჭირდება. ეს უნდა იგრძნო, კი არ უნდა ილაპარაკო. ამის შესახებ დიდი ხანი ვფიქრობდი და საბოლოო გადაწყვეტილება, ცოტა ხნის წინ მივიღე.  
- გადაწყვეტილების მიღების დროს, გარდამტეხი რა მომენტი აღმოჩნდა?
- გარდამტეხი მომენტი არ ყოფილა. უბრალოდ, ესტონეთთან ამხანაგური შეხვედრა ჩავატარე და ვთქვი, რომ ნაკრებში აღარ ვითამაშებდი.
- თუმცა, მსგავს ნაბიჯს, თუ რაიმე სერიოზული მიზეზი არ აქვთ, არ დგამენ. თქვენ ხომ, ფაქტობრივად, უარი თქვით სამშობლოს ღირსების დაცვაზე...
- გულწრფელად გეტყვით, რომ გასულ შესარჩევ ციკლში, ნაკრების მეკარეების მიმართ გამუდმებული პრეტენზიები იყო. იმის შესახებაც კი საუბრობდნენ, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდს უცხოელი მეკარე სჭირდება. გამიგეთ, რომ მყავს ოჯახი, რომელიც მუდმივად განიცდიდა ჩემს მიმართ ნათქვამს. ფსიქოლოგიურად, ეს განცხადებები, ჟურნალისტების ვარაუდები, ოჯახის წევრებზე ძალიან მოქმედებს. მეც რთულ მდგომარეობაში ვიყავი, რადგან ყოველ ჯერზე მოედანზე გამოსულს, მეშინოდა, შეცდომა არ დამეშვა. ასეთი ატმოსფერო, უკვე კლუბში ჩასატარებელი შეხვედრებისთვის მომზადებაშიც ხელს მიშლიდა და გადავწყვიტე ამისთვის წერტილი დამესვა. თუ ვინმე ბრალს მდებდა და უკმაყოფილო იყო, სჯობდა ნაკრები დამეტოვებინა.   
- მწვრთნელებიც ბრალს გდებდნენ?
- არა, ისინი არაფერს მეუბნებოდნენ. ქეცბაია რომ უკმაყოფილო ყოფილიყო, თამაშის შანსს არ მომცემდა. გაითვალისწინეთ, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში, ეროვნული ნაკრების შეკრებაზე მუდმივად მიძახებდნენ. 1998 წლიდან მოყოლებული, ნაკრებში ბევრ მწვრთნელთან მომიწია ურთიერთობა და თითოეულ მათგანთან საუცხოო ურთიერთობა მქონდა. უბრალოდ, დადგა მომენტი, როდესაც ცხოვრების უფრო მშვიდ რეჟიმზე უნდა გადავიდე.    
- მიუხედავად ამისა, არ თვლით, რომ შესარჩევი ციკლის დაწყებამდე უარის თქმით, მშობლიური გუნდი დააღალატეთ?
- ეს ასე არაა, საქართველოს ნაკრები ყოველთვის იყო და იქნება ჩემი მშობლიური გუნდი. მის გამოსვლას თვალს ყურადღებით ვადევნებ და წარმატება მახარებს. თუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ჩემი დახმარება საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემზეა დამოკიდებული.  
- უეფას ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში, თემურ ქეცბაიამ თქვენი წასვლა - “საკვანძო ფეხბურთელის დაკარგვად” შეაფასა. ნაკრების ახალმა თავკაცმა, რომელთან ერთადაც თავის დროზე თამაშობდით, რა გითხრათ?
- ვიცი, რომ ის ჩემზე ცოტა ნაწყენია. სამწუხაროდ, მას ყველაფერი ვერ ავუხსენი. ქეცბაიასთან საფუძვლიანი საუბარიც კი არ მქონია. ამ თემაზე მის თანაშემწეს, მეკარეების მწვრთნელს ვესაუბრე.  
- გამოდის, იმით გაანაწყენეთ, რომ საკუთარი გადაწყვეტილება პირდაპირ არ შეატყობინეთ?
- ქეცბაია ჩემზე გაბრაზებული არ იქნება. ვითარება რეალურად რომ გავარჩიოთ, მისთვის არაფერი დამიშავებია. სანაკრებო კარიერა დავასრულე და ამან, პირველყოვლისა, მე დამაზარალა.
- ნაკრების სხვა წევრები თქვენს გადარწმუნებას არ შეეცადნენ?
- შეეცადნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. მათ ჩემი კარგად ესმით და ვითარებას გაგებით მოეკიდნენ.
- შესაძლოა, რომ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალოთ? ეროვნულ ნაკრებში რა ვითარებაში დაბრუნდებოდით?
- ამჟამად, ეს შეუძლებელია. გადაწყვეტილება მივიღე და ის არ შეიცვლება. გარდა ამისა, უკვე ახალგაზრდაც აღარ ვარ და დროა, ადგილი უფრო პერსპექტიულ მეკარეებს დავუთმო.
- ბაქოს “ინტერის” მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე, რომელიც საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანია, თქვენს გადაწყვეტილებას როგორ შეხვდა?
- ის ჩემს მდგომარეობას გაგებით მოეკიდა. მითხრა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები თავად ფეხბურთელმა უნდა მიიღოს. თუ მე იქ თამაში არ მინდა, უკეთესია, უარი ვთქვა და ვითარება არ დავძაბო. ჩემს გადაწყვეტილებას ოჯახიც არ შეეწინააღმდეგა.

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.175552