პოლონური "იაგელონიას" მცველი გიორგი ფოფხაძე ფრანგებთან და ფინელებთან მატჩების წინ, სანაკრებო სიაში დავით კვირკველიას ტრავმის შემდეგ მოხვდა. ფოფხაძე მიიჩნევს, რომ უახლოეს მატჩებში საქართველოს ნაკრებს შეუძლია კარგი შედეგის ჩვენება და ჯგუფში მესამე ადგილზე გასვლა:
- ბოლოს დანიასთან ითამაშეთ და საერთო აზრით, ცუდად არ გამოიყურებოდით.
- ვფიქრობ, არ იყო წასაგები თამაში. მითუმეტეს, ვიგებდით და შეგვეძლო შენარჩუნება. ერიქსენმა გადაწყვიტა თამაშის ბედი. მაგ თამაშის შემდეგ, ერიქსენმა "აიაქსში" კიდევ ორჯერ შეასრულა ასეთი საჯარიმო. ჩვენ კი, ყველანაირად უნდა გვეცადა, რომ მას თავის გამოჩენის საშუალება არ ჰქონოდა.
- საფრანგეთთან მატჩზე რას იტყვით?
- დიდი ხანია, ამ მატჩს ველი და ძალიან მინდა ფრანგების წინააღმდეგ ვითამაშო. ვნახოთ, თუ მომეცემა შანსი. ორივე მატჩი მნიშვნელოვანია: როგორც ფრანგებთან, ასევე ფინეთთან. ისე არაა, რომ რადგან ჯგუფში უშუალო კონკურენტია, მხოლოდ ფინეთზე ვიყოთ კონცენტრირებულნი.
- "ბაკიდან" "იაგელონიაში" გადახვედით. რამდენად კმაყოფილი ხართ ახალ გუნდში?
- "ბაკიში" შემეძლო დარჩენა. ხელფასის თვალსაზრისით, ძალიან დიდი განსხვავებაა, მაგრამ პოლონეთი მაინც სხვაა: საფეხბურთო აურა, სავსე ტრიბუნები. თამაშიც მიწევს. გასულ ტურში 1:1 დავამთავრეთ გასვლაზე.
- "იაგელონიას" რა მიზანი აქვს?
- მეხუთეზე ვართ და ევროტურნირებზე გასვლა გვსურს. ამის შანსი ნამდვილად გვაქვს: გასვლაზე, 4 მატჩიდან 7 ქულა ავიღეთ.
- ნიკა ძალამიძე როდის იწყებს თამაშს?
- ჯერ არ ვიცი, მაგრამ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ამ ვარჯიშებზეც ეტყობა, რომ ძალიან მაგარია.