პოლონური "იაგელონიასა" და გიორგი ფოფხაძეს შორის კონტრაქტი ჯერ ოფიციალურად არ გამწყდარა, მაგრამ დიდი შანსია, ასე მოხდეს. არადა, ფოფხაძე 5-ჯერ მოხვდა ტურის სიმბოლურში და კლუბის გულშემატკივართა გამოკითხვით, სეზონის აღმოჩენადაც დასახელდა. 27 წლის მარცხენა მცველი თბილისშია და "მსოფლიოს სპორტს" ესაუბრა:
- მართალია, დაიწერა, რომ უკვე თავისუფალი აგენტი ვარ, მაგრამ ჯერ ოფიციალურად ასე არაა. შარშან ზაფხულს 1+1-წლიანი ხელშეკრულება გავაფორმე, მაგრამ კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა. ამის გამოც იყო, რომ სეზონის მეორე ნახევარი ჩაგვივარდა, თორემ თავიდან კარგად დავიწყეთ და ხუთეულის გუნდად ვითვლებოდით. "იაგელონიას" ბევრი ფეხბურთელის მსგავსად, თანხა ასაღები მაქვს, მაგრამ ვერ იხდიან. მე კი ვუთხარი, რომ თანხაზე თვალს დავხუჭავ, ოღონდ, თავისუფალი აგენტი გავხდე. ალბათ, ასეც შევთანხმდებით.
- გაქვთ რაიმე შემოთავაზებები?
- დიახ, მათ შორის, პოლონეთის საუკეთესო ოთხეულის გუნდებიდან. წინადადებები ჯერ კიდევ მაშინ იყო, როცა იცოდნენ, რომ კონტრაქტი მქონდა. თავისუფალი აგენტის აყვანა კი კიდევ უფრო გაუიოლდებათ.
- გასულ სეზონს პირადად თქვენთვის როგორ შეაფასებდით?
- შემიძლია ვთქვა, რომ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი მქონდა. შესაძლოა, ყველაზე კარგიც კი. 26 მატჩი ჩავატარე, კარგი პრესა მქონდა და გულშემატკივრებსაც გული დასწყდათ, როცა ჩემი შესაძლო წასვლის ამბავი გაიგეს. სიმართლე გითხრათ, "იაგელონიადან" წამოსვლა არ მინდოდა, მაგრამ რადგან თანხას ვერ იხდიან და ასეთი სიტუაციაა, სხვა გზა არაა.