ქართულ კლუბებში ისეთი სიტუაციაა, რომ ბევრი ფეხბურთელი გაურკვევლობაშია, სად გააგრძელებს კარიერას და საერთოდ, მოძებნის თუ ვერა კლუბს. ასეა 25 წლის მეკარე გიორგი ძაძამიაც, რომელიც 3 წლის წინ, საქართველოს ნაკრებშიც კი გამოიძახეს (როცა “ვიტ ჯორჯიაში” გახლდათ), თუმცა ბოლო პერიოდში საქმე უკან-უკან წაუვიდა.
“ბოლოს, როგორც იცით, “გურიაში” ვიყავი, თუმცა ბოლო სამი თვეა უკლუბოდ ვარ. 35-ე სკოლის მოედანზე ვვარჯიშობ. არაფერს ვაკლებ, ფორმა რომ შევინარჩუნო და იმაზე უკეთეს კონდიციებში ვარ, “გურიაში” რომ ვიყავი” – უთხრა ძაძამიამ “მსოფლიო სპორტს”.
გიორგიმ “გურია” რატომ დატოვა, ადრეც ცნობილი იყო – ხელფასების დაგვიანება და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები. ფეხბურთელები გაგებით ეკიდებოდნენ ამ ამბავს, თუმცა მოთმინების ფიალაც აივსო.
“ამდენწლიანი შესვენების შემდეგ, “გურია” უმაღლეს ლიგაში გადავიდა და მაინც არ დაგვიფასა ხელმძღვანელობამ. სულ ტყუილი, ტყუილი... ზოგადად, საქართველოს ჩემპიონატში რატომღაც ისე გამოსდით, რომ მხოლოდ ფეხბურთელმა უნდა მოითმინოს. ამ დროს ხელმძღვანელობასაც რომ მართებს ფეხბურთელებისადმი პატივისცემა, ავიწყდებათ”.
ძაძამიამ გვითხრა, რომ პირველი ლიგის გუნდებიდან აქვს წინადადებები, თუმცა უმაღლეს ლიგაში თამაში სურს, ვარჯიშობს და ელის შემოთავაზებებს.