ფეხბურთი

14:38 | 12.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ძაძამია: "ემოციური იმიტომ ვარ, რომ ფეხბურთი სიგიჟემდე მიყვარს და წაგება მეზიზღება"

გიორგი ძაძამია ამჟამად უგუნდოდაა. 25 წლის მეკარე ამ ზაფხულს ლანჩხუთის "გურიადან" წავიდა, რისი მიზეზებიც ცნობილია. არადა, 2010 წელს, როცა ძაძამია "ვიტ ჯორჯიაში" გახლდათ, თემურ ქეცბაიას ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში ჰყავდა და სლოვენიასთან მატჩისთვის ისიც ემზადებოდა.

"მსოფლიო სპორტი" ძაძამიას დაუკავშირდა:

- ორჯერად ვარჯიშებზე ვარ გადასული და 35-ე საფეხბურთო სკოლაში ვაპირებ მისვლას, რათა მოვემზადო. მართალია, ამჟამად 3 კილოგრამი ზედმეტი წონა მაქვს, მაგრამ ამას უცებ დავიგდებ. ზამთრისთვის ველოდები გუნდებიდან წინადადებებს.

- "გურიადან" წამოსვლის შემდეგ, არ გქონიათ შემოთავაზება?

- იყო, მაგრამ პირველი ლიგის გუნდებიდან. უმაღლეს ლიგაში კი ყველა გუნდი დაკომპლექტებული იყო და მესამე მეკარეში ფულის გადახდა არავის უნდოდა.

- "გურიაში" რა მოხდა, ამაზე ბევრი დაიწერა, თუმცა გაიხსენეთ – რა გახდა პირადად თქვენი წამოსვლის მიზეზი?

- ხელფასების დაგვიანება დაიწყო. დაგვიანება კი არა, უკვე საერთოდ აღარ იძლეოდნენ. ტყუილზე აგებულ ურთიერთობას ვერ ვიტან. დიდხანს გაგებით ვეკიდებოდით ფეხბურთელები, ვშრომობდით, ვიბრძოდით, ძალას არ ვზოგავდით და გუნდი ამდენი ხნის შემდეგ გადავიდა უმაღლეს ლიგაში. ვერ დაინახეს პატივისცემა. იცით, საქართველოს ჩემპიონატში ისე მოაწყვეს საქმე, თითქოს მხოლოდ ფეხბურთელმა უნდა გამოხატოს პატივისცემა. მწვრთნელებსა და ხელმძღვანელობასაც უნდა გააჩნდეთ ეს დამოკიდებულება.

- გასულ სეზონში თქვენი თამაშით კმაყოფილი იყავით?

- თბილისის "დინამოსთან" ერთ მატჩს თუ არ ჩავთვლით, კი. მატჩს კი არა, იმ კონკრეტულ მომენტს, როცა მესამე გოლი გავუშვი. ფეხბურთია, ასეც ხდება... განადგურებული ვიყავი, ეს როგორ მომივიდა. სხვა მატჩებში, ვფიქრობ, ნორმალურად გამოვიყურებოდი.

- თქვენზე ამბობენ, ძალიან ემოციურიაო. ხელს გიშლით ემოციურობა?

- ემოცია თუ არ გაქვს, აბა, ისე რა სპორტსმენი ხარ? მით უმეტეს, მეკარეს სჭირდება ემოციურობა. მაშინ, გავჩუმდები, ვიდგები კარში, არც გამოსვლაზე თამაშისას დავიყვირებ და ეს იქნება კარგი? ასე მომერიდებიან თავდამსხმელები? თუ არ დაიყვირე, თუ არ უკარნახე, რა გამოვა. მაშინ, ოლივერ კანზე რაღა უნდა თქვან, სულ ჩართული იყო თამაშში. ვიცი მეკარეები, გოლებს ისე უშვებენ, თითქოს არც ნერვიულობენ, ვითომც აქ არაფერიაო. ემოციური იმიტომაც ვარ, რომ ფეხბურთი სიგიჟემდე მიყვარს და წაგება მეზიზღება.


0.134432