ინტერვიუები

14:02 | 19.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჯგერენაია: "დედა მიიჩნევდა, რომ ჩემგან კარგი ექიმი-სტომატოლოგი გამოვიდოდა"

უკრაინული "ილიჩივეცის" ახალწვეულმა, ქართველმა მარცხენა მცველმა გიორგი ჯგერენაიამ ვრცელი ინტერვიუ მისცა კლუბის საიტს. ჯგერენაია, გეცოდინებათ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელია და "ილიჩივეცში" "გაგრადან" მოხვდა.
- ცნობილი გამონათქვამია: საქართველოში ყველა ბიჭი ფეხბურთელობაზე ოცნებობს...
- ასეა და მეც 100 პროცენტით მესადაგება. საქართველოში ფეხბურთი უყვართ. სამწუხაროდ, ეროვნული ჩემპიონატი არცთუ მაღალი დონისაა, ამიტომაც, ყველა ძლიერ ფეხბურთელს უფრო პერსპექტიულ ქვეყანაში სურს წასვლა, სადაც უფრო მაღალ დონეზე შეეძლება თამაში.
- ფეხბურთში როგორ მოხვდით?
- 11 წლის ვიყავი, მშობლების უჩუმრად წავედი ვარჯიშზე. თავიდან არ მომეწონა. ერთი წლის შემდეგ ისევ მივედი და დავრჩი.
- გვიან შესულხართ ფეხბურთზე. თქვენი თანატოლები, ალბათ, უკვე 5 წლის განმავლობაში ერთად ვარჯიშობდნენ.
- ეს მხოლოდ პირველ წელს მეტყობოდა. მერე კი უკვე სხვებივით ვთამაშობდი.
- როგორი ფიქრები გქონდათ იმ დროს - უბრალოდ, ერთობოდით თუ თავის გამოჩენას ცდილობდით?
- თავიდან არც ვფიქრობდი, რომ ფეხბურთი ჩემი პროფესია იქნებოდა. უბრალოდ, იღბლიანად დაემთხვა. თავიდან რუსეთში დავდიოდი, სადაც მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი. და როცა საქართველოში გადმოვედით, გუნდიც მოვნახე. იმ დროს ფეხბურთი მხოლოდ ჰობი იყო, აქცენტს სწავლაზე ვაკეთებდი. ერთხელ ფეხბურთის თამაშს თავი დავანებე კიდეც.
- რამ გამოიწვია ეს?
- დედა მუდამ მეუბნებოდა: "ისწავლე". როცა 17 წლის გავხდი, ორი თვით შევეშვი ფეხბურთს. შემდეგ მწვრთნელმა დამირეკა და ვარჯიშზე მიმიწვია. ვიფიქრე, რამდენიმე კვირას ვივარჯიშებ და თუ ვერცერთ გუნდში ვერ მოვხვდები, მორჩა, მთლიანად სწავლაზე გადავერთვები. ერთ გუნდში მივედი გასინჯვაზე და არ ამიყვანეს, აი მეორეგან კი, მოვეწონე და მიმიღეს. კონტრაქტი გავაფორმე.
- ფეხბურთი რომ არა, სად გააგრძელებდით საქმიანობას?
- დედა მიიჩნევდა, რომ ჩემგან კარგი ექიმი-სტომატოლოგი გამოვიდოდა.
- რატომ? ოჯახის რომელიმე წევრია ამ პროფესიის?
- არა, უბრალოდ, მე მაინტერესებდა.
- თქვენ პირველი არ ხართ, ვინც "გაგრადან" გადმოვიდა "ილიჩივეცში".
- ვიცი. თორნიკე ოქრიაშვილი თამაშობდა "გაგრაში", თუმცა მე რომ მივედი, უკვე წასული იყო გუნდიდან. იყო ასევე გიორგი გაბედავა - ისიც "გაგრადან" გადავიდა "ილიჩივეცში".
- ხომ არ იცით, ახლა სადაა გაბედავა?
- საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა და "ზუგდიდში" თამაშობს.
- "ილიჩივეცის" ფეხბურთელებთან მალე დაახლოვდით?
- გუნდში კარგი ატმოსფეროა, ბიჭები ვარჯიშებზე მეხმარებიან. უკრაინაში გაცილებით მაღალი დონეა, ვიდრე საქართველოში, ამიტომაც, თავიდან გამიჭირდა. თანდათან მივეჩვიე.
- "ილიჩივეცში" გუნდის "დამქოქავები" ვინ არიან?
- საშა ჩიჟოვსა და ლიოშა პოლიანსკის დავასახელებდი.
- ალბათ, ქართველებთან ყველაზე ხშირად კონტაქტობთ...
- დიახ. ოქრიაშვილთან და თარგამაძესთან.
- და ერთმანეთში რა ენაზე საუბრობთ?
- რა თქმა უნდა, ქართულად!
- ამჟამად თურქეთშია "გაგრას" პრეზიდენტი. ის თქვენს თამაშებს უყურებს. გკარნახობთ რამეს?
- "ნასაფთან" თამაშის შემდეგ მოვიდა ჩემთან, მაგრამ მეძინა. შევთანხმდით, რომ მოგვიანებით ვისაუბრებდით. პრეზიდენტს მოსწონს მარიუპოლის გუნდი და სურს, რომ აქ დავმკვიდრდე.
- და თავად როგორ ფიქრობთ: "ილიჩივეცში" გადმოსვლა წინგადადგმული ნაბიჯია თუ ტრამპლინი უფრო ძლიერ კლუბში წასასვლელად?
- სიმართლე გითხრათ, ორივე ვარიანტი შესაძლებელია. აქ გადმოსვლა დიდი ნაბიჯია, თუმცა ახლა საკუთარ თავს მეტს მოვთხოვ და უფრო წინ გავიხედები.
- მარცხენა მცველი ხართ, თუმცა მეორე შეკრებაზე მწვრთნელები ცენტრალურ მცველად გაყენებენ. რომელია თქვენთვის უკეთესი?
- მნიშვნელობა არ აქვს. თითქმის ყველგან მითამაშია. რუსეთში, ბავშვობისას მარცხენა ნახევარმცველი ვიყავი, საქართველოში კი თავიდან თავდასხმაში დამაყენეს. "გაგრაში" თავიდანვე მცველად გამამწესეს: ხან მარცხნივ, ხან ცენტრში. და თუ "ილიჩივეცში" კიდევ სხვა პოზიციაზე დამაყენებენ, უარს არ ვიტყვი.
- რა ნომრით ითამაშებთ?
- უკვე ავირჩიე 45 ნომერი. თავისუფალი იყო. რიცხვი 45 ჩემთვის არაფერთან ასოცირდება. ადრე, "გაგრაში" 22 ნომრით ვთამაშობდი, ნაკრებში - 17-ით.
- "ილიჩივეცთან" კონტრაქტი როდემდე გაქვთ?
- ნახევარწლიანი იჯარით.
- საქართველოს ნაკრებში როგორ გაქვთ საქმე?
- 19-წლამდელებში მიწვევდნენ და სხვადასხვა ტურნირებზეც მითამაშია. 21-წლამდელებშიც გამომიძახეს. აი, მთავარ ნაკრებში კი, ჯერ არა. საკმაოდ ახალგაზრდა ვარ. შესაძლოა, ერთი წლის შემდეგ მოვიდეს ამის დრო...


თეგებიჯგერენაია
0.124967