ფეხბურთი

19:41 | 19.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დევდარიანმა სიჩუმე დაარღვია: “ჩემი ნებით არ წავსულვარ”

გიორგი დევდარიანი ერთი-ორი დღის წინ არ წამოსულა გორის “დილადან”. მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა და მიზეზიც გასაგები იყო, თუმცა როდესაც “მსოფლიო სპორტი” კიდევ ერთხელ დაუკავშირდა, გულახდილად გვითხრა:

“რამდენიმე დღე ისე ვიყავი, ოჯახის წევრებსაც კი ვერ ველაპარაკებოდი. უნდა დავმშვიდებულიყავი, ყველაფერი გამეაზრებინა”.

ზაფხულში, როდესაც დევდარიანი “დილას” თავკაცი გახდა, ბევრი სკეპტიკურად უყურებდა გუნდის საევროპო მომავალს, თუმცა გუნდმა დანიური “ოლბორგისა” და ხორვატული “ჰაიდუკის” ბარიერი ისე გადალახა, გოლი არ გაუშვია. დევდარიანის “დილა” სიმპათიურ ფეხბურთს თამაშობდა: მეორე ნომრად კი მოქმედებდა, მაგრამ აბა გავიხსენოთ, შეტევაში რამდენი კაცით გადადიოდა და როგორ რიცხობრივ უპირატესობას ქმნიდა. ეს არ იყო ბურთის მოშორებაზე მოთამაშე გუნდი, გამართულობა ეტყობოდა და იცოდა, რას აკეთებდა.

“დილამ” ჩემპიონატში საწყისი რამდენიმე ტურიც კარგად ჩაატარა, თუმცა შემდეგ შედეგი ძალიან გაუცუდდა და დევდარიანიც უმუშევარი დარჩა.

- პირდაპირ გეტყვით, რომ “დილადან” ჩემი ნებით არ წამოვსულვარ. ჩემი მუშაობით ყველა უკმაყოფილო იყო და ამას პირდაპირ მეუბნებოდნენ. ერთადერთი, ლევან სილაგაძეს არ გამოუხატავს უკმაყოფილება. რა თქმა უნდა, შედეგი არც სილაგაძეს მოსწონდა, მაგრამ ის, რომ მე თითქოს ცუდად ვმუშაობდი, მას არ უთქვამს. დანარჩენებისგან კი მესმოდა, - უთხრა გიორგი დევდარიანმა “მსოფლიო სპორტს”.

- ხმები გამოვიდა, დევდარიანმა თავად მოინდომა წასვლა და ერთი პირობა, დაბრუნებაზე დაითანხმესო.

- არასწორია. წაგებული თამაშის შემდეგ მითხრეს, რომ იქნებოდა თათბირი, მაგრამ ეს თათბირი არ ჩატარებულა. არ ვიცი, ვინ იღებს იქ გადაწყვეტილებას, ბევრი ხელმძღვანელია და სილაგაძის გარდა, ყველასგან მესმოდა, რომ ჩემით უკმაყოფილონი იყვნენ. ჩემი ნებით რატომ უნდა წავსულიყავი? დეკემბრის ბოლომდე აზრადაც არ მქონია წამოსვლა. კალენდარი ხელსაყრელი გვქონდა, ძლიერი მეტოქეები მოტოვებული გვყავდა და თანაც, 12-დღიანი სანაკრებო პაუზის გამოყენება ნაყოფიერად შეიძლებოდა. გარკვეულ სამუშაოებს ჩავატარებდი, თამაშის დასახვეწად დროს გამოვიყენებდი. “დილას” გულშემატკივრებისგანაც მხოლოდ სითბოს ვგრძნობდი, ასე რომ, ტყუილად ნუ იტყვიან, რომ ჩემით წავედი.

- ეს ცუდი შედეგი რამ მოიტანა? მიზეზი მხოლოდ გიორგი ილურიძისა და ლაშა გვალიას წასვლაა?

- არა მხოლოდ, თუმცა ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, ილურიძისა და გვალიას წასვლაცაა. ისინი გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენდნენ. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ისინი გუნდში იყვნენ, თავდამსხმელის მოყვანას ვითხოვდი, რადგან ამ ხაზში საკადრო პრობლემები გვქონდა და ეს ყველამ იცის. ამას დაემატა დოლიძის ტრავმაც. ილურიძისა და გვალიას ნაცვლად კი მოიყვანეს ორი ფეხბურთელი, რომლებიც პერსპექტიულები არიან, მაგრამ 4-5 თვის უვარჯიშებლები იყვნენ და მე ფოკუსებს ნამდვილად ვერ ჩავატარებდი. საუბარია, გიორგი ქვილითაიაზე და ნიკა ფილიევზე. მოკლედ, შევსება ვერ მოხერხდა ბიუჯეტის სიმწირის გამო და ისედაც მოკლე სკამი კიდევ უფრო მოკლე გახდა. 

...…მეორე მიზეზი: ძალიან რთულია ევროთასებიდან ჩემპიონატზე გადმორთვა. მითუმეტეს, როცა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯი გაკლდება.

... მესამე მიზეზი: ტაქტიკა შევცვალეთ და სამი ცენტრალური მცველით აღარ ვთამაშობდით. ევროთასებზე სწორედ ამ სამმცველიანობის სისტემამ გაამართლა, მეორე ნომრად ვთამაშობდით და “ოლბორგთან” და “ჰაიდუკთან” მატჩებში გამოჩნდა, რომ სწორად ვმოქმედებდით. საქართველოს ჩემპიონატში “მეორე ნომრად” თამაში აღარ გამოდგებოდა, რადგან აქ ჩვენ ვიყავით ფავორიტები. ამ ცვლილებებს დრო სჭირდებოდა და ამ 12-დღიან პაუზას სწორედ ამისთვის გამოვიყენებდი.

- რეალურად, ვინ მიიღო გადაწყვეტილება თქვენს დათხოვნაზე?

- კიდევ ვამბობ, სილაგაძის გარდა, ყველამ. უკვე ვეღარ გავიგე, რამდენი ხელმძღვანელი იყო. იმ ადამიანებს, რომლებიც დითირამბებს მიძღვნიდნენ ზაფხულში, უკვე აღარ ვჭირდებოდი. ევროპის ლიგაზე და თბილისის ‘დინამოსთან” მატჩში თუ კარგად ვწვრთნიდი გუნდს, მერე უცებ გავხდი ცუდი? ერთს ვიტყვი: ძალიან ცუდი სიტუაციაა სხვა ქართულ კლუბებში. ფაქტობრივად, არ ჩანს სამუშაო გეგმა.

- ახლა რა გეგმები გაქვთ?

- ჯერ დავისვენებ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან წლის ბოლომდე კონტრაქტით კვლავაც ვითვლები ასაკობრივი გუნდის მწვრთნელად (შეხსენებისთვის, დევდარიანი 17-წლამდელებს თავკაცობდა, რომლებსაც მაისში ერთი გოლი დააკლდათ ფინალურ ეტაპზე გასვლამდე - ი.ნ), ასე რომ, არაა გამორიცხული, ერთ-ერთი ასაკობრივი ნაკრები გავწვრთნა.

 

 P.S. დევდარიანი პირდაპირი ადამიანია და მოგებული თამაშის მერეც არაერთხელ უთქვამს, რომ გუნდში (თუ კლუბში) საქმე რიგზე ვერაა. ვერავინ დააბრალებს, რომ მხოლოდ ურმის გადაბრუნების შემდეგ საუბრობს. აი, მაგალითიც: ეს სიტყვები დევდარიანის პრესკონფერენციიდანაა, რომელიც “დილას” მიერ “ოლბორგის” 3:0 დამარცხების შემდეგ თქვა: 

“"ოლბორგის" ეს შემადგენლობა, ორი-სამი კაცის გამოკლებით, 5 წელია ერთადაა. საერთოდ, ევროპის ნებისმიერ ასე თუ ისე ნორმალურ კლუბში ბირთვს ინარჩუნებენ, სეზონის შემდეგ ერთ, ან ორ ფეხბურთელს უშვებენ და არანაკლები მოჰყავთ. ჩვენთან კი არ იცი, 6 თვის მერე რა მოხდება. გადავხედოთ ქართულ კლუბებს: თბილისის 'დინამოს" გარდა, არავინ იცის, 6 თვის თუ ერთი წლის შემდეგ როგორ იქნებიან. კიდევ, ქუთაისის "ტორპედომ" იცის, რასაც აკეთებს. სხვა? და როცა შემადგენლობა წამდაუწუმ იცვლება, როცა სეზონში სამი მწვრთნელი იცვლება და ფეხბურთელს ყველა სხვადასხვა დავალებებს აძლევს, ეს თავისთავად მოქმედებს ფიზიკურ მომზადებაზე. დღევანდელი 3:0 თავისთავად მოულოდნელობაა. ჩვენ ძალიან მცირე დრო გვქონდა მოსამზადებლად, "ოლბორგს" კი შეთამაშების პრობლემა არ აქვს”. 



0.114984