ფეხბურთი

22:46 | 18.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დევდარიანი: "რომ ვთქვა, ვიცოდი, გორელიშვილი ორ გოლს გაიტანდა-მეთქი, აქ ნამდვილად არ ვიქნებოდი"

 

"დილა"_"ოლბორგი" 3:0. გიორგი დევდარიანის გუნდმა პირწმინდად დაჩაგრა დანიური კლუბი. თამაშის შემდეგ, პრესკონფერენციაზე დევდარიანს ტაშით შეეგებნენ, რასაც ალალად იმსახურებს ეს ახალგაზრდა მწვრთნელი.  დევდარიანმა მატჩი შეაფასა და მხოლოდ ამ შეხვედრას არ შეხებია - ზოგად პრობლემებზეც ისაუბრა, რაც საერთოდ ქართულ კლუბებს ხელს უშლის:

დევდარიანი: - რომ გითხრათ, ასეთი ანგარიშით მოგებას ველოდი-მეთქი, მართალი არ ვიქნები. ყველა ფეხბურთელს დიდ მადლობას ვუხდი. მატჩამდე ინტერვიუში ვთქვი, რომ ჩვენს შანსს ბოლომდე უნდა დავლოდებოდით და მოთმინება გამოგვეჩინა. შეამჩნევდით, მეტოქეს მათ მესამედზე არ ვხვდებოდით, რადგან კონტრშეტევებზე ძლიერია "ოლბორგი".

- გორელიშვილის შესვლამ "დილას" თამაში გააძლიერა. რა დავალება მიეცით მას?

- ჩვენ ველოდით, რომ დოლიძე დაიღლებოდა და მის ნაცვლად გორელიშვილი უნდა შეგვეყვანა. ახლა რომ ვთქვა, ვიცოდი, გორელიშვილი ორ გოლს გაიტანდა-მეთქი, აქ ნამდვილად არ ვიქნებოდი.  

- სხვათა შორის, კარგად შემოვიდა შეცვლაზე აბურჯანიაც.

- რატომ სხვათა შორის? აბურჯანია მართლაც კარგი ბიჭია და მისი იმედი მაქვს.

- რატი ალექსიძეს ერთი ტაიმის სათამაშოდ მზად არის?

- რომ შეეძლოს, ერთ ტაიმს ვათამაშებდი. რატიმაც სული და გული ჩადო იმ წუთებში, რაც მოედანზე გაატარა.

- ყველაზე მეტად რამ განაპირობა "დილას" ასეთი გამარჯვება?

- დიდწილად განაპირობა დანიელთა მგზავრობამ და მათთვის არასასურველმა ამინდმა. დაიღალნენ. ასე რომ, ახლავე ვამბობ, "ოლბორგი" დანიაში სხვაგვარად ითამაშებს და არ უნდა მოვდუნდეთ. 3:0 მოვიგეთ, მაგრამ შემდეგ ეტაპზე ჯერ არ გავსულვართ.

- კვახაძე რატომ არ იყო განაცხადში?

- ტრავმა აქვს. დანიაში ითამაშებს თუ არა? წესით, უნდა გამოჯანმრთელდეს. დღეს "დილამ" ისე ითამაშა, რომ დავინახე, გუნდში საკმაო კონკურენციაა. კვახაძე კაპიტანია და მასაც კონკურენცია უწევს.

- გამოჩნდა, რომ ფიზიკურად "ოლბორგი" უკეთაა მომზადებული. საერთოდ, ეს ქართული გუნდების აქილევსის ქუსლია. რატომ?

- მარტივი ასახსნელია. "ოლბორგის" ეს შემადგენლობა, ორი-სამი კაცის გამოკლებით, 5 წელია ერთადაა. საერთოდ, ევროპის ნებისმიერ ასე თუ ისე ნორმალურ კლუბში ბირთვს ინარჩუნებენ, სეზონის შემდეგ ერთ, ან ორ ფეხბურთელს უშვებენ და არანაკლები მოჰყავთ. ჩვენთან კი არ იცი, 6 თვის მერე რა მოხდება. გადავხედოთ ქართულ კლუბებს: თბილისის 'დინამოს" გარდა, არავინ იცის, 6 თვის თუ ერთი წლის შემდეგ როგორ იქნებიან. კიდევ, ქუთაისის "ტორპედომ" იცის, რასაც აკეთებს. სხვა? და როცა შემადგენლობა წამდაუწუმ იცვლება, როცა სეზონში სამი მწვრთნელი იცვლება და ფეხბურთელს ყველა სხვადასხვა დავალებებს აძლევს, ეს თავისთავად მოქმედებს ფიზიკურ მომზადებაზე. დღევანდელი 3:0 თავისთავად მოულოდნელობაა. ჩვენ ძალიან მცირე დრო გვქონდა მოსამზადებლად, "ოლბორგს" კი შეთამაშების პრობლემა არ აქვს.

კენტ ნილსენი ("ოლბორგის" მწვრთნელი): - ძალიან იმედგაცრუებული ვარ. "დილამ" კარგად ითამაშა, ჩვენ კი ბევრი შეცდომა დავუშვით. ჩემი აზრით, გოლებიც სწორედ ჩვენი შეცდომების შედეგად გავიდა. ვეცდებით, შინ ბოლომდე ვიბრძოლოთ. "ოლბორგი" დიდი ისტორიის მქონე კლუბია, მაგრამ დღესდღეობით ეს გუნდი მაინც ახალგაზრდულია და თამაში დასახვეწი აქვს.  


0.136533