დანიური წარმატების შემდეგ, “დილამ“ მომდევნო მეტოქის ქვეყნისკენ ხორვატიისკენ აიღო გეზი. გორელები უკვე ქალაქ სპლიტში იმყოფებიან და სასტუმროშიც დაბინავდნენ. ხორვატიაში გამგზავრებამდე მთავარ მწვრთნელსა და რამოდენიმე ფეხბურთელს გავესაუბრეთ.
გიორგი დევდარიანი: “პირველი ეტაპი წარმატებით გადავლახეთ, თუმცა კენჭისყრის შემდეგ, ამ ეტაპის გავლა რთულად წარმოსადგენი გახლდათ. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. პირველ შეხვედრამდე განვაცხადე და ახლაც გავიმეორებ, რომ წინა სეზონისგან განსხვავებით, საკმაოდ ბევრი ცვლილება მოხდა.
გუნდი ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, მოვიდნენ ახალწვეულებიც, რომლებსაც დრო სჭირდებოდათ შესათამაშებლად, მოწინააღმდეგე კი საკმაოდ შეკრული გუნდი გახლდათ. ისინი წლების განმავლობაში ერთიდაიგივე შემადგენლობით ასპარეზობენ...
მიუხედავად ყველაფრისა, ბრძოლას ვაპირებდით და მადლობა უფალს, რომ ჩვენი შრომა დაფასდა. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობას. მათი ძალისხმევით ამ მოკლე დროში გაკეთდა ყველაფერი, რათა მომავალი დაპირისპირებისთვის, გუნდი სათანადოდ მომზადებულიყო და შედეგიც სახეზეა.
მომავალ მეტოქესთან დაკავშირებით, სათანადო ინფორმაციას ჯერჯერობით არ ვფლობთ, თუმცა, ვეცდებით რომ ცნობები მაქსიმალურად მოვიპოვოთ და ამ მატჩისთვის სათანადოდ მოვემზადოთ“.
დავით ბოლქვაძე: “ოლბორგი“ძალიან კარგი გუნდი გახლდათ. ვიცოდით, რომ საპასუხო მატჩში პირველივე წუთებიდანვე შემოგვიტევდნენ, მაგრამ გავუძელით და სასურველ შედეგს მივაღწიეთ“.
ნუკრი რევიშვილი: “მწვრთნელის დავალება კარგად შევასრულეთ. გვქონდა რამოდენიმე რეალური საგოლე მომენტიც. იმედია, ასეთი შესაძლებლობა “ჰაიდუკთანაც“ გვექნება და დანიელებთან მატჩისგან განსხვავებით, შანსებს ხელიდან აღარ გავუშვებთ“.
მამუკა კობახიძე: “პირველივე წუთიდან მეტოქემ შემოგვიტია. ჩენი მიზანი გოლის არგაშვება იყო, განსაკუთრებით მატჩის საწყის პერიოდში, რაც საბედნიეროდ შევასრულეთ. რაც შეეხება მომავალ მეტოქეს, ჯერჯერობით არ ვფლობთ რაიმე ინფორმაციას. მწვრთნელები გააკეთებენ მომავალი მეტოქის შესახებ ანალიზს და იმედია ამ ეტაპსაც წარმატებით დავძლევთ“.
რაც შეეხება “დილას” მომდევნო მეტოქეს. “ჰაიდუკი“ 1911
2012-13 წლების სეზონში “ჰაიდუკმა“ ხორვატიის თასი მეექვსედ მოიგო. ფინალში “ლოკომოტივას“ შეხვდა, რომელსაც გასვლაზე 3:3 ეთამაშა, ხოლო შინ 2:1 სძლია და თასს დაეუფლა. ხორვატიის 12 გუნდიან ჩემპიონატში სპლიტელებმა 33 მატჩი ჩაატარეს, აქედან 14 მოიგეს, 10 ფრედ ითამაშეს და 9 შეხვედრა დათმეს. გუნდმა 52 ქულა მოაგროვა და მეოთხე ადგილს დასჯერდა.
კლუბს ევროთასებზე მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს. შარშანდელ სეზონში “ჰაიდუკი“ ევროპის ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო. ხორვატთა პირველი მეტოქე ლატვიური “სკონტო“ გახლდათ, რომელსაც შინ 2:0 სძლიეს, ხოლო გასვლითი მატჩი 1:0 დათმეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
სპლიტელთა მომდევნო მეტოქე ყველასთვის კარგად ცნობილი, იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გუნდი მილანის “ინტერი“ გახლდათ, რომელთანაც წარმატების მისაღწევად, “ჰაიდუკს“ ერთი ნაბიჯი დააკლდა. ხორვატებმა შინ უშანსოდ 0:3 წააგეს, სტუმრად კი მილანელები საკმაოდ ანერვიულეს და 2:0 მოუგეს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი 1 აგვისტოს ხორვატიაში შედგება, ხოლო 8 აგვისტოს საპასუხო მატჩი თბილისში გაიმართება.
“დილას” პრესსამსახური