ფეხბურთი

14:47 | 25.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დევდარიანი: “გოლის მომენტში სათამაშო დისციპლინა დაირღვა”

“დილა”: მოდებაძე ვარჯიშობს, დოლიძის თამაში საეჭვოა


 

გორის “დილას” შანსი აქვს, ევროპული საკლუბო შემოდგომა აჩუქოს ქართველ გულშემატკივარს. გიორგი დევდარიანის გუნდმა ვენაში 0:1 წააგო “რაპიდთან” და ხუთშაბათს “მიხეილ მესხზე” ელის საპასუხო მატჩი. სამწუხაროდ, “დილას” ყველა ფეხბურთელი მწყობრში ვერაა: გრიგოლ დოლიძე დაშავდა და შესაძლოა, ავსტრიელებთან ვერ ითამაშოს. მოდებაძემ კი, როგორც იცით, ვენაში თამაში გამოტოვა, თუმცა დიდი შანსია, “მიხეილ მესხზე” გუნდს დაეხმაროს.

“მსოფლიო სპორტი” გიორგი დევდარიანს ესაუბრა:

-    ვენის მატჩს როგორ შეაფასებდით?

-    ანგარიში არაა ისეთი, რომლის ამოქაჩვაც შეუძლებელია. ხარისხს რაც შეეხება, არ მომეწონა. ბევრი წუნი გვქონდა.

-    გულისხმობთ იმას, რომ გუნდი ძალიან იყო დაცვაში ჩამჯდარი?

-    არა, ეს ჩემი დავალება იყო, მაგრამ კონტრშეტევებზე უნდა გვეთამაშა და სწორედ აქ, დაცვიდან შეტევაში გადასვლისას ბევრი წუნი გვქონდა.

-    გოლის გაშვების მომენტში, პირიქით, რატომღაც სიცარიელე იყო დაცვაში. რატომ?

-    აქ იყო სათამაშო დისციპლინის უხეში დარღვევა. უდროოდ დატოვეს ზონა და რატომ მოხდა ასე, არ ვიცი. ვეძახდი ფეხბურთელებს, მაგრამ ისეთი გუგუნი იყო, ვერ გავაგონე. შეცდომა ყველას მოსდის, ადამიანები არიან. ამ კონკრეტული შეცდომის გამო არ წაუგია გუნდს. კიდევ ვამბობ, მთლიანობაში თამაშის ხარისხი არ მომეწონა.

-    თბილისში რა შეიძლება იყოს “დილას” კოზირი?

-    კომბინაციური თამაში.

-    მოდებაძე ითამაშებს?

-    შესაძლოა. სირბილი დაიწყო და ვნახოთ, რამდენად მოესწრება სრულად გამოჯანმრთელება და რამდენი წუთით შესძლებს თამაშს. სამწუხაროდ, დოლიძეს აქვს კუნთის ტრავმა: დაჭიმული აქვს თუ გაწყვეტილი, ხვალ დილით ცნობილი გახდება.

-    და ერთიც: მართალია, “რაპიდთან” მაინც ვერ ითამაშებს, მაგრამ ახალწვეული ხომ არ ჰყავს გუნდს?

-    არა, ჯერ არავინ.

 

0.081586