“გორის “დილამ” პირველმა შემომთავაზა თანამშრომლობა. წინადადება მოვისმინე და შემდეგ ფეხბურთელებს შევხვდი. მაინტერესებდა მათი აზრი, რამდენად მზად იყვნენ, რათა გვერდში დამდგომოდნენ. ეს დადებითი კუთხით ვიგრძენი და დღეს “დილაში” ვარ. ამასთან, მე მხოლოდ ბავშვთა მწვრთნელი არ ვარ” – გვითხრა გიორგი დევდარიანმა, რომელსაც “მსოფლიო სპორტი” დაუკავშირდა.
როგორც იცით, “დილა” ევროპის ლიგაზე თამაშს II საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს, მანამდე კი, პარასკევს, გორში ტესტ-მატჩს გამართავს “ზოოვეტთან”, ხოლო 29 ივნისს თურქეთში გაემგზავრება შეკრებაზე.
“უკვე ცნობილია, რომ თურქეთში ამხანაგურ მატჩს გავმართავთ რუმინეთისა და თურქეთის უმაღლესი ლიგის კლუბებთან. ასევე, ზაქათალის “სიმურგთან”, რომელსაც გიორგი ჩიხრაძე წვრთნის” – გვითხრა დევდარიანმა.
შემადგენლობაზე: როგორც იცით, გუნდში მივიდნენ ოთარ ხიზანეიშვილი (თბილისის “დინამოდან”), თემურ ღონღაძე (“ზესტაფონიდან”), გიორგი ბერიაშვილი, გრიგოლ დოლიძე, გიორგი გურული (“ტორპედოდან”), კონსტანტინე გაბაშვილი (“ზიმბრუდან”), გიორგი დიასამიძე (“სასკოდან”) და ბოლოს, ახალი სახეა გიორგი გაგნიძე, რომელიც სწორედ დევდარიანის გაწვრთნილ 17-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა, ამჟამად კი 21-წლამდელებშია.
“გუნდშია ერიკ გაბარაევიც, რომელიც ბოლოს რუსეთის “სტავროპოლში” თამაშობდა” – გვითხრა დევდარიანმა. გაბარაევი 24 წლისაა, ამპლუით მცველი გახლავთ.
“დილა” კიდევ ორ ფეხბურთელთან აწარმოებს მოლაპარაკებას. დევდარიანი მათ ვინაობას ჯერ არ ამხელს. და რაც შეეხება ნუკრი რევიშვილს, როგორც იცით, ის რამდენიმე დღეა, რაც “დილაში” ვარჯიშობს, თუმცა მწვრთნელის თქმით, ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არაა, ნუკრი კლუბში დარჩება თუ არა.
რაც შეეხება მიზნებს: “ვეცდებით, ევროპის ლიგაზე თავი კარგად წარმოვაჩინოთ, მაგრამ ისიც ყველამ იცის, რომ დამანგრეველი გუნდი ორ კვირაში არ კეთდება. რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს, მიზანი სამეულში გასვლაა და ვფიქრობ, ამაში გადაჭარბებული არაფერია” – ამბობს დევდარიანი.